Belive

FIBA | ახალ არენაზე გამართულ სადებიუტო მატჩში, საქართველომ ესპანეთი დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
5 წთ

4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 67:67 დასრულდა. შენგელიამ თამაშში 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ეპოქალურ გამარჯვებას მიეძღვნა. საქართველომ შეძლო სასწაულის მოხდენა და დაძაბულ შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. თბილისი (საქართველო) - საქართველომ ახალი არენის ("თბილისი არენა") გახსნა 8500 გულშემატკივრის თანდასწრებით აღნიშნა და სადებიუტო შეხვედრაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა. ევრობასკეტის თანამასპინძელმა საქართველომ, დრამატულ დაპირისპირებაში, დამატებით ტაიმში გაიმარჯვა (82:76). აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ესპანეთი პირველად დამარცხდა. საქართველოს ნაკრებიდან გამოსარჩევი, თორნიკე შენგელიას თამაში იყო, რომელმაც გუნდს 35 წუთში, 12 ქულა, 10 მოხსნა და 7 ასისტი შესძინა. შეიძლება ითქვას, რომ შენგელიამ გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო. ასევე გამორჩეული მატჩი ჩაატარეს შერმადინმა (18 ქულა) და ანდრონიკაშვილმა (17 ქულა). ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე პერფორმანსი, ბოლო წუთებსა და დამატებით ტაიმში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

"ჩვენ, ვიცოდით, რომ ბევრი გვქონდა გასაკეთებელი არამხოლოდ უკრაინის ნაკრებთან მარცხის, არამედ ესპანელებთან სტუმრად 20 ქულაზე მეტი სხვაობით წაგებული შეხვედრის შემდეგაც. გვინდოდა, რომ აქ, სახლში, ჩვენს ახალ დარბაზში პირველ საშინაო მატჩში გაგვემარჯვა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მოგვეპოვებინა ეს გამარჯვება. ვამაყობ ჩვენი გუნდით, სამწვრთნელო შტაბითა და ნაკრების მთელი შემადგენლობით. ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით", – აღნიშნა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე თორნიკე შენგელიამ.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი სერჯიო სკარიოლომაც შეაქო. შენგელიას ბრწყინვალე პერფორმანსი სკარიოლოს უყურადღებოდ არ დარჩენია. აღსანიშნავია, რომ სკარიოლო "ვირტუს ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებს - გუნდის, რომელშიც შენგელია ასპარეზობს და იტალიურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, უახლოეს დღეებში კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს.
"თოკომ ჭკვიანურად ითამაშა. ფაქტობრივად, მას სწორედ ამას ვასწავლი. კარგად გამოიყურებოდა და მისი დამსახურება უნდა აღვნიშნოთ. ის გუნდის დიდი ლიდერია და საქართველოსთვის მისი გუნდში ყოფნა ძალიან კარგია. დიდებული გულშემატკივრობა იყო, ქომაგები საკუთარ გუნდს ამხნევებდნენ, რამაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა. ეს ძალიან მოგვეწონა და სექტემბერში აქ დაბრუნებას მოუთმენლად ველით", – განაცხადა სკარიოლომ.
საქართველოსა და ესპანეთს შორის გამართული მატჩის მე-4 პერიოდი განსაკუთრებით დრამატული გამოდგა. დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვება და სოლიდური სხვაობით დაწინაურება ვერცერთმა ნაკრებმა შეძლო - საბოლოოდ, დარიო ბრიზელამ 3-ქულიანით ანგარიში გათანაბრდა და გამარჯვებულის გამოსავლენად, დამატებითი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. ოვერტაიმში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გმირად რატი ანდრონიკაშვილი მოევლინა, რომელმაც დამატებით ტაიმში 8 ქულა დააგროვა. ასევე აღნიშვნის ღირსია ტად მაკფადენის მიერ ზუსტად შესრულებული ორი 3-ქულიანი. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უასპარეზია. ილიას ზუროსის გაწვრთნილ ნაკრებს მსოფლიო ასპარეზზე გამოსვლის იდეალური შანსი აქვს - საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო რაუნდში, საქართველო L-ჯგუფში იტალიის, ისლანდიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ იასპარეზებს.

სხვა სტატიები