Belive

გოგა ბითაძის ამერიკული კარიერა | რა ბედი ელის ქართველ ცენტრს

2 წლის წინ კალათბურთი
5 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ამ ეტაპისათვის უკვე 2 ქართველი კალათბურთელი ასპარეზობს - გოგა ბითაძე (ინდიანა) და სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი). გოგა ბითაძე 2019 წლის NBA-ის დრაფტის მე-18 არჩევნად "ინდიანა პეისერსმა" აიყვანა და ექსპერტების აზრით, სწორედ აქ მოხდა ყველაზე ცუდი რამ მის ამერიკულ საკალათბურთო კარიერაში.

რატომ აიყვანა ბითაძე ინდიანა პეისერსმა?



როდესაც 2019 წლის NBA-ის დრაფტზე 17 მოთამაშე აირჩიეს, მე-18 არჩევანი "ინდიანას" ჰქონდა, რომელიც ცენტრის აყვანის აუცილებლობის წინაშე არ მდგარა. პირიქით, ინდიანაპოლისელებს გუნდში ორი მაღალი დონის მოთამაშე  ჰყავდათ, რომელიც ცენტრის პოზიციაზე თამაშობს - დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი. გეგმის მიხედვით, ბითაძე "სან ანტონიოს" უნდა აეყვანა, რომელსაც ამ პოზიციაზე გაძლიერება ერთმნიშვნელოვნად სჭირდებოდა - ასეთ შემთხვევაში ბითაძის ამერიკული კარიერა სრულიად სხვანაირ ელფერს მიიღებდა. მიუხედავად ასეთი მოცემულობისა, როდესაც მე-18 არჩევანის ჯერი დადგა, "ინდიანამ" გადაწყვიტა, რომ დარჩენილ კალათბურთელებს შორის ყველაზე "მაღალფასიანი"/ღირებული მოთამაშე აეყვანათ და სწორედ აქ მოხდა ბითაძისა და "სან ანტონიოს" დამაკავშირებელი ძაფის გაწყვეტა.

პეისერსის გეგმები ბითაძესთან დაკავშირებით



ბითაძის აყვანის განზრახვა ასეთი იყო - გაეცვალათ გუნდში არსებული ორი ცენტრიდან (საბონისი & ტერნერი) ერთ-ერთი და გოგასთვის სათადარიგო ცენტრის ფუნქცია მიენიჭებინათ ან გოგას კარგი თამაშის ფონზე, თავად ქართველის გაცვლით მიეღოთ უფრო მეტი სარგებელი. ქართველი ლეგიონერის "ინდიანაში" მოხვედრის პირველი წამიდან დგას საკითხი, რომ ან საბონისი ან ტერნერი გასხვისდეს, რა თქმა უნდა, სასურველი გაცვლის პირობებით, თუმცა აღნიშნული ვერ ხერხდება, რის გამოც გოგა აწ უკვე მესამე წელია სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის. საყურადღებოა, რომ გოგა მაილს ტერნერის შემცვლელად უფრო გამოდგება, ვიდრე საბონისის ვინაიდან, ლიეტუველი კალათბურთელის როლი განსხვავებულია - დომანტასი ცენტრის ფუნქციებთან ერთად მძიმე ფორვარდის როლსაც ირგებს.

ბითაძის დაფარება ლებრონ ჯეიმსს:



პეისერსის ხელმძღვანელობა საბონისსაც და ტერნერსაც ყოველწლიურ ანაზღაურებად 18 მილიონ დოლარს უხდის, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ გუნდს რომელიმე მათგანის გასხვისება კარგ შედეგებზე გაიყვანს, თუმცა ვერცერთი გუნდისგან ვერ იღებს ზემოთხსენებულ მოთამაშეებთან დაკავშირებით სასურველ შეთავაზებას.

კონტრაქტის გახანგრძლივება


2019/20 და 2020/21 წლების სეზონში გოგა ბითაძემ "ინდიანა პეისერსისგან" ყოველწლიურ ანაზღაურებად 2.9 მილიონი დოლარი მიიღო, გასულ კვირაში კი ინდიანაპოლისელები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგნენ - გაეგრძელებინათ თუ არა გოგასთვის კონტრაქტი. გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადად 1 ნოემბერი იყო დასახელებული, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ დროზე ადრე გამოიტანა ვერდიქტი და ბითაძესთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივეს, რომლის მიხედვითაც ქართველი ცენტრი არსებულთან შედარებით გაცილებით უფრო მეტ ანაზღაურება ერგება - ახალი კონტრაქტის თანახმად, მომავალ სეზონში ბითაძე ,,ინდიანასგან” 4.7 მილიონ დოლარს მიიღებს. ამერიკულ წყაროების მიხედვით, ბითაძის შენარჩუნების მთავარი არსი კვლავ საბონისი & ტერნერის წყვილიდან ერთ-ერთის გასხვისება და ქართველისათვის უფრო მნიშვნელოვანი როლის მიცემაა, რაც როგორც მის სათამაშო დროზე, ასევე თამაშის ხარისხზეც აისახება, თუმცა რამდენად გამოვა ეს ყველაფერი - ცალკე საკითხია... მარტივად რომ ვთქვათ, ბითაძე "არასწორ" გუნდშია. ასევე ექსპერტების შეფასებით, წელს, ზამთარში, "ინდიანა" ბითაძეს რომელიმე მნიშვნელოვან გაცვლაში "მოაყოლებს", თუმცა იქამდე, პირველ რიგში, დომანტასის (და არა ტერნერის) გასხვისებას შეეცდებიან.

მესამე სეზონი NBA-ში


2019/20 წლების სეზონის სტატისტიკა:

  • შეხვედრები: 54 
  • ძირითადში დაწყებული შეხვედრები: 2
  • საშუალო დრო: 8.7 წუთი
  • საშუალო ქულა: 3.2
  • საშუალო მოხსნა: 2.0
  • საშუალო შედეგიანი გადაცემა: 0.4
  • საშუალო ჩაჭრა: 0.2
  • საშუალო დაფარება: 0.7
2020/21 წლების სეზონის სტატისტიკა:

  • შეხვედრები: 45 
  • ძირითადში დაწყებული შეხვედრები: 3
  • საშუალო დრო: 12.5 წუთი
  • საშუალო ქულა: 5.1
  • საშუალო მოხსნა: 3.3
  • საშუალო შედეგიანი გადაცემა: 0.8
  • საშუალო ჩაჭრა: 0.2
  • საშუალო დაფარება: 1.3
2021/22 წლების სეზონის სტატისტიკა:

  • შეხვედრები: 4
  • ძირითადში დაწყებული შეხვედრები: 0
  • საშუალო დრო: 7.8 წუთი
  • საშუალო ქულა: 2.3
  • საშუალო მოხსნა: 3.3
  • საშუალო შედეგიანი გადაცემა: 0.5
  • საშუალო ჩაჭრა: 0.5
  • საშუალო დაფარება: 0.5

სხვა სტატიები