Belive

ოფიციალურად: სანდრო მამუკელაშვილი 2020 წლის NBA-ის დრაფტზე

3 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 2020 წლის დრაფტის დეტალები ოფიციალური სახით გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ 2020 წელს NBA-ის რიგებში მოხვედრას 205 კალათბურთელი შეეცდება, საიდანაც 163 NCAA-ის მოთამაშეა, ერთ-ერთი მათგანი კი, ქართველთა სასიხარულოდ, სანდრო მამუკელაშვილია. სანდრო "სეტონ ჰოლის" რიგებში 2017 წლიდან ირიცხება, ამ დროის განმავლობაში მან საკმაოდ შთამბეჭდავი კალათბურთის ჩვენება მოახერხა და დრაფტზეც დამსახურებულად დადგება.

წლევანდელ სეზონში მამუკელაშვილი თამაშში საშუალოდ 11.9 ქულას, 6.0 მოხსნასა და 1.4 შედეგიან გადაცემას აფიქსირებდა. აღსანიშნავია, რომ კოლეჯის ლიგის წლევანდელ სეზონში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა სანდრომ საკმაო პერიოდი ტრავმის გამო იუქმა. ამ ეტაპისათვის აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, რაც საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ შესაძლოა წლევანდელი დრაფტის ჩატარების საკითხი დღის წესრიგში დადგეს, თუმცა თუ ჩატარდება NBA-ის გუნდები 60 კალათბურთელს აირჩევენ. სანდრო მამუკელაშვილს ივნისის პირველ რიცხვებამდე აქვს დრო, რათა საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, რაც საკმაოდ რეალურია.

რატომაა დიდი ალბათობა იმისა, რომ მამუკელაშვილი 2020 წლის ნაცვლად დრაფტზე 2021 წელს დადგება?


თუ ქართველმა კალათბურთელმა დრაფტზე საკუთარი თავის წარდგენა მოინდომა და ამ ყველაფერმა წარუმატებლად ჩაიარა, მას კოლეჯთა ლიგაში დაბრუნების საშუალება აღარ ექნება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მამუკელაშვილის კოლეჯის გუნდი "სეტონ ჰოლია", რომლის უმთავრესი ფიგურა მაილს პაუელიც ქართველის მსგავსად 2020 წლის დრაფტის 205 ადრეულ კანდიდატს შორისაა. პაუელის შემთხვევაში დრაფტზე დადგომა გამართლებულია და დიდი ალბათობით მას NBA-ის რომელიმე გუნდი აუცილებლად აიყვანს.
  პაუელის გუნდიდან წასვლის ხარჯზე მამუკელაშვილი "სეტონ ჰოლში" გუნდის ლიდერის ამპლუაში იქნება, რაც გაცილებით ეფექტური სეზონის ჩატარებასთან ერთად პირადი სტატისტიკისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი კი გონივრულ ეჭვს ჰბადებს იმისა, რომ ქართველი კალათბურთელი NBA-ის დრაფტზე 2021 წელს დადგება.
სანდრო მემუკელაშილი 1999 წლის 23 მაისს აშშ-ში დაიბადა, მან საქართველოს მოქალაქეობა 2018 წელს მიიღო. მისი სიმაღლე 211 სანტიმეტრია. აღსანიშნავი სტატისტიკური მაჩვენებელია, რომ ქართველი 3-ქულიანებს შესანიშნავი სიზუსტით (44%) ისვრის. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ კალათბურთელს.

სხვა სტატიები