Belive

ოფიციალურად: რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ამერიკაში განაგრძობს

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ამომავალი ქართველი ვარსკვლავი - რატი ანდრონიკაშვილი "კრეიგტონში" განაგრძობს ასპარეზობას. NCAA-ს Big East Conference-ის ბინადარი "კრეიგტონის" რიგებს ანდრონიკაშვილი აგვისტოში შეუერთდება და გუნდში 4 წლიან პროგრამას გაივლის. აღსანიშნავია, რომ ლიდერების - ტაი-შონ ალექსანდერისა და დევიონ მინტზის დაკარგვის შემდეგ, "კრეიგტონის" კოლეჯის წარმომადგენლები რატი ანდრონიკაშვილზე დიდ იმედებს ამყარებენ. "კრეიგტონის" კოლეჯში მიიჩნევენ, რომ ანდრონიკაშვილის კრეატიულობა და ბურთის ფლობის ბრწყინვალე შესაძლებლობები გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარება. 19 წლის ქართველ კალათბურთელსა და "კრეიგტონის" კოლეჯს შორის შემდგარ გარიგებას გავლენიანი სპორტული ტაბლოიდი ESPN.COM გამოეხმაურა. გამოცემამ ანდრონიკაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა და იგი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ევროპელ კალათბურთელად დაასახელა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, რატი ანდრონიკაშვილს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. საქართველოს 16, 18 და 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებების ლიდერობის შემდეგ, ანდრონიკაშვილმა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მაისურიც მოირგო და FIBA -ს საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - რაც მისი ასაკისათვის საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
შვეიცარიისა და სერბეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებებში, ანდრონიკაშვილმა 29 წუთში 15 ქულის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ სერბეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების განაცხადში NBA-ს რამდენიმე ყოფილი მოთამაშე ირიცხებოდა. საკალათბურთო რადარზე რატი ანდრონიკაშვილი ადრეულ ასაკში გამოჩნდა. 15 წლის რატი საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონში ერთ-ერთ ლიდერად მოევლინა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა A-დივიზიონში აღზევებაში.

სხვა სტატიები