Belive

კობი ბრაიანტი და შავი მამბა | Mamba Mentality...

2 წლის წინ კალათბურთი
5 წთ
როდესაც კალათბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებზე იწყება საუბარი, ძალიან მალევე, ტვინში "კობი ბრაიანტის" სიგნალი მიდის. თუ გიყვარს სპორტი, გიყვარს ბრაიანტი, ისევე როგორც მესი, რონალდუ, ჯორდანი, ჯეიმსი, შუმახერი, ფედერერი, ჯოკოვიჩი, ნადალი და ა.შ. ბრაიანტი "შავი მამბას" მეტსახელით იყო ცნობილი, რომელიც მან თავად დაირქვა. ამერიკელი კალათბურთელისთვის ეს სახელი, უბრალო მეტსახელზე მეტი იყო - ეს იყო ალტერ-ეგო, რომელიც მან ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდისგან თავის დასაღწევად შექმნა. 2003 წელს ბრაიანტს, კოლორადოს შტატში, 19 წლის ქალზე სექსუალურ ძალადობაში ბრალი წაუყენეს. მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთელმა მის დოკუმენტურ ფილმში, სახელად "მუზა", პირდაპირ არ ახსენა ეს საქმე, მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო იმაზე საუბარს, თუ რამდენად ახლოს იყო მისი ოჯახი დაშლასთან. "ვიყავი ადამიანი, რომელიც კალათბურთს უმაღლეს დონეზე თამაშობდა და შემდგომი განვითარებისთვისაც ყველაფერი ჰქონდა, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, რა იქნებოდა მომავალში და საერთოდ, ვიქნებოდი თუ არა სამყაროს ნაწილი თუნდაც 1 წლის შემდეგ...", - ამბობს ბრაიანტი დოკუმენტურ ფილმში. ქალზე ძალადობის ფაქტიდან გამომდინარე, ერთ-ერთი შეხვედრის დროს "ბოსტონ სელტიქსის" გულშემატკივრები ბრაიანტის მიმართ დამამცირებელ შეძახილებს სკანდირებდნენ. "ყველაფერი მესმის, თითოეული ის სიტყვა, რასაც ჩემი მისამართით იძახიან", - თქვა ბრაიანტმა.

ზემოთხსენებული რთული პერიოდიდან თავის დასაღწევად ბრაიანტმა საკუთარ თავში მეორე ადამიანი შექმნა, სახელად "შავი მამბა", რასაც თავადვე ადასტურებს: "საკუთარი თავის გაყოფა მომიწია. წნეხი, რომელიც ჩემზე მოდიოდა რთულად გასაძლები იყო. "შავი მამბა" განასხვავებს კობის პირად ცხოვრებას, მისი პროფესიული ცხოვრებისგან". "კობის მოვალეობა პირად ცხოვრებაში არსებული სირთულეების გამკლავება იყო, "შავი მამბა" კი სპორტულ ანუ პროფესიულ ასპარეზზე იყო კონცენტრირებული", - განაცხადა კობიმ. ბრაიანტს იმდენად სჯეროდა მისი ალტერ-ეგოს არსებობის, რომ ხანდახან ირეალურ სამყაროშიც ცხოვრობდა, რასაც ერთი საინტერესო ისტორიაც ადასტურებს: ერთ საღამოს, კობი ბრაიანტი მის მწვრთნელ, ტიმ გროვერთან ერთად ერთ-ერთ რესტორანს სავახშმოდ ეწვია, სადაც 4-კაციანი მაგიდა აიღო - ერთ მხარეს თავად მიუსხდნენ, მეორე მხარეს კი სკამი ოდნავ გამოწია. ორ იქ მყოფ ადამიანს ეყო გამბედაობა, რომ მისულიყვნენ და ეთხოვათ დარჩენილ ორ ადგილას ჩვენ დავსხდებითო, რაზეც კობისგან უარი მიიღეს. უცნაური ის იყო, რომ სასმელი ცარიელი ადგილებისთვისაც შეუკვეთა, რომლისთვისაც წასვლამდე ხელი არავის უხლია, თუმცა როგორც გროვერი ყვება, კარგი ტეკილას დატოვება არ შეიძლება, ამიტომ, წამოსვლისას ჩუმად დაულევია. ამბიდან მალევე, კობის კითხეს თუ რატომ გააკეთა ეს, მან უპასუხა, რომ ცარიელ ადგილას "შავი მამბა" იჯდა. "იქ შავი მამბა იჯდა. იქ იყო მამბას მენტალიტეტი (Mamba Mentality)", - თქვა კობიმ.

2015 წელს აჰმად რაშადთან მიცემულ ინტერვიუში ბრაიანტმა განმარტა თუ რატომ "შავი მამბა": "როდესაც პარკეტზე ფეხს ვაბიჯებ, მე ის ვხდები. მე ვარ ის მკვლელი და ცივი გველი". კობიმ მიზანი შეასრულა, კალათბურთს კობი ბრაიანტის ნაცვლად მართლაც "შავი მამბა" თამაშობდა, კარიერის ბოლო მატჩის გამოსამშვიდობებელი სიტყვაც ასე დაასრულა - "Mamba out..."

მოგვიანებით, Nike-მა ბრაიანტთან და ლოს-ანჯელესის ბიჭების და გოგონების კლუბთან ერთად, ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგა შექმნა - სახელად "მამბა ლიგა", რათა ასობით ბავშვს ჰქონოდა თავისუფალი წვდომა სპორტზე. ასევე, კობის ხელმძღვანელობით Mamba Sports Academy შეიქმნა. 2020 წლის 26 იანვარს, ბრაიანტი მის ქალიშვილთან და შვიდ სხვა ადამიანთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, მათი გეზი სწორედ მამბას სპორტის აკადემიის მატჩისკენ იყო...

კობი ბრაიანტის ბოლო თამაში NBA-ში:



2016 წელს Nike-მა "მამბას დღე" დააარსა, რომელიც მის "პენსიაზე" გასვლას უკავშირდებოდა. როდესაც ლეგენდარული კალათბურთელი გარდაიცვალა, Nike-მა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: "ის Nike-ის ოჯახის საყვარელი წევრი იყო. ჩვენ ის ძალიან გვენატრება. მამბა უკვდავია..." სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი უნარი, რომ მათი შინაგანი მენტალიტეტია, ამას ძალიან ბევრი ფაქტი მოწმობს სპორტის ისტორიიდან, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დასტური კი მენტალობის ყველაზე ძლიერი და მყარი ვერსია - "მამბას მენტალიტეტია", რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის ირეალური სამყაროდან - 5-გზის NBA-ის ჩემპიონის გარდაცვალების შემდეგ, Mamba Mentality-ს კიდევ უფრო მეტი კალათბურთელი, ვიდრე მანამდე, გულით ატარებს...    

სხვა სტატიები