Belive

"მან კიდევ ერთხელ თქვა საკუთარი სიტყვა, რომ ის წლის საუკეთესო მოთამაშეა", - სეტონ ჰოლის მწვრთნელი მამუკელაშვილზე

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ქართული კალათბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი სანდრო მამუკელაშვილი "ბიგ ისტის" კონფერენციაში ნახევარფინალურ ეტაპზე საკუთარ გუნდთან, "სეტონ ჰოლთან" ერთად ასპარეზობას განაგრძობს. ქართველი ლეგიონერის გუნდმა კონფერენცია მე-5 პოზიციაზე დაასრულა, რის ხარჯზეც პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მათი პირველი მეტოქე "სენტ ჯონსი" გახლდათ. "სენტ ჯონსისა" და "სეტონ ჰოლის" შეხვედრას ნიუ იორკის "Madison Square Garden"-მა უმასპინძლა. შეხვედრა დრამატული მიმდინარეობით გამოირჩეოდა, სადაც საბოლოო შედეგად ფრე დაფიქსირდა, ოვერტაიმის წყალობით კი "სეტონ ჰოლმა" მეტოქე გუნდს 8-ქულიანი უპირატესობით სძლია, საბოლოო ანგარიში - 77:69 დაფიქსირდა. სანდრომ საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა, რომელსაც 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუმატა. მან 45 წუთიდან მხოლოდ 1 წუთი გაატარა პარკეტს მიღმა, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს მის უდიდეს როლს "სეტონ ჰოლში".



შეხვედრის დასრულების შემდეგ სეტონ ჰოლის მწვრთნელმა, კევინ ვილარდმა, ქართველი კალათბურთელი შეაქო და შეხვედრის გამარჯვებაში მისი უდიდესი წვლილის შესახებ ისაუბრა.
"მამუკელაშვილი ფენომენალური მოთამაშეა, მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვნის ჩვენს გამარჯვებაში. მან კიდევ ერთხელ თქვა საკუთარი სიტყვა, რომ ის წლის საუკეთესო მოთამაშეა", - აცხადებს კევინ ვილარდი.
მომდევნო ეტაპზე (ნახევარფინალში) "სეტონ ჰოლი" "ჯორჯთაუნს" დაუპირისპირდება, ამ უკანასკნელებმა განთესვით პირველ პოზიციაზე მყოფი "ვილანოვა" დაძაბულ ორთაბრძოლაში, 1 ქულით დაამარცხეს.  

სხვა სტატიები