Belive

"გოგა იზრდება, ის ჭკვიანი მოთამაშეა" - Forbes-ის სტატია ქართველ ცენტრზე

3 წლის წინ კალათბურთი
7 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" ცენტრს გოგა ბითაძეს Forbes-მა სტატია მიუძღვნა. 21 წლის კალათბურთელის ამერიკული კარიერის მიმოხილვის დროს ჟურნალისტი ბევრ საინტერესო თემას შეეხო. როდესაც "ინდიანას" მთავარი მწვრთნელი ნეიტ ბიორკგრენის გოგას შესახებ საუბრობს, ის ბევრჯერ იყენებს ამ ფრაზას: "ვფიქრობ, რომ მას კარგი ვერტიკალი აქვს." - ამით ამერიკელი სპეციალისტი ბითაძის დაცვას აქებს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქართველი ფარქვეშ მეტოქეს ხელს ინტენსიურად უშლის. ეს საკუთარ თავზე კარგად გამოსცადეს ზაიონ ვილიამსონმა, რუდი გობერმა და დეანდრე ჯორდანმა. ამით გოგამ გვაჩვენა თვითრწმენისა და დაცვითი უნარების გაუმჯობესება. NBA-ში გატარებულ მეორე სეზონში გოგას გაუმჯობესება გამოჩნდა. იანვრის შუა რიცხვებში, ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, ბითაძემ 12-ჯერ ითამაშა და საკუთარი ტალანტის პროგრესირება თითქმის ყველა შემთხვევაში მოახერხა. ის სტატისტიკურ ნაწილში გაუმჯობესებულ შედეგს აჩვენებს, თუმცა კიდევ მეტის მომატება შეუძლია. ქართველის გავლენა ინდიანას თამაშებზე იზრდება. "მან დიდებულად იმუშავა," - თქვა "ინდიანას" გამოცდილმა კალათბურთელმა ჯასტინ ჰოლიდეიმ.
"გოგა იცავს ბურთს ფარქვეშ, გადააადგილებს ბურთს შეტევაში და აკეთებს ყველაფერს, რაც გუნდის დასახმარებლად საჭიროა."  
ბითაძის სადებიუტო სეზონი შეუმდგარი იყო. მან ვიზის პრობლემების გამო გამოტოვა სამერ ლიგა - პირველი შესაძლებლობა ახალბედებისთვის, რათა ითამაშონ NBA-ს დონეზე. ის ინდიანაპოლისში საზაფხულო ლიგის დასრულებამდე ვერ ჩავიდა. შემდგომ, ტერფის ტრავმის გამო, პრე-სეზონის გარკვეული ნაწილი გამოტოვა. რეგულარული სეზონის მანძილზე გოგამ დაიზიანა იმავე ტერფი, მუხლი და ჰქონდა ტვინის შერყევა. მიუხედავად გამონათებებისა, ბითაძის პირველი სეზონი არ იყო ისეთი, როგორსაც "ინდიანაში" ელოდნენ. გოგა ვერ ამართლებდა დრაფტის პოზიციას. მიმდინარე სეზონში, მიუხედავად კვლავ ტრავმებისა, "ინდიანამ" საბოლოოდ იხილა ქართველის უნარებისა და ნიჭის გაუმჯობესება. გოგა აყენებს უკეთეს ბლოკებს, (ეს პირველ წელს ძალიან უჭირდა) და უკეთესია დაცვაში. ბითაძეს მეტი დრო რჩება შეტევაში ჩასართველად და პარკეტის ორივე მხარეს ნათელი წერტილია. მარტივად რომ ვთქვათ, ის უბრალოდ უკეთესი მოთამაშეა.
"ამ სეზონში კონცენტრირებული დაცვაზე ვარ. ვცდილობ, რომ იმდენჯერ გავაჩერო მეტოქე, რამდენჯერაც ამის შესაძლებლობა მოედანზე ყოფნისას მომეცემა. ვცდილობ ვიყო აქტიური დაცვაში," - ამბობს გოგა.
"პეისერსმა" სეზონის წინ ბითაძეს კონტრაქტი კიდევ გაუხანგძლივა და გუნდში ქართველი მინიმუმ 2022 წლამდე იქნება. ეს მარტივი გადაწყვეტილებაა - ბითაძის შენარჩუნება და მისი განვითარება გუნდის მიზანია. ერთ-ერთი მთავარო კრიტიკა, რაც წინა მწვრთნელის ნეიტ მაკმილანის მიმართ ისმოდა, იყო, რომ ის ახალგაზრდა მოთამაშეებს, მათ შორის ბითაძეს, თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევდა. ვეტერანებთან შედარებით ახალბედებს შეცდომების დაშვების უფლება არ ჰქონდათ. ახალი მწვრთნელის ნეიტ ბიორკგრენის  ხელმძღვანელობით ეს ხშირად აღარ ხდება. 12-დან 7 შემთხვევაში გოგამ 10 წუთზე მეტი დრო მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბითაძე ხშირად იცვლება, მაინც არის მომენტები, როდესაც ის თამაშის აქტიურ ფაზაში მონაწილეობს. ეს კი ქართველის გაუმჯობესებას აჩქარებს. იმის ცოდნა, რომ გოგას შანსი ყველა თამაშში მიეცემა, ეხმარება მას დარჩეს კონცენტრირებული.
