Belive

ფიბას დირექტორი: ,,შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც თბილისში დარბაზის მშენებლობის პროგრესი ვნახეთ''

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია პირველად მასპინძლობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრების ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და FIBA ევროპის ბორდის, აღმასრულებელი საბჭოს სხდომას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია  FIBA ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის წევრები. გუშინ, სასტუმრო “თბილისის მარიოტში” გამართულ FIBA ევროპის ბორდის სხდომაზე განხილულ იქნა ევროპული კალათბურთის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ევრობასკეტი-2022, ხოლო დღეს, ვიზიტის ფარგლებში,  ფიბა-ს ხელმძღვანელობა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მესვეურებთან ერთად საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ფიბა-ს მაღალჩინოსნები ოლიმპიურ სასახლესთან მშენებარე სპორტკომპლექსს ესტუმრნენ და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა ადგილზე იხილეს სამუშაო პროცესი და გაეცვნენ დარბაზის მშენებლობის დასრულების დეტალურ გეგმას.
კამილ ნოვაკი (ფიბა ევროპს აღმასრულებელი დირექტორი) - ,,პრემიერმინისტრთან შეხვედრისას დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროგრესი ვნახეთ. მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროულად დამთავრდეს. ამდროისთვის გადახურვა უკვე დასრულებული უნდა იყოს. დრო გადის და ძალიან სწრაფად უნდა გაგრძელდეს სამუშაოები. როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალისტურია, ამიტომ, ახლა მიზანი უნდა იყოს, რომ ივნისი-ივლისის ფანჯრისთვის მაინც ყველაფერი მზად იყოს.''
საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელთა ვიზიტი თბილისში და აღამსრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარება საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას, ნდობის გამოცხადებას და ახალი მშენებარე დარბაზის მიმართ ინტერესს. gbf.ge

სხვა სტატიები