Belive

NBA - 2020/21 სეზონის სიახლეები

3 წლის წინ კალათბურთი
9 წთ
2020-21 წლების სეზონს, NBA უამრავი ცვლილებით ხვდება. იდეაში, გულშემატკივრებს გვქონდა მოლოდინი, რომ დაბრუნდებოდნენ სტეფ კარი, კლეი ტომფსონი, კევინ დურანტი, ჯონ უოლი, დემარკუს კაზინსი და სხვა მოთამაშეები, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ გასული სეზონის ჩემპიონს, ლოს ანჯელეს ლეიკერსს, შემდეგ წელს, იოლი გასეირნება აღარ ელოდა, თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, ლიგაში სიტუაცია არ შეცვლილა, ლეიკერსი კი, იმაზე გაცილებით მეტად გაძლიერდა, ვიდრე შარშან იყო. გაგაკვირვათ ამ დამოკიდებულებამ? მოდით, განვავრცოთ ეს თემა. განვიხილოთ თითოეული გუნდი ცალ-ცალკე და ვიმსჯელოთ, რომელს რა მოლოდინი თუ პერსპექტივა უნდა ჰქონდეს. დავიწყოთ:
მაიამი ჰიტი
მაიამი
მიიღო - ეივერი ბრედლი. მო ჰარქლისი. ფრეშის აჩიუვა. გაუშვა - ჯეი ქრაუდერი. შეტევისა და დაცვის სტილი შენარჩუნდა, თუმცა, გუნდის გადმოსახედიდან თუ მივუდგებით, ქრაუდერის დაკარგვა საწყენია. თუმცა, მო ჰარქლისი მშვენიერი შევსებაა, ჯეის მაგივრად. მართალია, ვერაა ისეთივე კარგი მსროლელი (დაცვისგან განსხვავებით), მაგრამ ეივერი ბრედლია ამ ყველაფრის მეტ-ნაკლები ბონუსი. იცით, რას წარმოადგენს აჩიუვა (206სმ. 109კგ. 218სმ Wingspan) რომელიც გუნდმა დრაფტზე აიყვანა? ჩათვალეთ, ჰიტს, ცოტა ხანში, ორი ბემ ადებაიო ერთად ეყოლება. პრინციპში, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გუნდი გაძლიერდა. მათი აქცენტი, მაინც, 2022 წელზე, შესაბამისად იანის ანტეტოკოუნმპოზეა.
მილუოუკი ბაქსი
მიიღო - ჯრუ ჰოლიდეი. ბობი პორტისი. ბრაიან ფორბსი. ტორი ქრეიგი. დი ჯეი ოგასტინი. გაუშვა - ერიკ ბლედსოუ. ჯორჯ ჰილი. უესლი მეთიუსი. რობინ ლოპესი. ალბათ, ლეიკერსის შემდეგ, ყველაზე გაძლიერებული გუნდია ჩემპიონობის პრეტენდენტებს შორის (თითქმის, აქვეა, ლოს ანჯელეს კლიპერსიც. ქვემოთ ვისაუბრებთ). კლუბმა იანისს მოუყვანა ჰოლიდეი, რომელიც ბრწყინვალე მატარებელია იმ სტილის, როგორ გამთამაშებელსაც ანტეტოკოუნმპო ითხოვდა. გარდა ამისა - ბევრი კარგი მსროლელი. გუნდი აღარ იქნება დამოკიდებული, მთლიანად, ბერძენზე და იმაზე ბევრად მეტ როტაციას მიმართავს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. სიმართლე რომ ვთქვათ, ბაქსის ხელმძღვანელობის ასე ,,დაფაცურება", მაინც, იქითკენაა მიმართული, რომ იანისი შეინარჩუნონ. შესაძლოა, მან 21 დეკემბრამდე ახალი, სუპერმაქსიმალური კონტრაქტი გააფორმოს მილუოუკისთან, თუმცა, იგივე შანსია, არ იჩქაროს და სულ სხვა რეალობა ვიხილოთ.
