Belive

დამწყები ქართველი კალათბურთელის შესახებ ამერიკელი ბლოგერი საინტერესო სტატიას ავრცელებს

5 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
დამწყები ქართველი კალათბურთელის, ამიკო ხაზალიას შესახებ ამერიკელი ბლოგერი საკმაოდ საინტერესო სტატიას ავრცელებს. გთავაზობთ 18 წლის პოინტ- გარდის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის სრულ ვერსიას. ზოგიერთისათვის საქართველოდან პენსილვანიაში 18 საათიანი ფრენა, შეგუება ახალ გარემოსთან, კულტურასთან, ენასა და ცხოვრებისეულ შეხედულებებთან უდიდეს სირთულეს წარმოადგენს. "Scotland Campus Sports"-ის ახალწვეულისათვის, რომელიც აშშ-ში გამგზავრებამდე ზაზა ფაჩულიას პრესტიჟულ აკადემიაში ირიცხებოდა - ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 1.83-სმ სიმაღლის პოინტ-გარდმა ბურთის კონტროლის, პერიმეტრს გარე სროლებისა და დაცვის უბადლო შესაძლებლობები გამოავლინა. აშშ-ში გამგზავრება ამიკო ხაზალიასათვის საუკეთესო შესაძლებლობაა რათა საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო დახვეწოს და ინტენსიური ვარჯიშებით გამოცდილება აიმაღლოს. გაუმჯობესებული ბურთის კონტროლის შედეგად, ხაზალიას პარკეტზე ყოფნა თანაგუნდელთათვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ხაზალია თანდათან უკეთ ეგუება ამერიკული თამაშის უპირატესობებს. "აშშ-ში დამკვიდრებული სათამაშო სტილი რადიკალურად განსხვავებულია იმ ქვეყნისაგან საიდანაც მოვდივარ. აქ ყველაფერი სისწრაფეზეა გათვლილი. თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. აშშ-ში ჩამოსვლა და თამაში ყოველთვის ოცნებად მქონდა. ამასთანავე, ყოველთის მსურდა საკუთარი თავის გამოცდა - რამდენად კარგი ვიყავი და შევძლებდი თუ არა ჩემი თამაშის ახალ დონეზე აყვანას", - აღნიშნა ამიკო ხაზალიამ. მთავარი მწვრთნელის, ბლეიკ კინგსლის მიერ დანერგილი დაცვითი სტილის ათვისების შემდეგ - ამიკო ხაზალიამ აღნიშნულ კომპონენტში მკვეთრი პროგრესი განიცადა. დაცვის ორივე პოზიციაზე თამაშში და პრესინგში ამიკოს საგრძნობი მატება აქვს. ამასთანავე, იგი გაცილებით უფრო კომუნიკაბელური და ვოკალური გახდა - რაც მის თამაშზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება. "გავიზარდე იმ ყველაფრის გააზრებაში თუ რა უპირატესობას მაძლევს დაცვა. ეს ყველაფერი გადაწყვეტილების მიღებაში მეხმარება. ახლა უკეთ ვიცი თუ როდისაა უმჯობესი პასის გაცემა, ან ნაბიჯის გადადგმა და სროლა", - ციტირებს ხაზალიას სიტყვებს ზაკ სმარტი. "Scotland Campus Sports"-ში ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების შედეგად, ხაზალია გაცილებით უფრო ძლიერი დამცველი გახდა, რომელიც იდეალურად აკონტროლებს პერიმეტრს. "მას აქვს წარმოუდგენელი მისწრაფება იმისათვის, რომ მაღალი დონის კალათბურთელი გახდეს. იგი აცნობიერებს, რომ წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. ხაზალია თამაშის ყველა ასპექტში პროგრესირებს. აუცილებლად ამ ტემპით უნდა განაგრძოს", - აღნიშნა ბლეიკ კინგსლიმ. ამიკო ხაზალია "Scotland Campus Sports"-ის საერთაშორისო პროექტის წევრია. მასთან ერთად გუნდში ავსტრალიელი მცველი - ლუის ბლიჩმორი, ავსტრალიელი ფორვარდი - აიმი ციზა და ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ესტონელი პოინტ-გარდი - იოჰანეს კირსიპუ ირიცხებიან. "Scotland Campus Sports"-ში ხაზალიას შესაძლებლობა მიეცა ბავშვობის მეგობარ და თანაგუნდელ, ლუკა წურწუმიასთან ერთად ეასპარეზა.

სხვა სტატიები