Belive

NBA – 2020/21 სეზონის სიახლეები (ნაწილი II)

3 წლის წინ კალათბურთი
10 წთ
2020-21 წლების სეზონს, NBA უამრავი ცვლილებით ხვდება. იდეაში, გულშემატკივრებს გვქონდა მოლოდინი, რომ დაბრუნდებოდნენ სტეფ კარი, კლეი ტომფსონი, კევინ დურანტი, ჯონ უოლი, დემარკუს კაზინსი და სხვა მოთამაშეები, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ გასული სეზონის ჩემპიონს, ლოს ანჯელეს ლეიკერსს, შემდეგ წელს, იოლი გასეირნება აღარ ელოდა, თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, ლიგაში სიტუაცია არ შეცვლილა, ლეიკერსი კი, იმაზე გაცილებით მეტად გაძლიერდა, ვიდრე შარშან იყო. გაგაკვირვათ ამ დამოკიდებულებამ? მოდით, განვავრცოთ ეს თემა. განვიხილოთ თითოეული გუნდი ცალ-ცალკე და ვიმსჯელოთ, რომელს რა მოლოდინი თუ პერსპექტივა უნდა ჰქონდეს.

გოლდენ სთეით უორიორსი


მიიღი - ჯეიმს უაისმენი. ნიკო მანიონი. კელი უბრე. კენტ ბეიზმორი. ბრედ ვანამეიქერი. გაუშვა - კაი ბოუმენი. კლეი ტომფსონის აქილევსის მყესის უმძიმესი ტრავმა (მთელ სეზონს გამოტოვებს)... რომელმაც დაამსხვრია ის რეალური მოლოდინი, რომ გუნდი, დასავლეთ კონფერენციაში, კიდევ ერთ საჩემპიონო ბარიერს შექმნიდა კონკურენტებისთვის. მართალია, ძალიან კარგი დანამატია დრაფტის ტალანტი ჯეიმს უაისმენი, კელი უბრე და კენტ ბეიზმორი, მაგრამ იცით, ეს ყველაფერი რის ფასად უჯდება გუნდის ხელმძღვანელობას? კოლოსალურ ჯარიმებად, რადგან სახელფასო ჭერს, ლამის, ორმაგად გადასცდნენ. ამ გუნდის მაქსიმუმი, წესით, ფლეიოფის რომელიმე რაუნდია, თუმცა, უორიორსის ფანებისთვის არც ისე სასიამოვნო მოლოდინის გამოსწორება შეუძლია ენდრიუ უიგინსს. ის არ გამოყურება ისე, როგორც 2014 წლის დრაფტის პირველ პიკს შეეფერება, მაგრამ გოლდენის შტაბმა მასზე ავანსები გასცა, ისინი კი, ტყუილად არ დგამენ მსგავს ნაბიჯებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, შესაძლოა, ვიხილოთ ძალიან კარგად მოთამაშე უიგინსი, რომელიც პირველად მოხვდა სწორ სისტემაში. საუბარი არცაა ლეგენდარულ სტეფ კარიზე, თუმცა, ის მარტო ვერაფერს იზამს.

ჰიუსტონ როქეთსი


მიიღო - დემარკუს კაზინსი. კრისტიან ვუდი. კენიონ მარტინი უმცროსი. გაუშვა - რობერტ კოვინგტონი. ოსტინ რივერსი. ჯეფ გრინი. გუნდში პანიკაა. არ იციან, სად გაუშვან ჯეიმს ჰარდენი და ვინ მიიღონ სანაცვლოდ, თან ვერ ატრეიდებენ რასელ უესტბრუკსაც. ამიტომ, როგორც ჩანს, განიხილეს მეორე სცენარიც, რომელიც, სიტუაციის, ისევ, რასელსა და ჯეიმსზე აწყობას ნიშნავს და გააკეთეს ძალიან კარგი სვლა ვუდისა და კაზინსის დამატებით. კლუბს თუ, აქამდე, ნორმალური ცენტრიც კი არ მოეძებნებოდა, ახლა, ნორმალური კიარა, კარგი ჰყავს, თან - 2. ვუდი, ზუსტად, ისაა, ვინც ამ გუნდს სჭირდება, რადგან კარგად უტევს პერიმეტრიდან, აქვს სიმაღლე და მოქნილია, თუმცა, მან დაცვა უნდა ითამაშოს, როქეთსს ეს ჰაერივით სჭირდება. საინტერესოა, როგორ დაბრუნდება კაზინსი. მას, წესით, შეზღუდული წუთები ექნება თავიდან, მაგრამ, თუ კიდევ არ დაიტრავმა, შესაძლოა, ვუდი და დემარკუსი ერთადაც კი დადგნენ ძირითად ხუთეულში.

