კობი ბრაიანტის ტრაგედია | რა დეტალებია ცნობილი ავიაკატასტროფიდან 1 წლის შემდეგ?

ზუსტად 1 წლის წინ, 2020 წლის 26 იანვარს მსოფლიო საშინელი ამბის მომსწრე გახდა – კალათბურთის ლეგენდა, კობი ბრაიანტი კალიფორნიაში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ავიაკატასტროფას კობი ბრაიანტის გარდა 8 ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა შორის, კობი ბრაიანტის შვილი – ჯიანაც აღმოჩნდა. ცნობილია, რომ შვეულფრენი ნისლიან ამინდში დაფრინავდა, რის შემდეგაც ის კალაბასასის მთებში ჩამოვარდა და მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი გარემოებები ცნობილია და 2021 წლის 9 თებერვალს, ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების ბორდი (NTSB) ჩატარებული გამოძიების ოფიციალურ მოხსენებას გამოაქვეყნებს.

როდესაც 2020 წლის 26 იანვარს ავიაკასტროფის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, სრულიად მსოფლიო შოკში ჩავარდა. ადამიანებს აინტერესებდათ, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, რომელმაც კობი ბრაიანტი და მასთან ერთად მყოფი 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორ? ახალგაზრდული გუნდის საკალათბურთო მატჩზე დასწრება, როგორ დასრულდა ტრაგედიით? როგორ მოხდა, რომ შვეულმფრენი, რომელსაც ბრაიანტი წლების განმავლობაში იყენებდა ჩამოვარდა? ეს ტრაგედია საერთოდ როგორ მოხდა?


კობი ბრაიანტის ტრაგედია | რა დეტალებია ცნობილი ავიაკატასტროფიდან 1 წლის შემდეგ? 1


ავიაკატასტროფიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ, ტრაგედიასთან დაკავშირებული ფაქტები – დაწყებული პილოტის გამოცდილებითა და კვალიფიკაციით, გაგრძელებული მეტერეოლოგიური პირობებითა და დასრულებული შვეულმფრენის უსაფრთხო ექსპლუატაციით, ცნობილია! შესაბამისად, საბოლოო ვერდიქტი, თუ რამ გამოიწვია ავიაკასტროფა უახლოესი კვირების განმავლობაში გამოქვეყნდება.

ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების ბორდი (NTSB) 2021 წლის 9 თებერვალს ოფიციალურ მოხსენებას გამოაქვეყნებს, რომლითაც ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ამ დროისათვის, ბორდმა ტრაგედიასთან დაკავშირებით 1852 გვერდიანი ფაქტობრივი მტკიცებულებები უკვე გამოაქვეყნა – მათ შორის ელექტრონული საფოსტო გზავნილები, ტექსტური შეტყობინებები, ფოტოები, მეტეოროლოგიური ჩანაწერები და ავიაკატასტროფის მიმდებარე ტერიტორიებიდან გადაღებული ვიდეო მასალები.

“მსგავსი კატასტროფების გამოძიება პაზლის აწყობას ჰგავს”

“მსგავსი კატასტროფების გამოძიება პაზლის აწყობას ჰგავს”, – აღნიშნა ენტონი ბრიკჰაუსმა. NTSB-ის ყოფილი გამომძიებელი, რომელიც ამჟამად ემბრი-რიდლის აერონაუტიკური უნივერსიტეტის, ავიაციის უსაფრთხოების ასოცირებული პროფესორია – გამოძიების სირთულეებზე საუბრობს.

ბრიკჰაუსის მტკიცებით, ეს არის პროცესი, რომელიც უმცირეს დეტალებზე დაკვირვებასაც მოითხოვს და პროცესი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

გამოძიება დასკვნით ფაზაშია და რამდენიმე კვირაში ოფიციალური მოხსენება გამოქვეყნდება. NTSB-ის მიერ უკვე გამოქვეყნებული დოკუმენტების შედეგად, შემდეგი გარემოებები გახდა ცნობილი.

ფრენა

დილის 8:39 საათზე, პილოტმა არა ზობაიანმა, ბრაინტის მარშრუტთან დაკავშირებით, მძღოლებს, კონსიერჟსა და შვეულმფრენის კომპანიის წარმომადგენელს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.

30 წუთის შემდეგ, შვეულმფრენი უკვე ჰაერში იყო და კამარილოსკენ მიემართებოდა, სადაც მგზავრები ახალგაზრდულ გუნდებს შორის გასამართ საკალათბურთო მატჩს უნდა დასწრებოდნენ. კობი ბრაიანტი 13 წლის ქალიშვილთან ერთად შვეულმფრენის ბორტზე იმყოფებოდა.

