Belive

გოგა ბითაძე: "გრეგ ფოსტერმა ბოდიში მომიხადა, მეც მოვუბოდიშე გუნდსაც და გრეგსაც"

2 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
“ინდიანა პეისერსისა” და “საკრამენტო კინგსის” მატჩის დროს გოგა ბითაძეს მისი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტთან უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. დაპირისპირების მე-3 მეოთხედში გოგა ბითაძესა და გრეგ ფოსტერს შორის შელაპარაკება მოხდა - ქართველმა ცენტრმა ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ, ფოსტერს ემოციურად მიმართა: “sit the f*** down!.” ფოსტერი გოგასკენ გაიწია კიდეც, თუმცა მხარეები გუნდის კალათბურთელებმა დაამშვიდეს. როგორც ირკვევა, ნეიტ ბიორკგრენის დამხმარემ 21 წლის ქართველ კალათბურთელს შენიშვნა დაცვაში ცუდი თამაშის გამო მისცა. თუმცა, ეპიზოდის გაანალიზების შემდეგ თვალსაჩინო გახდა, რომ შეცდომა “ინდიანას” ერთ-ერთმა ლიდერმა, დომანტას საბონისმა დაუშვა. ლიეტუველ ფორვარდს თავისი მეტოქე გაექცა, ბითაძემ კი მისი დაზღვევა ვეღარ მოასწრო.

იხილეთ ვიდეო:



აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ინდიანას მთავარმა მწვრთნელმაც:
“ინდიანას” მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ ბიორკგრენმა აღნიშნული ეპიზოდის შესახებ კომენტარი გააკეთა: “მომხდარის შესახებ ორივეს ვესაუბრე და დამატებით ლაპარაკს მათთან კიდევ ვაპირებ. მინდა გავიგო, ზუსტად რა ითქვა და როგორ ფორმაში… ისინი ძალიან ბევრს ცდილობენ, ორივე კონკურენტუნარიანია და გუნდისთვის საუკეთესო უნდათ. უბრალოდ, ემოციები ვერ გააკონტროლეს,” – თქვა ბიორკგრენმა.
“ინდიანა პეისერსმა” მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო. ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, გრეგ ფოსტერი გუნდმა 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. რაც შეეხება გოგას, მას თამაშის გამოტოვება არ მოუწევს და ფულად ჯარიმას გადაიხდის. საყურადღებოა, რომ ქართველ კალათბურთელსა და მწვრთნელს შორის მთელი სეზონის მანძილზე აქტიური სამუშაო ურთიერთობა იყო და უთანხმოების მიუხედავად, ეს ასეც გაგრძელდება. თუმცა, აშკარაა, რომ “ინდიანაში” ემოციები პიკს აღწევს, სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს შორის კი ეს პირველი გაუგებრობა არ ყოფილა. მომხდართან დაკავშირებით გოგა ბითაძემ Sixth Man-თან კომენტარი გააკეთა:
"მომხდარის გამო ფინანსურად მართლაც დამაჯარიმეს, თუმცა არც თუ ისე ბევრით. ვილაპარაკეთ გუნდმა ერთად და გრეგ ფოსტერმა ბოდიში მომიხადა, მეც მოვუბოდიშე გუნდს, პირველ რიგში, და მასაც, რა თქმა უნდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოვიპოვეთ", - აცხადებს გოგა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საკრამენტოსთან წაგებული მატჩის შემდეგ, ბითაძის გუნდმა საშინაო არენაზე "ატლანტას" უმასპინძლა და უხვქულიან შეხვედრაში, ანგარიშით - 133:126, იმარჯვეს. ქართველმა ცენტრმა საკუთარ გუნდს მხოლოდ 2 ქულა შესძინა.

სხვა სტატიები