მინესოტა თიმბვერვულვსი
მიიღო - ენტონი ედვარდსი. რიკი რუბიო. ედ დეივისი. გაუშვა - ჯეიკობ ევანსი. ჯეიმს ჯონსონი. ომარი სპელმანი. ძალიან სწორი მენეჯმენტი გაატარა გუნდმა, რადგან ერთად შეკრა საკალათბურთო სტილებით ერთმანეთისთვის შესაფერისი მეგობრების დუეტი (დიენჯელო რასელი & კარლ ენტონი-თაუნსი), რომელსაც მესამე ოფციაც სჭირდებათ. თუმცა, მათ არ გაცვალეს გასული დრაფტის კუნთვნილი პირველი პიკი, ენტონი ედვარდსი და მის სტარტერობას გარისკავენ. გუნდს იმდენად კარგი 3 & D სტილის მოთამაშეები ჰყავს (ჯოშ ოკოგი, მალიკ ბიზლი), რომ გამოდის, ედვარდსს თავისი ნომინალური პოზიციიდან (Shooting Guard) Small Forward-ზე გადასვლა მოუწევს. მართალია, ის სიმაღლეში 195სმ-ია, მაგრამ, დღევანდელ კალათბურთში, ეს პრობლემა, თითქმის აღარაა. ამას ემატება 102კგ-იანი ათლეტური სხეული და 206სმ სიგრძის Wingspan. ოფცია და ზომა რომ გვერდზე გადავდოთ, ედვარდსი მიჩვეულია შეტევით ინიციატივას, რაც მკვეთრად მოაკლდება თიმბერვულვსში. ამან, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შექმნას. ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდი ამ სცენარს დატესტავს და, თუ არ გაამართლა, დიდი ალბათობით, ენტონის გაცვლის ზამთრის ტრეიდების დედლაინზე. კარგი დანამატია რიკი რუბიოც, რადგან კლუბს, რასელის გარდა, მეორე გამთამაშებელი არ ჰყავდა.

ატლანტა ჰოუქსი
მიიღო - ბოგდან ბოგდანოვიჩი. ონიეკა ოკონგვუ. კრის დანი. რაჟან რონდო. დანილო გალინარი. ტონი სნელი. გაუშვა - დიუეინ დედმონი. ჯეფ ტიგი. გუნდში სერიოზული ცვლილებებია და, პრინციპში, უდგა ითქვას, რომ გაძლიერდა, თუმცა, მათი მაქსიმუმი, მხოლოდ, ფლეიოფია (გაჭირვებით). თითქოს, კარგი მოთამაშეები დაიმატეს, მაგრამ სისტემა, ცოტა არ იყოს, გაუმართავია. იდეაში, მაინც, კარგია ეს ყველაფერი, ჰოუქსს, სამომავლო ტრეიდებისთვის მსუყე მასალა აქვს.
დეტროიტ პისტონსი
მიიღო - კილიენ ჰეისი. ჯერემი გრანტი. აიზეია სტიუარტი. სადიქ ბეი. საბენ ლი. დიუეინ დედმონი. ჯოშ ჯექსონი. ძანან მუსა. როდნი მაქგრუდერი. მეისონ პლამლი. ჯალილ ოკაფორი. ზაირ სმითი. დელონ რაითი. გაუშვა - კრისტიან ვუდი ბრიუს ბრაუნი. ლუკ კენარდი. ჯასტინ პატონი. კაირი თომასი. ის, რასაც პისტონსის ახალი გენერალური მენეჯერი, ტროი ვივერი აკეთებს, არის, უბრალოდ, გენიალური. მან, მთლიანად, გადაახალისა და გააახალგაზრდავა შემადგენლობა, რომელშიც გამოცდილი, კარგი მოთამაშეების ადგილიც მოძებნა. თუმცა, ერთი ,,მაგრამ" აქაც არის, ამდენი ცენტრი რაში სჭირდება გუნდს? წინახაზი უზომოდ გამდიდრებულია კარგი მოთამაშეებით, რომელთა რამდენიმე წევრი, ერთმანეთთან კონკურენციაში, წესით, ჩაიკარგება და ეს ცუდია. ნებისმიერ შემთხვევაში, დეტროიტელებს იდეალური გეზი უჭირავთ და, ამ ეტაპზეც კი, არაფერი აკლიათ.
შარლოტ ჰორნეტსი
მიიღო - ლამელო ბოლი. გორდონ ჰეივორდი. ვერნონ ქერი. ნიკ რიჩარდსი. გაუშვა - უილი ერნანგომესი. დუეინ ბეიკონი. ის, რაც ჰორნეტსს აკლდა, ორმაგად აინაზღაურა - სახე, რომელიც გუნდის ლიდერიც იქნება და ქარიზმატული ვარსკვლავიც გულშემატკივრებისთვის (საკალათბურთო ენაზე - Box Office). საუბარია ლამელო ბოლსა და გორდონ ჰეივორდზე. მათ შორის, მთავარი კაცი, მაინც, ლამელოა ბუნებრივია. ამ გუნდის პრობლემად, კვლავ, დაცვა რჩება, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ, კემბა უოლქერის ლიდერობის შემდეგ, კლუბმა არსებობის ახალი თავის წერა დაიწყო. ეს ყველაფერი სად წავა, ჯერ, გაურკვეველია.
