Belive

კაირი ირვინგმა ლებრონს მოუბოდიშა

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
“ბოსტონ სელტიქსის” ერთ-ერთი ლიდერი, კაირი ირვინგი უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა. “ბოსტონი” “ორლანდოს” დრამატული მატჩი ბოსტონელთა მარცხით, ანგარიშით 103:105 დასრულდა – ირვინგის კრიტიკის მთავარი ობიექტები კი “სელტიქსის” ახალგაზრდა კალათბურთელები გახდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ირვინგმა “ბოსტონის” ახალგაზრდა კალათბურთელები გააკრიტიკა და მარცხზე პასუხისმგებლობა მათ დააკისრა. პასუხმა არ დააყოვნა – ირვინგის ბრალდებას ჯეილენ ბრაუნი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალგაზრდა კალათბურთელებისკენ თითის გაშვერა გუნდს კიდევ უფრო დააზარალებდა და უმჯობესი იქნებოდა თუ მარცხის მიზეზს გუნდის ლიდერები საკუთარ თავებში მოძებნიდნენ. 17 იანვარს, NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ბოსტონმა” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი “ტორონტო” 117:108 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ირვინგმა 27 ქულასთან ერთად მისთვის სარეკორდო 18 ასისტი მიითვალა. მოგვიანებით, კაირის ბოდიშის მოხდა მოუწია და სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. 26 წლის პოინტ გარდმა ჯერ საკუთარ თანაგუნდელებს მოუბოდიშა შემდეგ კი “კლივლენდში” ასპარეზობის პერიოდი გაიხსენა და ლებრონ ჯეიმსს სთხოვა პატიება. “ლებრონი სწორედ ის ლიდერი იყო, რომელიც მოვიდა “კლივლენდში” და გვაჩვენა თუ როგორ გავმხდარიყავით ჩემპიონები. მისთვის ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა. ძალზედ რთულია მიიღო გუნდისგან ის მაქსიმუმი, რომელსაც ითხოვ. სწორედ ეს მსურს, მინდა ვიყო ლიდერი და ჩემს თანაგუნდელებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.” “ჩემთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო მომენტი იყო, როდესაც ლებრონს დავურეკე და მოვუბოდიშე. მოვუბოდიშე იმის გამო, რომ ვიყავი ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელსაც კრიტიკის ატანა არ შეეძლო და თანაგუნდელებისგან სურდა პარკეტზე მისთვის იდეალური სიტუაციის შექმნა. უდიდეს სიმამაცეს მოითხოვს, რომ დაურეკო ვიღაცას და უთხრა – მეგობარო შენ მართალი იყავი. ახალგაზრდული ასაკის გამო არაერთი შეცდომა დავუშვი და შენგან განსხვავებით სიტუაცია სათანადოდ ვერ შევაფასე”, – აღნიშნა კაირი ირვინგმა.

სხვა სტატიები