Belive

დიდი ალბათობით ევრობასკეტ 2022-ზე თბილისში საქართველო-რუსეთის მატჩს ვიხილავთ

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
როგორც ცნობილია  საქართველო ევრობასკეტ 2022-ის მასპინძელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთია - ტურნირს ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს, ესენია: იტალია, ჩეხეთი, გერმანია და საქართველო. მასპინძელ ქვეყნებს აქვთ პრივილეგია, რომ აირჩიონ ერთი ქვეყანა, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე საკუთარ კალათაში მოახვედრებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ.
“ან უნდა ავირჩიოთ ისეთი ქვეყნის ნაკრები, რომელიც დიდ თანხას დახარჯვას ჩვენს ქვეყანაში, ან ისეთი, რომელსაც აუცილებლად მოვუგებთ”, – აცხადებს ბოისა.

ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია: გეგმის მიხედვით, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია საკუთარ არჩევანს ლიეტუვის ეროვნულ ნაკრებზე აპირებდა, თუმცა როგორც ჩანს მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ისინი ევრობასკეტ 2022-ზე გერმანიის ჯგუფში იასპარეზებენ.
"დიდი სიამოვნებით გატყობინებთ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას გერმანიის კალათბურთის ფედერაციასთან. გავითვალისწინეთ რომ ფინალურ ეტაპს სწორედ გერმანია უმასპინძლებს და გულშემატკივრებისათვის გადაადგილება გაცილებით მარტივი იქნება", - აცხადებს ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.
წინასწარი ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრები 30 მარტს გასამართი წილისყრის დროს, მე-4 კალათაში იქნება, ხოლო მეორე კალათაში იტალია, რუსეთი, ლიეტუვა და ჩეხეთი არიან წარმოდგენილნი. ამრიგად, რადგანაც იტალია და ჩეხეთი ტურნირის მასპინძელ ქვეყნებს შორის არიან და საქართველოს მსგავსად საკუთარ ჯგუფს შინაურ არენებზე უმასპინძლებენ, ხოლო ზემოთხსენებული ცნობის თანახმად გერმანიამ და ლიეტუვამ მიაღწიეს შეთანხმება, რომ ერთ ჯგუფში იასპარეზებენ, გამოდის რომ დიდი ალბათობით ჩვენს ქვეყანას მეტოქედ რუსეთის ეროვნული ნაკრები დარჩება. ცნობისთვის, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებსა და რუსეთის ნაკრებს შორის ბოლო შეხვედრა, 2016 წლის 14 აგვისტოს თბილისის მერიის თასზე, სპორტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 86:86 დასრულდა, ოვერტაიმში კი რუსებმა 3-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს და საბოლოო ანგარიში - 97:100 დაფიქსირდა.

სხვა სტატიები