ჩიკაგო ბულსი
მიიღო - პატრიკ უილიამსი გაუშვა - კრის დანი ქაოსი... ქაოსი და ქაოსი! ბულსის ხელმძღვანელობა რაღაც მოდელზე უნდა ჩამოყალიბდეს. არ შეიძლება, გყავდეს ისეთი ტალანტი, როგორიც ლაური მარკანენია და ვერ იყენებდე, არა თუ, ვერ ცვლიდე... იმედია, რაღაც სისტემაში მოექცევა ეს ყველაფერი, რადგან რესურსი ნამდვილად არსებობს. პატრიკ უილიამსი ძალიან კარგი დანამატია 2020 წლის NBA Draft-დან.
კლივლენდ კავალიერსი
მიიღო - აიზეკ ოკორო. ჯავალ მაკგი. დემიენ დოტსონი. გაუშვა - ტრისტან ტომფსონი. ჯორდან ბელი. დაახლოებით, იგივე არეულობა აქვთ, რაც - ჩიკაგოელებს, მაგრამ მათზე სტაბილურად ნამდვილად არიან. კარგი იქნება, ბევრ გაცვლას თუ გააკეთებენ და გუნდს აიზეკ ოკოროსა და დარიუს გარლანდზე ააწყობენ, მაგრამ კონტრაქტები, რომლებიც არასაჭირო მოთამაშისთვის აქვთ მიცემული, ზღუდავს და მომავალშიც შეზღუდავს წესიერ ტრანსფერს...
დალას მავერიქსი
მიიღო - ჯოშ რიჩარდსონი. ტაირელ ტერი. ჯეიმს ჯონსონი. უესლი ივუნდუ. ჯოშ გრინი. გაუშვა - სეთ კარი. ჯასტინ ჯექსონი. დელონ რაითი. ეს არის კლუბი, რომელიც ეტაპობრივად და ნელა, თუმცა, ძალიან ძლიერდება. რიჩარდსონი ისაა, ვინც ლუკა დონჩიჩს დაცვაში ამოასუნთქებს, ჯონსონი კი ის, ვინც მარკუს მორისისნაირ ,,ცუდ ბიჭებს" თეთრ ევროპელ ,,ბავშვებს" არ დააჩაგვრინებს. გარდა ამისა, ჯოშს შეტევაშიც არაუშავს. დიდი დანაკლისია სეთ კარი და მისი სროლა, მაგრამ აქ პრიოროტეტების გადაფასება მოხდა. წესით, დალასი იმაზე შორს სტაბილურად წავა, ვიდრე - უკანასკნელ წლებში.
დენვერ ნაგეთსი
მიიღო - ფაკუნდო კამპაცო. ჯამაიქალ გრინი. არ ჯეი ჰემპტონი. გაუშვა - ტორი ქრეიგი. ჯერემი გრანტი. მეისონ პლამლი. გრანტისა და პლამლის დაკარგვა პრობლემაა, რომელსაც, თითქოს ბოლ-ბოლისა და ჯამაიქალის გუნდში ყოფნა ავსებს, მაგრამ ერთი გამოუცდელია, მეორე კი - ცუდი დამცველი. არის შანსი, ეს ორივე ფაქტორი გამოსწრდეს, თან - დიდი შანსი, მაგრამ რთული იქნება. ამ ყველაფერს სრულფასოვნად წონის ჰემპტონის აყვანა. დენვერი, უკვე, მერამდენედ ირჩევს უსწორეს დრაფტ პიკს ისე, რომ მაღალი არჩევანი არ აქვს და, შესაბამისად, სეზონის ჩაგდება არ უწევს. ჩვენ ვნახეთ, ნიკოლა იოკიჩმა და ჯამალ მარეიმ რა ამბები დაატრიალეს გასულ სეზონში. ეს მუხტი, ჯერ, არ დაიკარგება, რადგან ახალი სათამაშო წელი სულ მალე, 22 დეკბერს იწყება. ნაგეთსი, კვლავ, ჩემპიონობის სერიოზულ პრეტენდენტად რჩება. სტატიის ავტორი: პაატა წამალაშვილი ნაწილი პირველი.

სხვა სტატიები