Belive

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – დღე III (ვიდეო)

4 წლის წინ კალათბურთი
8 წთ
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მეორე ტურმა აიღო სტარტი, ექვსმა გუნდმა კი უკვე გაინაღდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, ეს გუნდებია: არგენტინა, იტალია, პოლონეთი, რუსეთი, სერბეთი და ესპანეთი. ვიხილეთ პირველი ოვერტაიმი ჩინეთისა და პოლონეთის მატჩში, ლუის სკოლამ კი მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

A ჯგუფი

პოლონეთთან მარცხის შემდეგ მობილიზება მოახერხა ვენესუელის ნაკრებმა, ვისი მეტოქეც დღეს კოტ დ'ივუარის ნაკრები იყო. გამარჯვებული შემდეგი ეტაპისთვის ბრძოლას ბოლო ტურში განაგრძობდა, ეს მისია კი უკეთ სამხრეთ ამერიკელებმა შეასრულეს. მათ პირველი ტაიმის შემდეგ კომფორტული, 17 ქულიანი უპირატესობა შეიქმნეს და საქმე ბოლომდე მშვიდად მიიყვანეს, საბოლოოდ 87:71 ვენესუელას სასარგებლოდ. აფრიკელები დაბომბა ვენესუელელთა მცველმა ჰეისლერ გუილენმა, ვინც პოლონეთთან მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, მის ანგარიშზე 28 ქულა, 2 მოხსნა და 7 ასისტი იყო. 14 ქულა ჩააგდო ჟორნან ზამორამ, ხოლო ნესტორ კოლმენარესის ანგარიშზე 10 ქულა, 7 მოხსნა და 5 ასისტი იყო. კოტ დ'ივუარის შემადგენლობაში საუკეთესო ჩარლზ აბუო იყო 19 ქულით, დეონ ტომპსონმა 15 ქულას, 5 მოხსნა წაუმატა.  

  ძალიან საინტერესო გამოდგა მასპინძელი ჩინეთისა და პოლონეთის შეხვედრა. ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წამით ადრე ჩინეთი 3 ქულას იგებდა, თუმცა შეცდომების წყალობით მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს. მათეუშ პონიტკას ძირითად დროში შეეძლო საქმის დამთავრება, 7 წამით ადრე ბურთი ჩინელებს შემოჰქონდათ როდესაც პონიტკამ ბურთი ჩაჭრა მაგრამ ჩინელებმა ევროპელების ცხრიანს ჩატენვა არ დაანებეს და დაჯარიმდნენ, მათეუშმა პირველი ტყორცნა გამოიყენა მაგრამ მეორე საჯარიმო ვერ ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც პოლონეთი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, საბოლოოდ მათ 79:76 გაიმარჯვეს. გამარჯვებულთა რიგებში ბრწყინავდა "ლოკომოტივ ყუბანის" მსროლელი მათეუშ პონიტკა, რომელმაც 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 4 ბლოკ-შოტი მიითვალა. 22 ქულა და 4 ასისტი იყო ეიჯეი სლაგტერის ანგარიშზე. მასპინძლების რიგებში იი ჯიანლიანი გამოირჩა 24 ქულითა და 8 მოხსნით. 10 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ჟელინ ვანგმა, ხოლო ქი ჟოუს ანგარიშზე 10 ქულა და 7 მოხსნა იყო.  

 

B ჯგუფი

დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში არგენტინამ სულ სხვა კალათბურთი უჩვენა მაყურებლებს და ნიგერიის ნაკრები ბრძოლაში 94:81 დაამარცხა. ამ გამარჯვებით არგენტინა მეექვსე გუნდი გახდა ვინც მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-60 მატჩი მოიგო. კიდევ ერთი რეკორდი ლუის სკოლამ დააფიქსირა მან 23 ქულა ჩააგდო, ავსტრალიელ ენდრიუ გეიზს გადაასწორ და მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში ოსკარ შმიდტის კვალად მეორე ადგილზე გადავიდა. არგენტინელთა რიგებში საუკეთესო სწორედ ზემოთხსენებული ლუის სკოლა გახლდათ 23 ქულითა და 10 მოხსნით. 17 ქულა და 7 მოხსნა იყო პატო გარინოს ანგარიშზე, ფაკუნდო კამპაცომ 14 ქულას, 4 მოხსნა და 8 ასისტი დაუმატა. ნიგერიას 18 ქულით, 2 მოხსნით და 5 ასისტით ჯოშ ოკოგიემ ულიდერა.  

  მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა რუსეთის ნაკრებმაც. მათი მეტოქე დღეს სამხრეთ კორეა გახლდათ, რომელიც მარცხის შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველა შანსს კარგავდა. რუსებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და საბოლოო 14 ქულით, 87:73 იმარჯვეს. გამარჯვებულების რიგებში საუკეთესონი ანდრეი ვორონცევიჩი (13 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი) და ვიტალი ფრიძონი (13 ქულა, 3 ასისტი) იყვნენ. სამხრეთ კორეაში გუნა რა გამოირჩა (19 ქულა, 10 მოხსნა), 17 ქულა იყო დაესუნგ ლის ანგარიშზე.  