ორლანდო მეჯიქი


მიიღო - კოულ ენტონი. დუენ ბეიკონი. გაუშვა - დი ჯეი ოგასტინი. უესლი ივუნდუ. ამ გუნდს ერთი მძიმე პრობლემა აქვს დიდი ხანია, არ ჰყავს ქარიზმატული ლიდერი, რომელზეც სისტემას ააწყობს. ნიკოლა ვუჩევიჩის დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის არ უნდა იყო პირველი ოფცია ისეთ გუნდში, რომელსაც რაიმე მიზანი გააჩნია NBA-ში. ზემოთ კემბა უოლქერის ტრეიდის ვერსია წერია, რაც ამ ყველაფერს მოაგვარებდა. რაც შეეხება კოულ ენტონის, არის მასში ლიდერულიც და ქარიზმატულიც. არავის გაუკვირდეს, თუ მან მისთვის დიდი ამბები დაატრიალა პირველივე სეზონში.

ფილადელფია


მიიღო - სეთ კარი. დენი გრინი. დუაით ჰოვარდი. ტაირის მექსი. ტერენს ფერგიუსონი. გაუშვა - ალ ჰორფორდი. ჯოშ რიჩარდსონი, ზაირ სმითი, ალეკ ბერკსი, რაულ ნეტო. გაძლიერდა და, იდეაში - ძალიან. თუმცა, ვერ ვიტყვით გადაჭრით, რადგან სულ სხვა გუნდია, ვიდრე ბოლო 2 წელი გახლდათ. დაიმატეს მსროლელები, სისტემურად მორგებული კალათბურთელები (მათ შორის - დრაფტ პიკი, ტაირის მექსი) და, რაც მთავარია მოიშორეს ალ ჰორფორდის დიდი და არასწორი კონტრაქტი. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, როგორც ფურცელზე დაწერილი, მაგრამ სცენარის პარკეტზე რეალიზებას უდიდესი და უფრთხილესი სვლები დასჭირდება. თუმცა, 2 დეტალი, ისევ, პრობლემად რჩება: ტობაიას ჰარისის კატასტროფულად დიდი კონტრაქტი, რომელიც უკეთეს ტრანსფერებში ბარიერად გვევლინება და ჯოელ ემბიდის ხასიათი. ეს უკანასკნელი, ვერ მიხვდა, ჯერ, რომ ის როლი, რაც გუნდში თავის თავს დაუწესა, დღეს ვერ ამართლებს 215სმ სიმაღლისა და 122კგ წონის ცენტრისგან. მან ინიციატივა, ცოტათი, უნდა დათმოს და მოერგოს გარკვეულ ჩარჩოებს. დღევანდელი სწორი კალათბურთი ასე მუშაობს დიდი ცენტრებისთვის.

ინდიანა პეისერსი


მიიღო - კასიუს სტენლი გაუშვა - თი ჯეი ლიფი. ალიზე ჯონსონი. არაფერი შეცვლილა, საერთოდ... თუმცა, არ არსებობს, გუნდმა არ გაცვალოს მაილს ტერნერი. ის, ზედმეტია შემადგენლობაში, ვინგია საჭირო. საბოლოოდ, არ გაგიკვირდეთ, თუ ძალიან მცირედსაც კი დათანხმდა პეისერსი მის სანაცვლოდ. საინტერესოა, როგორც ფორმაში დაბრუნდება გუნდის რეაბილიტირებული ლიდერი ვიქტორ ოლადიპო. მან, გასულ სეზონში, რამდენიმე თამაშო ითამაშა, თუმცა, ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ეს ბიჭი მენტალურად ძალიან ძლიერია და ამ ფაქტორს, წესით, პეისერსიც ენდობა. სიურპრიზებით სავსე გუნდი იქნება. დროა, წუთები მიეცეს გოგა ბითაძეს.

ლოს ანჯელეს კლიპერსი


მიიღო - სერჟ იბაკა. ლუკ კენარდი. ჯასტინ პატონი. გაუშვა - მონთრეზლ ჰერელი. ლენდრი შამეთი. ჯამაიკალ გრინი. როდნი მაქგრუდერი. გავრცელდა ვარაუდი, რომ შემადგენლობაში არ არის ჯანსაღი სიტუაცია და კალათბურთელები კავაი ლეონარდის პრივილეგიებით არიან უკმაყოფილოები. საუბრობენ, ასევე, რომ მონთრეზლ ჰერელმაც, სწორედ, ამ მიზეზით დატოვა გუნდი. მართალია, ჭორებია, თუმცა, არავის უარყვია კლიპერსის შტაბიდან და ეს საინტერესოა. რაც შეეხება სისტემას. იბაკა ძალიან კარგი დანამატია ცენტრზე. თქვენ წარმოიდგინეთ - პატონიც კი, რომელსაც, ჯერ, პოტენციალი არ გამოუვლენია. ლენდრი შამეთის გაშვება, ჯერი უესტმა, იდეაში, კენარდის მოყვანით დააბალანსა, თუმცა, ეს პრაქტიკაში უნდა ვნახოთ. ერთი რამ უცვლელი რჩება, გუნდს არ ჰყავს მოთამაშე, რომელსაც ბურთის სწორად გათამაშება შეუძლია. ეს არის საშინელი და რადიკალური პრობლემა და მას, ზამთრის დედლაინამდე, ვერ მოაგვარებენ. რაც შეეხრბა გუნდის ახალ მწვრთნელს, ტიაირონ ლუს. ის ძალიან კარგია შემდგარი, შაბლონური სისტემის გასამართად, მაგრამ აქ, ცოტა, სტრატეგიაა საჭირო, აქ კი, ლუს იმპროვიზაცია, ჯერ, არ გვინახავს.