მუდამ თვითდაჯერებული ბითაძე ფიქრობს, რომ მეტი პრაქტიკის შემთხვევაში ის უკეთესი გახდება: "რაც მეტ დროს მივიღებ, მგონია, რომ უფრო კარგი ვიქნები, ვითამაშებ უკეთესად, უკეთესად და უკეთესად."
ახალი მწვრთნელის გამოჩენისთანავე "ინდიანას" სათამაშო სტილი შეტევაში რადიკალურად შეიცვალა. გოგამ კი ამას ალღო მარტივად აუღო.
"ასეთი სწრაფი შეტევების დროს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ბურთის მოძრაობა, სამქულიანების სროლა ჩვენთვის ძალიან საჭიროა. გოგა შესანიშნავად გამოიყურება და თამაშობს თავის თამაშს. მას მინდა ვუთხრა, რომ სუპერ საქმეს აკეთებს, უბრალოდ არ დანებდეს მაშინ, როდესაც რაღაც კარგად არ მიდის. იცით, როდესაც ის აფუჭებს სროლას ან მოხსნას, უნდა გააგრძელოს ბრძოლა," - ჯასტინ ჰოლიდეი.
ჰოლიდეის მსგავსად ფიქრობს ნეიტ ბიორკგრენის და ამიტომაც აძლევს ის ბითაძეს მეტ პრაქტიკას: "სივრცეებს კარგად ითვისებს," - თქვა "ინდიანას" მწვრთნელმა გოგას მიერ "ნიუ ორლეანსთან" ჩატარებული სეზონის საუკეთესო თამაშის შემდეგ.
"როდესაც პერიმეტრზე ადის, კარგ "სქრინებს" აყენებს, ხოლო სამწამიანში სივრცეებს იყენებს, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია, რომ უფრო მარტივად შევუტიოთ, სადაც ის ბურთის ჩასაგდებად, ან მის მოსახსნელად არის. მას აქვს უნარი და ამას აკეთებს კიდეც," - ამბობს ინდიანას მწვრთნელი.
21 წლის ცენტრმა აღნიშნა, რომ NBA-ის სიჩქარეებთან გამკლავება უჭირდა, ეს კი მისი თამაშის ყურების დროს თვალშისაცემი იყო. ახლა, მეორე წელს, ბითაძეს შეუძლია წაიკითხოს ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება და მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები, რაც გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება. გოგა საკუთარი პოზიციის მიღმა იშვიათად რჩება და ახლა უფრო მეტად ჰგავს NBA-ს მოთამაშეს.
"ჩემი მთავარი მიზანია, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს, დავეხმარო გუნდს მოგებაში. რაც შეეხება შეტევითი უნარების განვითარებას, მინდა, რომ დავაყენო კარგი "სქრინები" და ვიყო უფრო მობილური, " - თქვა ბითაძემ.
გაზრდის ზედა ზღვარის მიღწევამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. დრაფტზე არჩევამდე შორეულ სროლებს უქებდნენ, მაგრამ ეს NBA-ში ჯერ ვერ აჩვენა. რაც შეეხება დაცვას, აქ კიდევ ბევრს სწავლობს. მაილს ტერნერის, როგორც მენტორის გამოყენებით, გოგას კიდევ განვითარება შეუძლია. მაგალითისთვის, როდესაც ბითაძე კარგად იცავს სამწამიანს, პერიმეტრს ისე სწრაფად ვეღარ კეტავს.
"მოძრაობს, აკეთებს სქრინებს, ცდილობს მოიგოს ფიზიკური ორთაბრძოლები და დაიცვას სამწამიანი. ეს ყველაფერი პლუსია," - თქვა "პეისერსის" მთავარმა მწვრთნელმა. "ვფიქრობ, რომ ამ სეზონში კარგად ვთამაშობ, თუმცა კიდევ მეტის გაკეთება შემიძლია," - გოგა ბითაძე.
მთავარია, ქართველმა იცის, რომ განვითარება კიდევ საჭირია. ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა და ყველაფერს მარტივად ითვისებს. შესაძლებლობების მიღებასთან ერთად, ბითაძე კიდევ უფრო განვითარდება. არის რაღაცები, რისი განვითარებაც გოგას პირველ რაუნდში არჩევის გასამართლებლად სჭირდება. ყველა შემთხვევაში, მეორე სეზონმა ფანებს იმედი ჩაუსახა, რომ გოგა მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება და ეს ასეც იქნება.  

სხვა სტატიები