Belive

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი - დღე II (ვიდეო)

4 წლის წინ კალათბურთი
8 წთ
ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. საქმეში აშშ, ლიტვა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი და ავსტრალია ჩაერთვნენ.

E ჯგუფი

დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონატის ნომერ პირველმა ფავორიტმა, აშშ-მ, თუმცა ქება ეკუთვნის ჩეხეთის ნაკრებსაც, რომელიც მრისხანე მეტოქეს არ შეუშინდა და დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდა გაქცევის საშუალებას.  პირველი მეოთხედის შუაწელში ჩეხები ამარცხებდნენ კიდევ ამერიკელებს, მაგრამ საბოლოო ჯამში იან ვესელის გარეშე მოასპარეზე ევროპელები უძლურნი აღმოჩნდნენ - 67:88. აშშ-ს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი 16 ქულით 2 მოხსნითა და 2 ასისტით დონოვან მიტჩელი აღმოჩნდა. კარგად იასპარეზეს ჰარისონ ბარნსმა და კემბა უოკერმაც, მათ შესაბამისად 14 და 13 ქულა დააგროვეს. ჩეხეთის ნაკრებში ყველაზე მეტად ტომაშ სატორანსკი გამოირჩა - 17 ქულა, 2 მოხსნა , 5 ასისტი. კარგად ითამაშა ვოიცეხ ჰრუბანმაც, მის ანგარიშზე 13 ქულა და 3 მოხსნა იყო. იარომირ ბოჰაჩიკმა 13 ქულას 9 მოხსნა მიამატა.  

  თურქები იაპონელებთან შეხვედრაში უდავო ფავორიტებად ითვლებოდნენ. უფუკ სარიცას შეგირდებმა საქმეს პირველივე მეოთხედიდან აქტიურად მოჰკიდეს ხელი და 28:12 მოიგეს. 16 ქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ თურქებს გამარჯვების მოპოვება აღარ გასჭირვებიათ - 86:67. გამარჯვებულებიდან ყველაზე შედეგიანი "მილოუკი ბაქსის" კალათბურთელი ერსან ილიასოვა იყო (19 ქულა , 5 მოხსნა), 17 ქულა მოგროვდა მელიჰ მაჰმუთოღლუს ანგარიშზე, 12 ქულას თითო მოხსნა და პასი წაამატა ჩედი ოსმანმა, 10 ქულა იყო ფურკან კორკმაზის ანგარიშზე. იაპონელებიდან ყველაზე შედეგიანი რუი ჰაჩიმურა იყო, რომელმაც 15 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. ასევე 15 ქულა იყო ნიკ ფაზეკაშის ანგარიშზე.  

 

F ჯგუფი

ეს ჯგუფი ბრაზილიისა და ახალი ზელანდიის შეხვედრამ გახსნა. აქ ფავორიტად ბრაზილია ითვლებოდა.უხვქულიანი შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და 4-დან 3 პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაილია, თუმცა სწორედ ის ერთი, მესამე პერიოდი აღმოჩნდა მატჩში გადამწყვეტი - სამხრეთ ამერიკელებმა მეტოქე 16 ქულით დაჯაბნეს 28:12, საბოლოოდ კი ბრაზილიამ 102:94 გაიმარჯვა. მათ რიგებში გამორჩეული ვეტერანი ლეანდრო ბარბოსა გახლდათ ვინც 22 ქულას 3 მოხსნა და 1 ასისტი დაუმატა, 15 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი იყო რაფა ლუზის ანგარიშზე. ოკეანეთის წარმომადგენლებს 19 ქულით, 6 მოხსნით და 6 ასისტით კორი ვებსტერმა ულიდერა, 16 ქულა იყო შეა ილის ანგარიშზე.  

  ვარსკვლავური შემადგენლობით მოთამაშე საბერძნეთმა ძალიან მარტივად დაამარცხა არცთუ ისე სუსტი მონტენეგრო. შესვენებაზე ანგარიში 42:16 გახლდათ და აქ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ბერძნებს გეორგიოს პრინტეზისმა ულიდერა 16 ქულითა, ბრწყინვალე იყო 21 წლის, 217 სანტიმენტრიანი ცენტრი გეორგიოს პაპაიანისი, ვინც 8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო და 15 ქულას 8 მოხსნა წაუმატა. ბერძნების მთავარმა ვარსკვლავმა იანის ანტეტოკუნმპომ მხოლოდ 16 წუთი ითამაშა და ამ დროში 10 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 ასისტი და 1 ბლოკ-შოტი დააგროვა. მონტენეგროელთა შემადგენლობაში საუკეთესო იყო ნიკოლა ვუჩევიჩი 12 ქულითა და 3 მოხსნით. მატჩის საბოლოო ანგარიშია 85:60.  

