Belive

"სამარცხვინო დღეა" - NBA კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას გამოეხმაურა

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის, იგივე აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეებს სურდათ, კონგრესის ორივე პალატის საქმიანობაში ხელი შეეშალათ, სადაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დამოწმება მიმდინარეობდა. მომიტინგეების ქაოსურ შეჭრას 4 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, მოგვიანებით კი, კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება მაინც დაადასტურა. კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმას კრიტიკულად გამოეხმაურნენ NBA-ის წარმომადგენლები. კომენტარი გააკეთა "გოლდენ სტეიტ უორიორსის" მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერიმ - შეგახსენებთ, რომ კერი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი ოპოზიციურადაა განწყობილი: "სრულიად მოულოდნელად, ლეგიტიმური არჩევნებისადმი უნდობლობა გაუჩნდა მილიონობით მოქალაქეს. ამისი მიზეზი კი ის არის, რომ გასული წლების განმავლობაში დავუშვით, რომ ტრიბუნიდან ტყუილები მოგვესმინა", - აღნიშნა მან.
K_EPA20210106213_fit_670x10000

"ნიუ ორლეანს პელიკანსის" მწვრთნელმა, სტენ ვან განდიმ, მომხდარს "შემაწუხებელი, სამარცხვინო დღე" უწოდა. ტრამპის ადმინისტრაციისადმი კრიტიკული განცხადება გააკეთა "ბოსტონ სელტიკსის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრედ სტივენსმა: "მათ აჩვენეს, რომ შედეგისთვის ნებისმიერი მეთოდით იბრძოლებდნენ. მე კი ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ამ მიდგომას ყოველთვის არასასურველ შედეგთან მივყავართ. დღევანდელი სამარცხვინო დღე სწორედ ამისი შედეგია", - განაცხადა მან.

რა იყო შეჭრის მიზეზი?

არჩევნებში დამარცხება დონალდ ტრამპს ჯერჯერობით არ უღიარებია. მისი მტკიცებით, არჩევნები გაყალბდა და პრეზიდენტის პოსტი არა ჯო ბაიდენმა, არამედ კვლავ მან უნდა დაიკავოს. კაპიტოლიუმში შეჭრას წინ უძღოდა ტრამპის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია ვაშინგტონში. მათ სიტყვით თავად ტრამპმაც მიმართა. კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, სენატორებისა და წარმომადგენელთა პალატის წევრების ევაკუაცია დაიწყო. შენობაში ასობით პირის შეჭრის შემდეგ, ტრამპმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა მისი მხარდამჭერები “პატრიოტებად” მოიხსენია. მომხდართან დაკავშირებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, რომელიც შეჭრის დროს კაპიტოლიუმის შენობაში იმყოფებოდა, „ტვიტერზე“ განცხადება გამოაქვეყნა: "მშვიდობიანი პროტესტი თითოეული ამერიკელის უფლებაა, თუმცა კაპიტოლიუმზე შეტევას ვერ შევეგუებით. თითოეული ადამიანი, რომელიც ამაში ჩართული იყო, პასუხისგებაში კანონის სრული სიმკაცრით მიეცემა".

სხვა სტატიები