Belive

ქართველი კალათბურთელები უნგრეთის წინააღმდეგ დამარცხდნენ

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ამხანაგური შეხვედრა უნგრეთსა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებებს შორის. აღნიშნული დაპირისპირება  ქალაქ კეჩკემეტში, მესი იშტვანის სახელობის საკალათბურთო დარბაზში იმართებოდა. უნგრელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას. ჩვენი მოწინააღმდეგეები პერიმეტრიდან საკმაოდ კარგად ისროდნენ და 13 სამქულიანიც ჩაგვიგდეს. ქართველმა კალათბურთელებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში ანგარიშში დაწინაურება ვერ შეძლეს. ჩვენი ნაკრები მატჩის მიწურულს, თითქოს გონს მოეგო, თუმცა, შეხვედრის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძლები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და ყველა მომენტში ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. ამ ყველაფერმა საბოლოო შედეგზეც იმოქმედა და მატჩი უნგრელების სასარგებლოდ 89:88 დასრულდა. მატჩის წინ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ ამ მატჩში მთავარი შედეგი არ იყო, რაც გულშემატკივრებს სიმშვიდის საშუალებას აძლევს. აღნიშნულ შეხვედრაში ნაკრებს ვერ ეხმარებოდნენ, NBA-ს კალათბურთელები, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს დროით, 18:00 საათზე უნგრეთის ნაკრებს კვლავ დავუპირისპირდებით. ჩვენი გუნდის ასპარეზობა ზაფხულში ამით არ დასრულდება. 12 და 13 აგვისტოს, ასევე ამხანაგურ შეხვედრაში, საქართველო ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი) გაიმართება. ამ შეხვედრების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სერიოზული მატჩები ელის წინ. ჩვენი ნაკრები აკროპოლისის თასზე მიიღებს მონაწილეობას, სადაც საბერძნეთის, პოლონეთისა და თურქეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. აღნიშნული ტურნირი საქართველოს ნაკრებმა 2017 წელს მოიგო. შეგახსენებთ, რომ თურქეთი ევრობასკეტზე ჯგუფში ჩვენს ნაკრებთან ერთად არის და ეს შეხვედრა მშვენიერი საშუალება იქნება მეტოქის სისუსტეების შესასწავლად.

სხვა სტატიები