საქართველოს სუპერლიგის ALL STAR 2020 ხაშურში ჩატარდება

საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას წელს ხაშური უმასპინძლებს. ამით ოლ სტარის რეგიონებში ჩატარების ტრადიცია გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება. ბოლო წლებში ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია ქუთაისში ტარდებოდა და წელს მისი ხაშურში ჩატარება ამ ქალაქში ახალი სპორტკომპლექსის აშენების შემდეგ გადაწყდა.

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციის ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრი, შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის ფედერაცია და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია. ოლ სტარი 2020-ისთვის სასტარტო ხუთეულები კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, ხოლო სათადარიგოები და საკუთარი ასისტენტები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს.

ყველა ვარსკვლავის მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი მოთამაშეებისგან და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან. ტრადიციისამებრ, ვარსკვლავების მატჩთან ერთად გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში). სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას სუპერლიგის პირველი წრის შედეგებით 6 საუკეთესო მოთამაშე – საბა ლობჯანიძე (რუსთავი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), სანდრო სანაძე (თსუ), გიორგი ვახანია (ვერა), ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი), რევაზ ჩაჩანიძე (ბათუმი)– მიიღებს, ხოლო ჩატენვების კონკურსის მოგებას 3 პრედეტენტი ეცდება – ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), კოლინ მალკოლმი (ბათუმი) და ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი).

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციის ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული ხაშურის ახალი სპორტკომპლექსის ადმინისტრაცია. დარბაზში მოსულ გულშემატკივარს სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეების მატჩისა და კონკურსების გარდა სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრის ყურების საშუალებაც ექნება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მომავალშიც გააგრძელებს ოლ სტარის რეგიონებში ჩატარების ტრადიციას, რისი ხელშემწყობი პირობაც სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე და დასრულებული დარბაზების მშენებლობაა.

ხაშურის სპორტკომპლექსში ყველა ვარსკვლავის მატჩი აქცია 29 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.

გამოკითხვის შედეგად მოწინააღმდეგე გუნდების ხუთეულები შეირჩა, ხოლო სათადარიგოები მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს:

საქართველოს სუპერლიგის ALL STAR 2020 ხაშურში ჩატარდება 1

წყარო: GBF (საქართველოს კალათბურთის ფედერაცია)

(263)

საქართველოს სუპერლიგის ALL STAR 2020 ხაშურში ჩატარდება

სტატიის ავტორი
-