Belive

დონჩიჩი საქართველოს მატჩს ეხმაურება და FIBA-ს ცვლილებებისკენ მოუწოდებს!

1 წლის წინ კალათბურთი
3 წთ

ტრავმის მიღების მაღალი საშიშროებიდან გამომდინარე, ლუკა დონჩიჩი FIBA-ს ევრობასკეტის პროგრამის შეცვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ცვლილებები აუცილებელია.

დონჩიჩი გახდა მეორე ვარსკვლავი, რომელმაც არსებული პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრა. პიონერი საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი ევან ფურნიე აღმოჩნდა, რომელმაც FIBA-ს ევრობასკეტის პროგრამის შეცვლისკენ მოუწოდა, რათა მოთამაშეებმა მატჩიდან მატჩამდე დასვენება შეძლონ. ზოგჯერ კალათბურთელებს 24 საათზე ნაკლები აქვთ, რომ შემდეგი შეხვედრისთვის ძალები აღიდგინონ.

Eurohoops-თან საუბარში, დონჩიჩმა სრულად გაიზიარა ფურნიეს მოსაზრება და აღნიშნა, რომ კალათბურთელებს 5 დღეში 4 მატჩის გამართვა უწევთ, რაც ტრავმის მიღების საშიშროებას ზრდის. პარალელურად, დონჩიჩი საორგანიზაციო კუთხით დაფიქსირებულ დარღვევებსაც შეეხო.

"5 დღის განმავლობაში 4 მატჩის გამართვა გვიწევს. შეიძლება ითქვას, რომ გუშინ 24 საათის განმავლობაში 2 მატჩის ჩატარება მოგვიხდა. რა თქმა უნდა, ეს ყველასათვის რთულია და უნდა გამოსწორდეს. ყველას ამ გრაფიკით უწევს თამაში და დასასვენებლად მცირე დრო გვეძლევა. ეს არის დიდი პრობლემა, რომელმაც შესაძლოა ტრავმიანობა გამოიწვიოს - შესაძლოა ტრავმები მრავლად ვიხილოთ. განსაკუთრებით კლუბები იქნებიან ამ ყველაფრით უკმაყოფილო. ფურნიეს ვეთანხმები, მეტი დასვენება ყველასათვის სასარგებლო იქნება".


121212

"დალასისა" და სლოვენიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ლიდერი საორგანიზაციო კუთხით დაფიქსირებულ შეცდომებსაც გამოეხმაურა და მათი აღკვეთა ითხოვა. დონჩიჩმა თურქეთისა და საქართველოს მატჩზე მომხდარი ინციდენტი და ლიეტუვასა და გერმანიის მატჩში დაფიქსირებული შეცდომა აღნიშნა.

"ვფიქრობ ყველამ ვნახეთ რაც მოხდა. გუშინ, თურქეთის მატჩის დროს დაფიქსირებული შეცდომა, ასევე ლიეტუვას მატჩში ტექნიკური ჯარიმის დროს მომხდარი გაუგებრობა. კიდევ ბევრი რამ მოხდა. FIBA-მ ეს ყველაფერი უნდა აღკვეთოს - სხვა არაფრის თქმა შემიძლია".

შეგახსენებთ, თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირების დროს, მსაჯებს ტაბლოს გაჩერება დაავიწყდათ, რის შედეგადაც 22 წამი დაიკარგა. ხოლო ლიეტუვასა და გერმანიის მატჩის დროს, ტექნიკური ჯარიმის გამო, ლიეტუველებს 1 სროლა უნდა შეესრულებინათ, რომელიც მსაჯებთან ერთად, თავად ლიეტუველებსაც გამორჩათ.

უსიამოვნება შეემთხვა სლოვენიის ნაკრებსაც, რომლის წევრებიც ავტობუსის დაგვიანების გამო, მატჩზე ტაქსით წავიდნენ.

სხვა სტატიები