მემფის გრიზლსი


მიიღო - დესმონდ ბეინი. მარიო ჰეზონია. გაუშვა - ჯოშ ჯექსონი. აქაც არის მცირე ქაოსი, თუმცა, გუნდს სწორი გეზი აქვს აღებული, ჰყავს ქარიზმატული ლიდერი, ჯა მორანტის სახით, და მასზე ააგებს სისტემას. წესით, ამ ყველაფრის სწორი შენება ეტაპობრივად, გზა და გზა მოხდება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ რაღაც-რაღაცეების შეცვლა ახლავე შესაძლებელია, გაუგებარია, რას ელოდებიან. კლუბი, წესით, ისევ, 2022 წლის მაღალ დრაფტ პიკზე გააკეთებს აქცენტს.

საკრამენტო კინგსი


მიიღო - ტაირის ჰელიბარტონი. გაუშვა - ბოგდან ბოგდანოვიჩი. კენტ ბეიზმორი. ჰარი ჯაილსი. ალექს ლენი. ძალიან გაუგებარი კლუბია. დრაფტზე აიყვანეს ბიჭი, რომელიც შესანიშნავ სტარტერ გამთამაშებლად შეიძლება, გამოზარდო. ეს ყველაფერი კი, იმ ფონზე, რომ გუნდშია დიაარონ ფოქსი, რომელსაც კინგსმა მაქსიმალური კონტრაქტი მისცა, რაც ნიშნავს, რომ მის დატოვებას დიდხანს აპირებს. იცით რა აერთიანებს ამ ორ მოთამაშეს? - ვერც ერთი ვერ ისვრის კარგად და ძალიან მსგავსი სტილი აქვთ. ანუ, ეს ფაქტორი ძირითად ხუთეულში მათ ერთად დგომას გამორიცხავს და, მაშინ, რაში სჭირდებათ ჰელიბარტონი, ფოქსი რომ, სულ, 10 წუთით დაასვენოს? ამ დროში, ახალბედა კალათბურთელი იმდენსაც ვერ იზამს, რომ, შემდეგ, სარფიანად გაცვალო. მარტივად, ამ გუნდის წარმატების შანსი, ჯერ, არ ჩანს...

სან ანტონიო სპერსი


მიიღო - დევინ ვეისელი. გაუშვა - ბრაიან ფორბსი. ვეისელი კარგი დანამატია დრაფტიდან და, როგორც ჩანს, მიხვდნენ სპერსში, რომ რეორგანიზაციის დროა. ამ სცენარს კარგად ეხამება ტიმ დანკანის მთავარ მწვრთნელად მოსვლა და გრეგ პოპოვიჩის პენსიაზე გასვლა. თუმცა, ერთი დეტალი აქაც პრობლემაა. არ მოიძებნება გუნდში მოთამაშე, ვისზეც, უშუალოდ, სისტემა აეწყობოდა. ამის შანსი ლონი უოლქერს აქვს, მაგრამ სან ანტონიოში მეტიც შეუძლიათ. მარტივად რომ ვთქვათ, ამ გუნდს, კიდეც, ერთი ან ორი წარუმატებელი სეზონი აუცილებლად ექნება.

ტორონტო რეპტორსი


მიიღო - მალაჩი ფლინი. არონ ბეინსი. ალექს ლენი. გაუშვა - მარკ გასოლი. სერჟ იბაკა. რონდი ჰოლის ჯეფერსონი. სტილი არ შეცვლილა, არც სიტუაცია, თუმცა, წინახაზის დონემ, ასე რომ ვთქვათ, მოიკლო. არ სჭირდება დიდი განვრცობა იმ თემას, რომ მარკ გასოლი/სერჟ იბაკას მიერ შექმნილ ცენტრის პოზიციასა და არონ ბეინსი/ალექს ლენის წყვილს შორის კოლოსალური სხვაობაა. არ გამორიცხოთ ის ვარიანტი, რომ გუნდს რეორგანიზაცია მოუწიოს. სტატიის ავტორი: პაატა წამალაშვილი  ნაწილი მეორე.

სხვა სტატიები