Belive

მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დურანტი, ნარკოტიკული მცენარის მოხმარებას უჭერს მხარს

1 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
კევინ დურანტი კიდევ ერთი მაღალი დონის სპორტსმენია, რომელიც მარიხუანის მოხმარების შესახებ დაწყებულ საყოველთაო დისკუსიაში ჩაერთო. NBA-ის სუპერვარსკვლავი მიიჩნევს, რომ სპორტსმენებს ნარკოტიკული მცენარის მოხმარების შესაძლობა უნდა ჰქონდეთ. სპორტის ოლიმპიური სახეობებით დაწყებული - შერეული საბრძოლო ხელოვნებით გაგრძელებული, მარიხუანის მოხმარების გამო, უამრავი სპორტსმენი დაჯარიმდა ან დისკვალიფიკაციით დაისაჯა. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა ტესტებმა, ვარსკვლავების ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი საშუალება აღმოაჩინა, რაც მათი დისკვალიფიკაციისათვის სრულებით საკმარისი აღმოჩნდა. მარიხუანის მოხმარების გამო, არა მხოლოდ სპორტსმენები - რიგითი მოქალაქეებიც აწყდებიან სხვადასხვა სახის პრობლემებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო მრავლად ჩნდება დაწესებულებები, სადაც მარიხუანის მოხმარება ლეგალურია და სულ უფრო მრავლად ჩნდება სივრცეები, სადაც ნარკოტიკული მცენარის შესახებ არსებული სტიგმის დამსხვრევაზე საუბრობენ. NBA-ის სუპერვარსკვლავი - კევინ დურანტი, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 15 წელზე მეტია ასპარეზობს, კანაფის შესახებ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და მარიხუანის მოხმარებას "ჭიქა ღვინის" დალევასთან აიგივებს. Netflix-ის პოპულარულ სატელევიზიო შოუში - დევიდ ლეტერმანთან საუბარში, კევინ დურანტმა აღიარა, რომ ინტერვიუს დროს, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის შემდეგაც მცენარის დადებითი თვისებების შესახებ ისაუბრა და სპორტში მისი გამოყენების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. კევინ დურანტი: "ჩემთვის მარიხუანა ტვინის მოდუნების იდეალური საშუალებაა - ერთგვარი განტვირთვაა. იგივეა, რაც ჭიქა ღვინის მიღება. Weedmaps-თან ვთანამშრომლობ და ვცდილობთ გამოვნახოთ გზები, რათა სპორტსმენებისა და მარიხუანას გარშემო არსებული ნარატივი შევცვალოთ". "ბევრი ადამიანისთვის საკვირველია. შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ ქალაქს (ნიუ-იორკი) და ერთ-ორ წელიწადში ყველგან იქნება დაწესებულება, სადაც მარიხუანის ყიდვას შეძლებთ, მაგრამ ახლა ადამიანებს იჭერენ იმის გამო, რომ მცირე რაოდენობით მარიხუანა გაყიდეს. სიგიჟეა, რომ ამის გამო ადამიანებს 20 წლით პატიმრობას უსჯიან". "სპორტულ სამყაროში ეს აკრძალული და ფარული იყო. მოთამაშეები მალულად იყენებდნენ მარიხუანას. ჯერ კიდევ აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაშიც აქტიურად იყენებდნენ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს საინტერესო იყო და ამაში დასამალი არაფერია - მაშინაც კი, როცა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველ ნაბიჯებს ვდგავდი. ახლა კიდევ უფრო ხშირად გვესმის საუბრები ლიგის მოთამაშეებისა და მარიხუანის მოხმარების შესახებ".

სხვა სტატიები