Belive

გრეგ პოპოვიჩი - დამსახურებული ლეგენდა თუ იღბლიანი გენიოსი?

3 წლის წინ კალათბურთი
5 წთ
გრეგ პოპოვიჩი ზედმეტად გაპიარებული მწვრთნელია კალათბურთის ისტორიაში? ამ კითხვაზე გულშემატკივართა უმრავლესობა აღშფოთდება კიდეც, მაგრამ, მოდით, ჩავუღრმავდეთ და, ასე ვთქვათ, სტერეოტიპის დამსხვრევა ვცადოთ. ბუნებრივია, ბლოგში არაა იმაზე საუბარი, რომ გრეგი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი არაა, მაგრამ ზედმეტი პიარია ის ფაქტი, როცა ზე დარწმუნებით, ცალსახად და დაუფიქრებლად ამბობენ, რომ პოპოვიჩი, როგორც მწვრთნელი, ფილ ჯექსონზე, რედ აურბახზე, პატ რაილიზე წინ დგას ისტორიაში, ყველა ვხედავთ, რამდენად უჩვეულო პროცესი ხდება სან ანტონიო სპერსში, როდესაც კალათბურთელები, რომლებიც, უბრალოდ, არაფერს წარმოადგენდნენ (ცოტა, უტრირება რომ ვიხმაროთ), ხდებიან ძალიან დიდი როლის და შესაძლებლობების მქონეები გუნდში. ზედაპირულად და მეტიც, სიღრმისეულად თუ შევხედავთ, მარტივად დავასკვნით, რომ ამ ყველაფერს, სწორედ, პოპო ახერხებს, თუმცა, დეტალებზე ჩაძიება სულ სხვა გზით წაგვიყვანს. სანამ ამ ყველაფერს მიმოვიხილავთ, პოპოვიჩის მეთოდი აღვწეროთ, რომელიც უმარტივესია: თითოეულ მოთამაშეს ეძლევა ის როლი, რაც საუკეთესოდ გამოსდის, მაგრამ ვაღიაროთ, ეს არის უტოპიური მიდგომა და პრაქტიკაში, მხოლოდ, კიბორგებს გააკეთებინებ იგივეს.

მაშინ რა ხდება?

ხდება შემდეგი - სან ანტონიო სპერსს ჰყავს კალათბურთის არსებობის ისტორიაში საუკეთესო "მოთამაშის განმავითარებელი სისტემა", რომლის შესახებ პუბლიკამ, ფაქტობროვად, არაფერი იცის. ეს არის გაერთიანება, რომელიც არსად ჩანს, თუმცა, რეალურად, მთავარი ფაქტორიც კია სპერსის წარმატებაში. საკალათბურთო საზოგადოება რას შვება ამ დროს? - გრეგ პოპოვიჩს აწერს მთელ წარმატებას, რადგან, როგორც, უკვე, წაიკითხეთ, ხსენებული სისტემის ეფექტურობაზე ძალიან მცირე მათგანს აქვს ინფორმაცია.

როდიდან დაიწყო გუნდის წარმატება და როდის დასრულდა?

დაიწყო მაშინ, როდესაც ორი გენიოსი ერთად მოხვდა საათივით აწყობილ გუნდში - ტიმ დანკანი და მანუ ჯინობილი (ვერ დავუკარგავთ გარჯას ტონი პარკერს, კავაი ლეონარდს და ადმირალს რობინსონს, მაგრამ ის ორი ერთად, უბრალოდ...) რა მოხდა მას მერე, რაც წავიდნენ ტიმი და მანუ? - დასრულდა სპერსის წარმატებაც. შეგიძლიათ, დააკვირდეთ. გრეგ პოპოვიჩის პასუხისმგებლობა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე: გახსოვთ, რა მოხდა აღნიშნულ ტურნირზე? მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკელებმა მათთვის სამარცხვინოდ წააგეს. გასაგებია, მაშინდელი აშშ არ იყო ის გუნდი, რაც უნდა ყოფილიყო, მეტიც, გაცილებით სუსტი შემადგენლობით გახლდათ წარმოდგენილი, ვიდრე - მანამდე, მაგრამ, უბრალოდ, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ სხვებზე ერთი თავით მაღლა მდგომი ხალხით იყო დაკომპლექტებული, მაინც. რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც ,,ტიტანების" ნაკრების კრახი განაპირობა? - სტრატეგია. კი, ზუსტად - სტრატეგია, რომელიც არასოდეს ყოფილა ,,ამერიკული". ეს ნიშნავს, რომ გრეგ პოპოვიჩმა ევროპული ქვეყნების ევროპულ შემადგენლობებს დაუპირისპირა, ისევ, ევროპული სტილი და იფიქრა, რომ ამას NBA-ის ათლეტები ეფექტურად შეძლებდნენ (რეალურად, ასე მოქმედებს სან ანტონიო სპერსი წლებია), თუმცა, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, როგორ არ გაითვალისწინა ლეგენდარულმა პოპომ, რომ ეს სტილი ამერიკელებს მათ მთავარ ნიშას სრულად წაართმევდა? ეს გახლავთ ინდივიდუალური შეტევა და, სწორედ, ამ კრიტერიუმთან კომბინაციით შემდგარ სტრაგეგიას უპირისპირებდა მაიკ კრიჟევსკი (აშშ-ის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი), ყოველთვის, მთელ მსოფლიოს. ეს კი, შედეგს დებდა.
რაც არ უნდა ძლიერი შემადგენლობა გყავდეს, ევროპელებს მათზე ეფექტურად ვერ დაუპირისპირებ იმ სტილს, რომელსაც წლებია, თამაშობენ. რატომ თამაშობენ? იმიტომ, რომ ინდივიდუალიზმი იმ დონეზე არ აქვთ, როგორც - NBA-ის ვარსკვლავებს. ფიქრობთ, რომ პოსტში გრეგ პოპოვიჩია გაკრიტიკებული? არა, რა თქმა უნდა, ის, უბრალოდ, გენიალურია და წარმატება უფრო მეტი აქვს, ვიდრე - წარუმატებლობა. აქ იმაზეა აქცენტი, რომ როდესაც ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელებს ვასახელებთ, გრეგისთვის უდავოდ საუკეთესოს სტატუსის მინიჭების დროს, ცოტა, უნდა დავფიქრდეთ. მითუმეტეს, მაშინ, როცა ისტორიას ახსოვს ზემოხსენებული სპეციალისტები. ვერც მათ გავამტყუნებთ, რომელთათვისაც ეს კაცი საუკეთესოა, თუმცა, როგორც უკვე წაიკითხეთ, ამის ცალსახად მტკიცება აშკარა არაკომპეტენტურობაა, თუნდაც - დილეტანტურ დონეზე. მოკლედ, გრეგის გენიოსობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ, იქნებ, ისეთი საოცრება სულაც არ არის, როგორადაც გულშემატკივართა უმრავლესობა მიიჩნევს და ერთგვარი სტერეოტიპი შეიქმნა? იქნებ, იღბალმაც არა ერთი დეტალი განაპირობა? აბა, დაფიქრდით.

ავტორი: პაატა წამალაშვილი

სხვა სტატიები