Belive

ფიბამ მე-3 ტურის საუკეთესო ხუთეული დაასახელა, სადაც გიორგი შერმადინიც მოხვდა

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლას დამაჯერებლად აგრძელებს. ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ მესამე ტურის შეხვედრაში ილიას ზუროსის შეგირდებმა “ბაბლის” მასპინძელი ნაკრები  91:85 დაამარცხა. ფინეთთან გამართული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახადა. შერმადინმა 34:23 წუთში 27 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის აქტივში 3 შედეგიანი გადაცემაც იყო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 33-ს გაუტოლდა, რაც მთელს ტურში მე-2 მაჩვენებელია. მშვენივრად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გასაკვირი არაა, რომ ქართველი ცენტრი ფიბას მიერ მე-3 ტურის შეჯამების შედეგად დასახელებულ საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. შერმადინი მხოლოდ ხორვატ მირო ბილანს (37) ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.


 
ფიბას საიტზე ტურის საუკეთესო კალათბურთელის გამოვლენაც მიმდინარეობს და ამ მომენტისთვის შერმადინი დანარჩენ მოთამაშეებს დიდი უპირატესობით უსწრებს: ქართველ კალთბურთელს ხმების 87% აქვს მიღებული, მე-2 ადგილს კი ბლატი იკავებს 9%-ით. შეგახსენებთ, რომ სამიდან სამი მოგებით საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი პოზიცია უკავია, თუმცა სატურნირო მდგომარეობას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან 2022 წელს ევრობასკეტს თბილისი უმასპინძლებს და ჩვენი გუნდი იქ მონაწილეობას მასპინძლის სტატუსით მიიღებს. შემდეგი მატჩი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს კვლავ “ესპო მეტრო არენაზე”, შვეიცარიის წინააღმდეგ, 30 ნოემბერს ელის.

სხვა სტატიები