Belive

გიორგი შერმადინი დაფრინავს - MVP-ის ტიტული და დიდებული მატჩი ჩემპიონთა ლიგის მატჩში

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინის წინამძღოლობით, "ტენერიფემ"  ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა ლატვიურ "ვეფ რიგას" უმასპინძლა და 77:64 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო. შერმადინმა ჩვეული და ბევრისთვის საოცნებო შედეგიანობა გამოავლინა: 23 წუთში 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, არ დაჯარიმებულა და ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. ტენერიფელთა ქართველი ცენტრი ფარქვეშ შეუჩერებელი იყო. რიგელები მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინმა 14-დან 9 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 შეადგინა და ამ შედეგთან ყველაზე ახლოს 22 ერთეულის მიმთვლელი ვეფ-ის მოთამაშე, აიზია პინეირო მივიდა. "ტენერიფელთაგან" გიორგის კვალზე 14 ქულით სასუ სალინი გამოირჩა. შეგახსენებთ, რომ "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, სადაც 16 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული. შერმადინის გუნდი თითო მოგებ-წაგებით მეორე ადგილზეა ესპანური “ბურგოსის” უკან და და ბოსნიური “იგოკეასა” და რიგის ვეფ-ის წინ. ტენერიფელები ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას 23 მარტს, შინ “იგოკეასთან” გამართავენ.

სხვა სტატიები