 

C ჯგუფი

ტუნისისა და ირანის მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო ვინ იბრძოლებდა ბოლო ტურში შემდეგი ეტაპის საგზურისთვის. ტუნისელებმა პირველი მეოთხედი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და მეტოქეს 10 ქულით 29:19 გაექცნენ. ირანელების არაერთი ცდის მიუხედავად ჩრდილოაფრიკელებმა მატჩში სასურველი შედეგის მიღწევა მოახერხეს 79:67.  შემდეგი ეტაპის საგზურის ბედს ტუნისელები პუერტო-რიკოსთან გაარკვევენ. აღსანიშნავია რომ ეს ტუნისისთვის პირველი გამარჯვება იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე. გამარჯვებულთა რიგებში ტიტანური შრომა გასწია სალაჰ მეჯრიმ, "დალას მავერიქსის" ცენტრმა 22 ქულა, 15 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 5 ბლოკ-შოტი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 38-ს! გაუტოლდა. 16 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტი იყო მაიკლ როლის ანგარიშზე, 16 ქულა ჩააგდო მაკდან ბენ რომდანემ. რაც შეეხება ირანის ნაკრებს, აქ საუკეთესო აარონ გერამიპორი იყო 18 ქულითა და 8 მოხსნით, სამმაგ დუბლამდე ორი ასისტი დააკლდა ჰამედ ჰადადის - 13 ქულა, 10 მოხსნა, 8 ასისტი.  

  მესამე მეოთხედში შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ესპანეთის ნაკრებმა. პუერტო-რიკოს საკმაოდ ძლიერ გუნდთან სერჯიო სკარიოლოს გუნდს საკმაოდ მძიმე დაპირისპირება გამოუვიდა. აღსანიშნავია რომ ევროპელებმა მატჩში მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდეს.  საბოლოოდ ესპანელებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლეს და შემდეგი ეტაპის საგზური გაიფორმეს - 73:63. ესპანელთა რიგებში საუკეთესო იყო მარკ გასოლი, მის ანგარიშზე 19 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 ასისტი და 2 ბლოკ-შოტი მოგროვდა. 17 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტი იყო რიკი რუბიოს ანგარიშზე. პუერტო-რიკოს ნაკრებს 13 ქულით, 5 მოხსნით და 4 ასისტით გიან კლაველმა ულიდერა, 11 ქულა მოგროვდა გარი ბრაუნის ანგარიშზე, წინა მატჩის გმირმა, დავიდ ჰუერტასმა მხოლოდ 7 ქულის ჩაგდება მოახერხა.  

D ჯგუფი

მარტივად გაინაღდა შემდეგი ეტაპის საგზური იტალიამ. ევროპელებმა ანგოლას ოთხივე მეოთხედი მოუგეს და საბოლოო ანგარიში 92:61 დააფიქსირეს. "ჩვენ სწორად ვითამაშეთ როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, ამან კი შედეგი მოიტანა, რითიც კმაყოფილები ვართ" - განაცხადა "აძურას" ერთ-ერთმა ლიდერმა, მარკო ბელინელიმ. იტალიელთა რიგებში საუკეთესო სწორედ ბელინელი იყო, ვინც 17 ქულას 5 მოხსნა დაუმატა. 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკ-შოტი იყო ჯეფ ბრუკსის ანგარიშზე. ასევე 11-11 ქულა იყო ავუდუ აბასისა და დანიელ ჰაკეტის ანგარიშზე, ჰაკეტმა ქულებთან ერთად 5 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრაც მიითვალა. ანგოლის ნაკრებში იანიკ მორეირა გამოირჩა 15 ქულითა და 8 მოხსნით. 12 ქულა იყო ლეონელ პაულოს ანგარიშზე, ხოლო კარლოს მორაეშმა 10 ქულა მიითვალა.  

  უმოწყალოდ გაანადგურა სერბეთის ნაკრებმა ფილიპინები. სერბების შემადგენლობაში 12-ივე კალათბურთელმა ითამაშა მინიმუმ 10 წუთი, და ყველა მათგანმა დააგროვა მინიმუმ 4 ქულა. ბალკანელებმა მეტოქე მოხსნებში 37:23 დაჯაბნეს და საბოლოო ჯამში 59 ქულის სხვაობით 126:57 გაიმარჯვეს. სერბებს ნემანია ბიელიცამ ულიდერა რომელმაც უშეცდომოდ ესროლა (4/4 ორქულიანი, 3/3 სამქულიანი. 4/4 საჯარიმო) მის ანგარიშზე საბოლოო ჯამში 20 ქულა და 3 მოხსნა იყო. 17 ქულა, 3 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა ბოგდან ბოგდანოვიჩმა. ფილიპინების რიგებში საუკეთესო ჯეიმარ პერესი იყო 16 ქულითა და 3 ასისტით, 15 ქულა დააგროვა პოლ ჯონ დალისტანმა.  

სხვა სტატიები