 

G ჯგუფი

ეს ჯგუფი აუტსაიდერების შეხვედრით გაიხსნა, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა - დომინიკის რესპუბლიკამ იორდანია 4 ქულით, 80:76 დაამარცხა. იორდანიელებმა პირველი ტაიმი 11 ქულით დათმეს, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში მკვეთრად გამოასწორეს და აჰმედ ალ დვაირის მეთაურობით წინაც გავიდნენ, მაგრამ დასაგვირგვინებლად ძალა აღარ ეყოთ. დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებში 15 ქულითა და 2 მოხსნით საუკეთესო იყო ვიქტორ ლიზი, 12 ქულა და 6 მოხსნა იყო ელოი ვარგასის ანგარიშზე. რაც შეეხება იორდანიის ნაკრებს, აქ აჰმედ ალ დვაირის ტიტანური შრომა უნდა გამოვყოთ - 26 წლის ცენტრმა 34 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკ-შოტი მიითვალა. 24 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი იყო დარ ტაკერის ანგარიშზე.  

  ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა ჯგუფის ორ ფავორიტს შორის. საფრანგეთისა და გერმანიის მატჩში გაქცევა გაქცევას მოსდევდა ორივე გუნდის მხრიდან და საბოლოოდ ფრანგები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ 78:74. მეორე მეოთხედის დასაწყისში ფრანგები 21:4 დაწინაურდნენ, გერმანელები მხოლოდ ამის შემდეგ მოეგნენ გონს და ჩამორჩენის დაქაჩვა დაიწყეს, მაგრამ გამარჯვებამდე მცირედი დააკლდათ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ საფრანგეთის ნაკრებს გამარჯვება ევან ფურნიემ და ამატ მბაიემ მოუტანეს. პირველმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 26 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტი. ხოლო მეორემ 4 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ 21 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. აღსანიშნავია რუდი გობერის 9 ქულა, 9 მოხსნა და 5 ბლოკ-შოტი. გერმანელებში იოჰანეს ვოიგტმანმა 5 სამქულიანი ჩააგდო და 25 ქულას, 3 მოხსნა და 4 ასისტი წაამატა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 28-ს უწია. ბუნდესნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა დენის შროდერმა 23 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 8 ასისტი მიითვალა.  

 

H ჯგუფი

დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებით დაიწყო ავსტრალიის ნაკრებმა. ანდრეი ლემანისის შეგირდების მეტოქე საკმაოდ სიმპათიური კანადის ნაკრები გახლდათ. მატჩი საკმაოდ უხვქულიანი გამოდგა. პირველი ტაიმი ავსტრალიამ 52:40 მოიგო, მაგრამ მესამე მეოთხედში კანადელებმა 37:24 იმარჯვეს და გადამწყვეტ პერიოდს მინიმალური უპირატესობით შეხვდნენ. აი აქ კი ავსტრალია შეუდარებელი იყო - 32:15 და საბოლოო ჯამში დელავედოვამ და კომპანიამ 108:92 გაიმარჯვეს. ავსტრალიის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი სწორედ ხსენებული მეთიუ დელავედოვა იყო "კლივლენდ კავალიერსის " მცველმა 24 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი მოიხვეჭა. აშშ-სთან მატჩის გმირის, პატი მილსის ანგარიშზე 15 ქულა და 6 ასისტი იყო. 16 ქულა ჩააგდო კრის გოლდინგმა, ვეტერანმა ენდრიუ ბოგუტმა კი 12 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. კანადის ნაკრებში 18 ქულა და 5 მოხსნა იყო "ორლანდო მეჯიქის" ცენტრის, ხემ ბირჩის ანგარიშზე,  16 ქულა კორი ჯოზეფმა ჩააგდო 14 კი კევინ პანგოსმა.  

  შავ დღეში ჩააგდო ლიეტუვის ნაკრებმა სენეგალი. ევროპელები მეოთხედიდან მეოთხედამდე ზრდიდნენ უპირატესობას და საბოლოოდ მეტოქე 101:47 გაანადგურეს. აღსანიშნავია რომ სენეგალელებმა 23 ცდიდან ერთადერთი სამქულიანი გამოიყენეს. საინტერესო ფაქტია ისიც რომ პირველივე ტურში უკვე 6 გუნდი გადასცდა 100-ქულიან ბარიერს, წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ზუსტად ამდენი 100+ მატჩი დაფიქსირდა მთლიანი ტურნირის მანძილზე. ლიტვის ნაკრებში ყველას მიეცა მინიმუმ 6 წუთის თამაშის საშუალება და როკას გიედრაიტისის გარდა ყველამ შეძლო ქულების დაგროვება. ამ კომპონენტით საუკეთესო სამი კალათბურთელი იყო - მანტას კალნიეტისმა, დომანტას საბონისმა და იონას ვალანჩიუნასმა 13-13 ქულა დააგროვეს რასაც ამ უკანასკნელმა 11 მოხსნაც მიუმატა და ორმაგი დუბლი შეასრულა. 12 ქულა იყო მარიუს გრიგონისის ანგარიშზე. სენეგალის ნაკრებში ვერავინ ვერ შეძლო 9 ქულის დაგროვებაც კი. მორის ნდურის, იბრაჰიმა ფაიეს და ბაბაქარ ტურეს ანგარიშზე 8-8 ქულა დაგროვდა.  

სხვა სტატიები