Belive

ისრაელი - საქართველო, საკალათბურთო ნაკრების უკანასკნელი შანსი? (პრევიუ)

5 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
13 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ისრაელი - საქართველოს დაუპირისპირდება. თელ ავივში, "თელ ავივ არენაზე" გასამართი მატჩი, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისათვის უმნიშვნელოვანესია. ისრაელთან მარცხის შემთხვევაში, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს, საქართველო პრაქტიკულად დაემშვიდობება. საკვალიფიკაციო ეტაპის, L ჯგუფში - 6 ტურის შემდეგ, ისრაელი 9 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, 8 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. საკალათბურთო მიმომხილველების თვალსაზრისით, ქვეჯგუფში 3 მოგებითა და 3 წაგებით მოასპარეზე ისრაელი წყვილში გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით არ სარგებლობს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები (2:4) მარცხის შემთხვევაში, საუკეთესო სამეულში მოხვედრის შანსს პრაქტიკულად დაემშვიდობება. ამიტომაც, დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული უნდა გამოდგეს. დაცვით კომპონენტში, ისრაელი უკეთ გამოიყურება. ისრაელის საკალათბურთო ნაკრების მოწინააღმდეგე, თამაშში საშუალოდ 76.3 ქულას აგროვებს. იგივე კომპონენტში საქართველოს ოდნავ უარესი მაჩვენებელი აქვს (82.5). შეტევაში უკეთესი თამაშით, უპირატესობას საქართველო ფლობს. ქართველი კალათბურთელები, თამაშში საშუალოდ 76.7 ქულას აგროვებენ, მაშინ როდესაც ისრაელის მონაგარი 73 ქულას შეადგენს. თითქმის ანალოგიური სხვაობაა, 2 და 3 ქულიან სროლებში. ორქულიანებს ისრაელის ნაკრები გაცილებით უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით აგდებს (49.8 - 45.1). სამქულიან სროლებში კი საქართველოს ნაკრები დომინირებს (39.3 - 35.4). ფარიდან მოხსნის კომპონენტში, ისრაელი შედარებით უკეთ გამოიყურება, რაც ორ ნაკრებს შორის გამართულ უკანასკნელ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა (36 - 34). ბურთის ართმევა კი ქართველ კალათბურთელებს უკეთ ეხერხებათ (17 - 16).
  უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის წინააღმდეგ საქართველოს დადებითი ბალანსი აქვს. ორ ნაკრებს შორის გამართული უკანასკნელი 4 შეხვედრიდან, 3 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე შეხვედრა უაღრესად დრამატული გამოდგა და გამარჯვებულმა ქულათა მინიმალური სხვაობით შეძლო მეტოქის დამარცხება. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა, 2017 წლის 5 სექტემბერს, ევრობასკეტზე გამართული შეხვედრა, რომლის ძირითადი დრო ფრედ (89:89) დასრულდა - ოვერტაიმში კი საქართველომ მეტოქეს გააზრებული შეტევის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა და სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 104:91 (89:89) დაამარცხა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა თავდაპირველად 19 მოთამაშე გამოიძახა, რომელთაგან მოახლოვებული თამაშებისთვის 12 მოთამაშე შეარჩია: გიორგი ცინცაძე (8), რატი ანდრონიკაშვილი (4), დუდა სანაძე (10), მეტ ჯენინგი (22), მიხეილ ჭოჭუა (13), მერაბ ბოქოლიშვილი (18), ლევან ფაცაცია (12), მიხეილ ბერიშვილი (17), თორნიკე შენგელია (23), ილია ლონდარიძე (99), გიორგი შერმადინი (9), გოგა ბითაძე (35).
ზუროსის მთავარ იმედს თორნიკე შენგელია წარმოადგენს, რომელიც თამაშში საშუალოდ 18.5 ქულასა და 10 მოხსნას აგროვებს. "ბასკონიას" ქართველი მძიმე ფორვარდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რაც ესპანური კლუბის წინა სასეზონო ამხანაგურ შეხვედრებში ნათლად გამოჩნდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში, მეტ ჯენინგის დებიუტი შედგება, ახალწვეულზე საკმაოდ დიდი იმედები მყარდება.    

სხვა სტატიები