Belive

მწვრთნელების საინტერესო განსხვავება NBA-ში

3 წლის წინ კალათბურთი
4 წთ
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა კალათბურთელზე, თუმცა, ნაკლებად - მწვრთნელებზე. მეტიც, თუ რაიმეს ვამბობთ, როგორც წესი, ეს ზედაპირულია და გვავიწყდება, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ გადაწყვეტილებებს, ინტერპრეტაციებს, სტრატეგიებს, იმპროვიზაციებს და ა.შ. საქმე იმაშია, რომ ეს ,,პოზიცია" კალათბურთში ისეთივე კომპლექსურია და მისი ზედაპირულად განხილვა იმდენად მიუღებელია, თუ ეს სპორტი გიყვარს, რომ შევყავართ საშინელ შეცდომაში და ვვარდებით ძალიან გაუგებარ სიტუაციაში. იდეაში, თუ ჩავეძიებით, ასეთ საინტერესო დიფერენცირებას შევძლებთ: სპეციალისტი და მენეჯერი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი: სპეციალისტი არის ტექნიკური ცოდნის მქონე ტიპი, რომელიც ერკვევა სათამაშო სქემებში და აქვს კონკრეტული კონცენტრაცია, რომელიც, ძირითადად, დაცვა ან შეტევაა. მენეჯერი ინტეგრირებას ახერხებს, როგორც სათამაშო სქემების, ასევე - პერსონალის, მოთამაშეების, გენერალური მენეჯერისა და სხვა რესურსების. მაგალითად, ბიზნესში სპეციალისტია კომპანიის მთავარი ფინანსისტი, მენეჯერი კი - დირექტორი. ყველა მწვრთნელს აქვს ამ ორი როლისთვის საჭირო უნარები, მაგრამ მათ შორის პროპორციაა მნიშვნელოვანი. გენიალურ მწვრთნელებზე როცა ვსაუბრობთ, მაგალითად: პეტ რაილი, ფილ ჯექსონი, გრეგ პოპოვიჩი, რედ აურბახი და ა.შ. შეგვიძლია, ვთქვათ რომ მათ ორივე ეს მხარე ძალიან მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული, მაგრამ ყველა გენიალური მწვრთნელი არ არის. სპეციალისტები, შეიძლება ითქვას, ყველაზე კარგად, ასისტენტის თანამდებობაზე გრძნობენ თავს, რადგან არ უწევთ მთავარი გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო, მთავარ მწვრთნელებს მენეჯმენტის მართვის უნარი მოეთხოვებათ. მეტი სიმკვეთრისთვის, მაგალითისთვის ავიღოთ ლებრონ ჯეიმსის მწვრთნელები:

• მაიკ ბრაუნი - კარგი დაცვითი სპეციალისტი, მაგრამ არაფრით გამორჩეული მენეჯერი. • ერიკ სპოელსტრა - კარგი სპეციალისტი (უფრო - დაცვის, მაგრამ შეტევასაც კარგად აწყობდა), ნორმალური მენეჯერი (ახლა კიდევ უკეთესია), თუმცა, მენეჯმეტის ნაწილს პეტ რაილის დახმარებით ძალიან მაგრად ართმევდა თავს. სიმართლე თუ გინდათ, ,,ნათლიის" სამწვრთნელო როლი მაშინ, სწორედ, ეს გახლდათ. • დევიდ ბლატი - კარგი სპეციალისტი (ალბათ, უფრო - შეტევის), მაგრამ - არც ისე კარგი მენეჯერი. კულტურული განსხვავების გამო, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვერ ახერხებდა სწორი საკალათბურთო ატმოსფეროს ჩამოყალიბებას. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ მის კავალიერსში, სწორედ, არაამერიკელ კალათბურთელები გადიოდნენ მათთვის უჩვეულოდ ხარისხიან ფონს. • ტაირონ ლუ - კარგი სპეციალისტი შეტევაში და ნორმალური დაცვაში, თუმცა, არც ისე კარგი მენეჯერი, რადგან არ გააჩნდა არანაირი ავტორიტეტი და ლებრონის ენერგიამ, უბრალოდ, ჩაყლაპა. • ფრენკ ვოგელი - კარგი სპეციალისტი და კარგი მენეჯერი, რომელიც ქმნის კულტურას, აქვს თავისი სტილი, რომელიც ყველაზე კარგად ინდიანა პეისერსში იკვეთებოდა და, ფაქტია, ლოს ანჯელეს ლეიკერსშიც ჩანს. ეს კაცი, ფაქტობრივად, ზის და მეტოქეებს სწავლობს, შედეგიც სახეზეა. ასე თუ შევხედავთ, რთული დასანახი არაა, რომ ლებრონს, მარტო, ერთი კარგი ან მაგარი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა. სხვები, უმეტესად, სპეციალისტები იყვნენ, რომელთათვის უკეთესი პოზიცია მწვრთნელის ასისტენტობაა და არა - მთავარი მწვრთნელობა. სტატიის ავტორი: პაატა წამალაშვილი

სხვა სტატიები