შვეულმფრენი ჩრდილოეთის მიმართულებით დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიფრინავდა. გლენდეილის მიდამოებში შვეულმფრენმა სიმაღლის შემცირება დაიწყო, რაზეც ავია უსაფრთხოების დისპეჩერსა და პილოტს შორის შემდგარი საუბარიც მეტყველებს.

“აპირებთ თუ არა კამარილომდე დაბალ სიმაღლეზე ფრენის გაგრძელებას?” – დისპეჩერის კითხვას პილოტმა დადებითი პასუხი გასცა.

აღნიშნული საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, სამხრეთ კალიფორნიის საჰაერო კონტროლის დისპეჩერთა სმენა შეიცვალა. შვეულმფრენმა მთაგორიანი რელიეფისკენ ფრენა განაგრძო – აღსანიშნავია, რომ კატასტროფის დროს, იმ რეგიონში მხედველობა საგრძნობლად იყო გაუარესებული.



კობი ბრაიანტის ტრაგედია | რა დეტალებია ცნობილი ავიაკატასტროფიდან 1 წლის შემდეგ? 2


როდესაც ახალი ცვლის ავიადისპეჩერი პილოტს დაუკავშირდა, ზობაიანმა განაცხადა, რომ დაახლოებით 1200 მეტრის სიმაღლეზე ღრუბლებს მიღმა მიფრინავდა – რეალურად, შვეულმფრენი არაუმეტეს 488 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, რის შემდეგად ბორცვს შეეჯახა.

“მასიური ნაცრისფერი ღრუბლები, რომლებიც დილის საათებში ხშირად იწვევენ ნისლს და მთაგორიანი რელიეფი მომაკვდინებელი კომბინაცია“, – აღნიშნა ჯეკ კრესმა, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილმა პილოტმა.

შვეულმფრენი

NBA-ის ვარსკვლავური კარიერისა და მისი დასრულების შემდეგაც, კობი ბრაიანტი ხშირად გადაადგილდებოდა შვეულმფრენით. კობი ბრაიანტი რეგულარულად სარგებლობდა Island Express-ის მომსახურებით. 2019 წელს ბრაიანტმა აღნიშნული კომპანიის შვეულმფრენით 13-ჯერ ისარგებლა.

შვეულმფრენი (Sikorsky S-76B), რომელიც ავიაკატასტროფაში მოყვა ბრაიანტისთვის საკმაოდ კარგად იყო ცნობილი. 2016 წელს, “ლეიკერსის” მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ შეხვედრაში, ბრაიანტი სწორედ აღნიშნული შვეულმფრენით მივიდა.

კრესის მტკიცებით, Sikorsky S-76B საკმაოდ პოპულარული შვეულმფრენია, რომელიც უსაფრთხოების მაქსიმალური ნორმებით გამოირჩევა. მსგავსი შვეულმფრენით, დედოფალი ელისაბეთ მეორე და არაერთი გავლენიანი კომპანიის ხელმძღვანელობა სარგებლობს.


კობი ბრაიანტის ტრაგედია | რა დეტალებია ცნობილი ავიაკატასტროფიდან 1 წლის შემდეგ? 3


“ეს შვეულმფრენები ციდან უბრალოდ არ ვარდებიან”, – განაცხადა კურტ დიტცმა, რომელიც ბრაიანტის ერთ-ერთ მოგზაურობაში ამ შვეულმფრენის პილოტი გახლდათ.

ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების ბორდმა (NTSB) ჩამოვარდნილი შვეულმფრენის დეტალური შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ შვეულმფრენის ძრავი, ფიუზელაჟი და ფრენისათვის საჭირო სხვა მოწყობილობები მწყობრიდან არ იყო გამოსული. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით საყურადღებოა ორი უმნიშვნელოვანესი დეტალის არ ქონა, რომელიც NTSB-ის მოხსენებაში მოხვდა.

შვეულმფრენი, რომლითაც ბრაიანტი გადაადგილდებოდა არ იყო აღჭურვილი ფრენის ჩამწერით (ე.წ შავი ყუთი). აღნიშნული დეტალი გამოძიებას ბევრ რამეში დაეხმარებოდა და არაერთ კითხვას გასცემდა პასუხს. შვეულმფრენს ასევე არ გააჩნდა მაფრთხილებელი სისტემა (TAWS). დაბალ სიმაღლეზე ფრენის დროს, ხმელეთთან საგანგაშო სიახლოვეზე ყოფნის შემთხვევაში, ეს მოწყობილობა პილოტს განგაშის სიგნალს გადასცემს.

მეტეოროლოგიური პირობები

ერთ-ერთი მოწმის მტკიცებით, მან დაინახა თუ როგორ გაუჩინარდა შვეულმფრენი ღრუბლებში, რის შემდეგაც ის ჩამოვარდა. მეორე მოწმე აღნიშნავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, დილის საათებში ხშირია ნისლიანობა.

“შვეულმფრენის ხმა გვესმოდა მაგრამ ვერ ვხედავდით, რადგანაც ექსტრემალური ნისლისა და დაბალ სიმაღლეზე ჩამოწოლილი ღღუბლების გამო, მხედველობის არეალი შეზღუდული გვქონდა. ჩემთვის ვფიქრობდი, ასეთ ცუდ კლიმატურ პირობებში, რატომ დაფრინავს შვეულმფრენი ასეთ დაბალ სიმაღლეზე?” – აღნიშნა მესამე მოწმემ.

NTSB-ის საგამოძიებო მსვლელობაში, მეტერეოლოგიურ პირობებს განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი და 394 გვერდიანი დასკვნაა მოცემული – მათ შორისაა სატელიტური ფოტოებიც.

ლოს ანჯელესის შერიფისა და ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტებმა განაცხადეს, რომ ნისლისა და რთული პირობების გამო, აღნიშნულ დილას მათ საკუთარი შვეულმფრენების გამოყენებაზე უარი განაცხადეს.

პილოტი

50 წლის არა ზობაიანი, ფრენით თავდაპირველად 1980-იან წლებში დაინტერესდა, როდესაც ლიბანიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. 2001 წლიდან მას შესაბამისი სერტიფიკატი გააჩნდა და 8500 საათი ფრენის გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული, მათ შორის 1250 საათი Sikorsky S-76 ტიპის შვეულმფრენზე.

დიტცის მტკიცებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მხოლოდ ის და ზობაიანი მართავდნენ შვეულმფრენს, რომლითაც ბრაიანტი სარგებლობდა. “ის ყოველთვის იყო ძალიან კარგი პილოტი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად ართმევდა თავს”, – აღნიშნა ზობაიანის ინსტრუქტორმა.

2015 წელს, გადატვირთულ საჰაერო ზოლში მფრენ ობიექტთან შესაბამისი დისტანციის დაუცველობის გამო, ზობაიანმა გაფრთხილება მიიღო.

გამოძიების ერთ-ერთ მთავარ კითხვას, ფრენის მომენტში ზობაიანის მდგომარეობა წარმოადგენს. დაკარგა თუ არა ზობაიანმა ორიენტაციის უნარი? იმოქმედა თუ არა გრავიტაციამ პილოტზე, რის შედეგადაც იგი გახდა ილუზიის (somatogravic illusion) მსხვერპლი – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზობაიანი შესაძლოა აღმოჩნდა მდგომარეობაში, რომლის დროსაც მას ეჩვენებოდა, რომ შვეულმფრენი სიმაღლეს კრეფდა, მაგრამ რეალურად შვეულმფრენი მიწისკენ მიიწევდა.

კრესი მიიჩნევს, რომ ზობაიანი შესაძლოა პროფესიონალური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა და ამიტომ გარისკა ნისლიან ამინდში ფრენა, ნაცვლად იმისა, რომ უკან მობრუნებულიყო: “იგი შესაძლოა ყოფილიყო უზომოდ დიდი პროფესიონალური ქნეხის ქვეშ – მსგავსი რამ ადრეც გამიკეთებია, მე ვიცნობ ამ რელიეფს, მე შემიძლია ამის გაკეთება. უკან მჯდომ ადამიანს სურს, რომ ეს გავაკეთო და მე ვიღონებ ყველაფერს ამის გასაკეთებლად.”

შემდგომი ნაბიჯები

NTSB-ის დასკვნას ყველა მოუთმენლად ელის. საბოლოო დასკვნა ტრაგედიის დროს განვითარებულ მოვლენებს ფარდას ახდის. აღსანიშნავია, რომ ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებმა სასამართლოში საქმე აღძრეს – ამრიგად, 9 თებერვალს გამოსაქვეყნებელი დასვკნა შესაძლოა ადვოკატებისთვის ხელჩასაჭიდ მტკიცებულებად იქცეს.


კობი ბრაიანტის ტრაგედია | რა დეტალებია ცნობილი ავიაკატასტროფიდან 1 წლის შემდეგ? 4


 

(15135)

კობი ბრაიანტის ტრაგედია | რა დეტალებია ცნობილი ავიაკატასტროფიდან 1 წლის შემდეგ?

სტატიის ავტორი
-