Belive

"კევინ დურანტმა უნდა დაარტყას მას ისე, როგორც უილ სმიტმა დაარტყა კრის როკს" | ბრუკლინის ქომაგები ირვინგის შესახებ

1 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2021/22 წლების სეზონის წინ ექსპერტები "ბრუკლინ ნეთსს" ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფავორიტად ასახელებდნენ. რეგულარული სეზონის პროცესში მოვლენები საკმაოდ ბევრჯერ შეიცვალა, "ბრუკლინის" ხელმძღვანელობამ გაცვლაც განახორციელა, სადაც გუნდს რამდენიმე კარგი კალათბურთელის სანაცვლოდ, ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა - ჯეიმს ჰარდენი გამოაკლდა. ამავდროულად, კაირი ირვინგი, რომლის კარგი თამაშიც უმეტესწილად "ბრუკლინის" წარმატების პირდაპირპროპორციულია, COVID-19-ის პროტოკოლს ვერ/არ აკმაყოფილებდა - კალათბურთელი ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო, რის გამოც რიგ შემთხვევებში თამაშის უფლება არ ეძლეოდა და ფაქტობრივად "ნახევარ განაკვეთზე" ასპარეზობდა.

"ნეთსის" გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ, ირვინგს და მის მსგავს სიტუაციაში მყოფ კალათბურთელებს, ხსენებული შეზღუდვა მოეხსნათ და სრულფასოვანი ასპარეზობის უფლება მიეცათ. მას შემდეგ, რაც ზემოთხსენებული რეგულაციები მოიხსნა, ირვინგი საკუთარ გუნდთან ერთად, საშინაო არენაზე "შარლოტს" დაუპირისპირდა, სადაც "ბრუკლინი" ანგარიშით - 110:119 დამარცხდა. გულშემატკივარი ირვინგისგან მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ელოდნენ, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეს მეტყველებს. კაირიმ პარკეტზე 40 წუთზე მეტი გაატარა, გუნდს 16 ქულით, 2 მოხსნით და 11 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან 9-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო. ჯამში კი მისი 22 მცდელობიდან მხოლოდ 6 რეალიზდა. შარლოტთან თამაშის შემდეგ, ირვინგს ჰკითხეს თუ რატომ ჰქონდა ასეთი სტატისტიკა, მისი პასუხი კი გულშემატკივრებისთვის განცვიფრების საბაბი აღმოჩნდა.

"ვისურვებდი ერთი დღით მეტი მაინც დამესვენა", - ასე უპასუხა ირვინგმა ჟურნალისტებს.
ბუნებრივია, კალათბურთის აუდიტორიისათვის კაირის ასეთი პასუხი გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება, რიგი კალათბურთელებისა მართლაც რომ გადაღლილია, თუმცა ამის თქმის არანაირი საფუძველი არ აქვს კაირი ირვინგს, რომელმაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სეზონი ფაქტობრივად სანახევროდ ჩაატარა. ამავდროულად ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც თანამედროვე კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერვარსკვლავი და ავტორიტეტული მოთამაშე კევინ დურანტი, ფაქტობრივად სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. რასაკვირველია, ასეთი პასუხის გამო, კაირის "ნეთსის" მხარდამჭერების რისხვა დაატყდა თავს.

გულშემატკივრების გამოხმაურება ირვინგის პასუხზე:


"ასეთი პასუხი თავხედობაა, თანაც მაშინ როდესაც ნახევარზე მეტი არ უთამაშია"  "კევინ დურანტმა უნდა დაარტყას მას ისე, როგორც უილ სმიტმა დაარტყა კრის როკს" "ნახევარი კაცი, ნახევარი სეზონი"  "კაირიმ იმაზე მეტი დაისვენა, ვიდრე ნებისმიერმა NBA-ს სხვა მოთამაშემ" "სამართლიანობისთვის ვიტყვი, რომ ზუსტად ასე ვამბობ, როდესაც შვებულების მერე სამსახურში ვბრუნდები" 

სხვა სტატიები