Belive

ლეიკერსის ყოფილი ცენტრი საჩემპიონო ბეჭდებს უკრაინის დასახმარებლად ყიდის

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი ცენტრი და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2-გზის ტრიუმფატორი - სლავა მედვედენკო საჩემპიონო ბეჭდებს აუქციონზე ყიდის. "ლეიკერსის" ყოფილი კალათბურთელი მიღებული თანხის უკრაინის დასახმარებლად გადარიცხვას გეგმავს. სლავა მედვედენკო NBA-ს გამარჯვებული 2001 და 2002 წლებში გახდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში უკრაინელი ცენტრი "ლეიკერსში" კობი ბრაიანტთან და შაკილ ო’ნილთან ერთად თამაშობდა. 43 წლის მედვედენკოს მტკიცებით, აუქციონზე მიღებულ თანხას უკრაინაში, ომის შედეგად დაზიანებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გადარიცხავს. აუქციონი 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მედვედენკო იმედოვნებს, რომ მინიმუმ 100 ათასი დოლარის მიღებას შეძლებს.
"სპორტული მოედნებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა მსურს, რადგან რუსული არმიის მხრიდან წარმოებული განუწყვეტელი დაბომბვების შედეგად, უკრაინაში ასობით სპორტული ცენტრი და სკოლა დაზიანდა. ამ სკოლების აღსადგენად, ჩვენს ქვეყანას სოლიდური თანხა დასჭირდება. ალბათ სპორტული მოედნები ერთ-ერთი უკანასკნელი იქნება, რომელსაც აღადგენენ. უკრაინაში მკაცრი ზამთარია და აუცილებელია, რომ ბავშვები დახურულ მოედნებზე ვარჯიშობდნენ. კიევში, ერთ-ერთი შენობის სახურავზე ვიდექი და ვხედავდი, როგორ მოფრინავდნენ რუსული რაკეტები. სწორედ ამ დროს, საკუთარ თავს ვკითხე: რაში მჭირდება NBA-ს საჩემპიონო ბეჭდები, რომლებსაც სეიფში ვინახავ? შეიძლება ნებისმიერ დროს დავიღუპო და ბეჭდებს ვერავინ გამოიყენებს. აუქციონზე გაყიდვით, უკრაინელ ხალხსა და ბავშვებს დავეხმარები", - აღნიშნა მედვედენკომ.

Slava-Medvedenko-2

შეგახსენებთ, უკრაინელი ცენტრი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ღირსებას 2000-01 წლების სეზონიდან იცავდა. მედვედენკოსთვის განსაკუთრებით წარმატებული 2003-04 წლების სეზონის გამოდგა, რომლის განმავლობაში საშუალოდ 8.3 ქულასა და 5.0 მოხსნას აგროვებდა.

სხვა სტატიები