Belive

გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა - სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
პაატა გურასპაულმა და ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ცნობილი გახდა, რომ გურასპაულმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
"კალათბურთის ოჯახი ერთიანია, ერთ მუშტად შეკრული. ყველას მიზანია, სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს. სწორედ ამ გუნდის წევრები ვართ მე და სანიკიძე. მე და ვიქტორ სანიკიძე დავსხედით და გადავწყვიტეთ, მომავალ არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით და ერთი კანდიდატით. ეს კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე. ჩემთვის რომელიმე თანამდებობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ამ ადამიანთან ვრჩები და ძალებს არ დავიშურებ, რომ კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული იყოს", - აღნიშნა გურასპაულმა. 
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ვიქტორ სანიკიძე 1 დეკემბერს დარეგისტრირდა. შეგახსენებთ, პაატა გურასპაულის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველომ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ევრობასკეტი 2022 ოთხ ქვეყანაში (საქართველო, გერმანია, იტალია, ჩეხეთი) გაიმართება. თბილისი A-ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტი თბილისში, მსოფლიო ჩემპიონის მატჩით იხსნება. 1 სექტემბერს, 15:30 საათზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ბულგარეთს დაუპირისპირდება. ევრობასკეტის პირველ დღეს  A და B ჯგუფების მატჩები თბილისსა და კიოლნში გაიმართება. C და D ჯგუფის მატჩებს მილანი და პრაღა 2 სექტემბერს უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, 1 სექტემბერს ბელგიას დაუპირისპირდება, 3 სექტემბერს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს (ესპანეთი) შეებრძოლება, ხოლო 4 სექტემბერს თურქეთს დაუპირისპირდება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები 6 სექტემბერს ბულგარეთის, ხოლო 7-ში რუსეთის დამარცხებას შეეცდება. წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები