რეი ალენი: რატომ წავედი აუშვიცში

სამზარეულოს იატაკზე პატარა ჩასასვლელი იყო, რომელიც საიდუმლო ოთახში ჩადიოდა. ეს მომენტი ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ არის ჩაბეჭდილი. სიგრძესა და სიგანეში მაქსიმუმ 1.5 მეტრი იყო.

სახლის პატრონმა მითხრა: “ამ ადგილას 6 ადამიანი იმალებოდა. შემდეგ კი ნაცისტები მოდიოდნენ.” მას ტადეუშ სკოჩილაში ერქვა. სახლი, რომელშიც ვიმყოფებოდით, მეორე მსოფლიო ომის დროს მის ოჯახს ეკუთვნოდა.

პოლონეთში ერთხელ უკვე ნამყოფი ვიყავი, მაგრამ ეს სულ სხვანაირი შეგრძნება იყო. ვუყურებდი ამ პატარა ჩასასვლელს და ვხედავდი 6 ადამიანს, რომელიც სიკვდილს ემალებოდა. და ეს სულ ცოტა ხნის წინ ხდებოდა. მე ხომ ისტორიის წიგნს არ ვკითხულობდი, არც მუზეუმს ვათვალიერებდი. მე შემთხვევის ადგილას ვიმყოფებოდი.

რეი ალენი: რატომ წავედი აუშვიცში 1

ტადეუშმა მითხრა, რომ ერთ დღეს, 1942-ში ამ სახლს ნაცისტები ესტუმრნენ. სოფელში ვიღაცამ ხმა გაავრცელა, რომ მისი ოჯახი სახლში ებრაელებს მალავდა. იმ დროს, როდესაც ნაცისტები მოვიდნენ, ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი სახლში არ იმყოფებოდა. ნაცისტებმა სახლი დაარბიეს, სამალავიც იპოვეს, მაგრამ ებრაელები იქ უკვე აღარ იყვნენ.

ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ებრაელების შეფარებისთვის, ოჯახს სიკვდილით დასჯა ელოდა. ეს იყო სასჯელი.

ნაცისტებმა 10 ადამიანი სახლის უკან, ეზოში, იმ ბეღელის წინ დახვრიტეს, რომელიც დღემდე აქ დგას.

როდესაც ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრი სახლში დაბრუნდა, მას მთელი ოჯახი დახვრეტილი დახვდა. ეს ბიჭი ტადეუშ სკოჩილაშის ბაბუა იყო. დღეს ამ სახლში ტადეუში და მისი დედა ცხოვრობენ.

ვუსმენდი ამ ამბავს და ვერ ვიჯერებდი. სახლი და მისი შემოგარენი დავათვალიერე, უცნაური გრძნობით ვიყავი შეპყრობილი. მთელმა ამ ისტორიამ ჩემს თვალწინ ჩაირბინა. ეს რეალური ამბავი იყო, რომელსაც თითებით ვგრძნოდი და რომლის სუნიც ჰაერში იგრძნობოდა.

რეი ალენი: რატომ წავედი აუშვიცში 2


თინეიჯერობის დროს, ჰოლოკოსტის ისტორიით ძალიან დაინტერესებული ვიყავი. ვკითხულობდი წიგნებსა და სტატიებს, თუმცა მომხდარის ადგილას მისვლა და მოვლენების რეალურად შეგრძნება სულ სხვა რამეს ნიშნავს.

1998 წელს ვაშინგტონში ჰოლოკოსტის მუზეუმში წავედი და იქ 2 საათი გავატარე. “იქ ყველა უნდა წავიდეს” – ეს იყო პირველი რამ, რაც გავიფიქრე. განსაკუთრებული შეგრძნება მქონდა ერთ ოთახში, რომელიც ხშირად მახსენდება. ოთახი სავსე იყო ებრაელების ფოტოებით. მათი 90% სიკვდილით დასაჯეს.

მე NBA-ის მოთამაშე ვიყავი, ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მწვერვალზე იდგა. და ვხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრების მიღმა, გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა. მსურდა, რომ ჩემს თანაგუნდელებს იგივე რამ შეეგრძნოთ.

მეგონა ვიცოდი, რა იყო ჰოლოკოსტი. ჩემს მეგობრებთან ერთად პოლონეთში წავედი, თუმცა ფსიქოლოგიურად ნამდვილად არ ვიყავი მზად იმისთვის, რაც წინ მელოდებოდა. აუშვიცის შესახებ ბევრი დოკუმენტური ფილმი მქონდა ნანახი, თუმცა არაფერი შეედრება იმ სიმძაფრეს, რაც იქ ვიგრძენი.

რეი ალენი: რატომ წავედი აუშვიცში 3

ჰაერი დამძიმებული იყო. ვიდექი რელსებზე, რომლითაც აუშვიცში პატიმრები მოჰყავდათ. უზომოდ ამაღელვებელი იყო.

ბარაკებსა და გაზის კამერებში დავდიოდი. ფეხის ხმის გარდა, არაფერი ისმოდა, სრული სიჩუმე. ვიდექი იქ, სადაც უამრავი ადამიანი მოკლეს და ვცდილობდი წარმომედგინა, თუ რა ხდებოდა ამ სივრცეში.

თავში სულ ერთი რამ მიტრიალებდა: როგორ შეუძლიათ ადამიანებს სხვებისთვის ასეთი რამის გაკეთება?

ეს არის გაკვეთილი, რომელიც ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ.


მას შემდეგ, რაც ტადეუშმა თავისი სახლი დამათვალიერებინა, ცოტა ხანი გარეთ ვიდექი და ნანახს ვიაზრებდი.

რა გვასწავლა ჰოლოკოსტმა? არის ეს უბრალოდ ამბავი, რომელიც არასოდეს უნდა განმეორდეს? 6 მილიონი დახოცილი ადამიანის ამბავია?

კი, მაგრამ ამ ყველაფერში კიდევ უფრო ზუსტი პასუხიც არსებობს. ჰოლოკოსტი არის ისტორია, რომელიც გვიყვება, თუ როგორ ექცეოდნენ ჩემნაირი და თქვენნაირი ადამიანები ერთმანეთს.

რეი ალენი: რატომ წავედი აუშვიცში 4

როდესაც სკოლაშიჩევბის ოჯახი ებრაელებს საკუთარ სახლში იფარებდა, ამას იმიტომ არ აკეთებდა, რომ მათთან საერთო რელიგია ან რასა აერთიანებდა. ამას ისინი აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩვეულებრივი, წესიერი ადამიანები სიკვდილისგან ეხსნათ. და ისინი ფიქროდნენ, რომ ადამიანები ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდნენ.

ჩემს თავს ურთულესი კითხვა დავუსვი: მეც მათსავით მოვიქცეოდი?

როდესაც აშშ-ში დავბრუნდი, სოციალურ ქსელში ძალიან გულსაწყვეტი მესიჯები დამხვდა. ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ პოლონეთში ამ საკითხისადმი ცნობიერების ასამაღლებლად წავედი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩემი ენერგია ფერადკანიანი ადამიანის უფლებების დასაცავად უნდა გამომეყენებინა.

მეუბნებოდნენ, რომ ჩემს წინაპრებს ჩემი არსებობა შერცხვებოდათ.

ვიცი, რომ სოციალურ ქსელში ბევრი ტროლი არსებობს, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თუმცა ვხვდებოდი, რომ ისინი ჩემს საქციელს არასწორად აღიქვამდნენ. მე პოლონეთში არც ფერადი კანით, არც თეთრი კანით, არც ქრისტიანული აღმსარებლობით და არც ებრაული წარმოშობით არ ჩავსულვარ. მე იქ ჩავედი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.

რეი ალენი: რატომ წავედი აუშვიცში 5

მარტივი სათქმელია: “მინდა ასეთი რამ არასოდეს განმეორდეს.” მაგრამ მე მსურს, რომ ჩვენ ზუსტად გავიაზროთ, თუ რა მოხდა იქ და რა გაკვეთილის მიღება შეგვიძლია ჩვენ. ადამიანები, რომლებიც ჩემს საქციელს აკრიტიკებდნენ, მთავარ აზრს ვერ ხვდებიან.

ჩვენ უნდა დავამარცხოთ გაუნათლებლობა და ვიწრო აზროვნება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დღემდე არსებობს.

მახსოვს, ჩემს სკოლაში ბევრი უცხოელი სწავლობდა. სულ ვფიქრობდი: საიდან არიან, რა იმალება მათი ცხოვრების მიღმა? მგონი, ეს დავკარგეთ. ჩვენ გვინდა, რომ მნიშვნელოვანნი ვიყოთ “ჩვენ.” მიუხედავად იმისა, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა, “ჩვენ.”

ტადეუშის ოჯახზე ვფიქრობ. მათთვის რას ნიშნავდა სიტყვა “ჩვენ?”

მათთვის “ჩვენ” იყო თითოეული სულიერი, მათი რწმენისა თუ შესახედაობის განუსაზღვრელად. მათი აზრით, ყველა ადამიანი იმსახურებდა დაცვას. და ისინი მზად იყვნენ, ამ იდეისთვის თავი გაეწირათ.

სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს, ყოველთვის.

(144)

რეი ალენი: რატომ წავედი აუშვიცში

სტატიის ავტორი
-