Belive

NBA-ს ჩამქრალი ვარსკვლავი იუბილარია

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
"მინესოტა ტიმბერვულვზის" პოინტ გარდი, დერიკ როუზი იუბილარია. ერთ დროს, NBA-ს ყველაზე იმედისმომცემ ტალანტს, რომელსაც ბრწყინვალე კარიერის პერსპექტივა ჰქონდა 30 წელი შეუსრულდა. დერიკ როუზი NBA-ში მე-11 სეზონის დასაწყებად ემზადება და იმედს გამოთქვამს, რომ ოპტიმალურ ფორმას აღიდგენს. NBA-ს 2010/2011 წლების სეზონი დერიკ როუზისათვის ტრიუმფალური გამოდგა. რეგულარული სეზონის MVP-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, როუზს ბრწყინვალე კარიერასა და არაერთ ტიტულს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი კალათბურთელისათვის მოვლენები ყველაზე უარესი სცენარით განვითარდა. "ჩიკაგო ბულსის" ამომავალი ვარსკვლავის კარიერა ტრავმების გამო თანდათან გაფერმკრთალდა, რაზეც თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ უკანასკნელად All-Star-ის შეხვედრაში, როუზმა მონაწილეობა 2012 წელს მიიღო. დერიკ როუზის ბრწყინვალე კარიერის სტარტზე უამრავი დაბრკოლება აღმოჩნდა, რომელსაც უიღბლობათა კასკადი მიჰყვა და ვარსკვლავის დაღმასვლა განაპირობა. ჩიკაგოდან - ნიუ იორკში, ნიუ იორკიდან - კლივლენდში, კლივლენდიდან - მინეაპოლისში... წლების მატებასთან ერთად, როუზი ფორმის აღდგენის იმედს ებღაუჭება. პირველად, უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე, დერიკ როუზმა პრე-სეზონი ტრავმის გარეშე დაიწყო და "მინესოტა ტიმბერვულვზის" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრაც ჩაატარა. "ჩემს ადგილას უამრავი ადამიანი განსხვავებულად მოიქცეოდა. ბევრი დანებდებოდა და კარიერას დაასრულებდა. NBA-ში მე-11 სეზონის დასაწყებად ვემზადები. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ და ნებისმიერ შანსს ჩავეჭიდები რათა კვლავ დავიბრუნო ოპტიმალური ფორმა არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც შემაჩერებს დასახული მიზნის მიღწევაში", - აღნიშნა დერიკ როუზმა.

სხვა სტატიები