Belive

რა თანხას იღებენ სპორტსმენები სპორტული ბრენდებისგან | სასპონსორო კონტრაქტების დეტალები

2 წლის წინ კალათბურთი
6 წთ
თანამედროვე სპორტულ სამყაროში სასპონსორო ხელშეკრულებებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, გამომდინარე მისი უდიდესი ფინანსური სარგებლიდან, რომელსაც თავად სპორტსმენი და მისი პირადი გუნდის წევრები იღებენ.  ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მოქმედი სპორტსმენების ექვსეულს, რომელთაც ყველაზე დიდი სასპონსორო გარიგება აქვთ დადებული კომპანიებთან, რომლებიც მათ სპორტულ თუ არასპორტულ ეკიპირებას უზრუნველყოფენ.

სტეფ კარი



პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სტეფ კარი ფორბსის 2019 წლის სიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენებს ასახავდა, მე-9 ადგილზე იმყოფებოდა. კალათბურთელი მნიშვნელოვანი სხვაობით უფრო მეტ თანხას იღებს სასპონსორო გარიგებიდან, ვიდრე მისი პროფესიული ანაზღაურებაა "გოლდენ სტეიტში", რომელიც ასევე საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. კარის Under Armour-თან დადებული კონტრაქტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასპონსორო გარიგებაა, რომლის შედეგად ის ყოველწლიურად 42 მილიონ დოლარს იღებს.

კრიშტიანუ რონალდუ



კონკრეტული სპორტული ეკიპირების კომპანიების მარკეტინგის ჯგუფები თითოეული გარიგების წინ საკმაოდ დიდი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ დგამენ ნაბიჯებს, თუმცა კრიშტიანუ რონალდუ სწორედ ის პერსონაა, რომლის დათანხმების სანაცვლოდაც, კომპანიები და მათი მარკეტინგის ჯგუფები უკან არაფრის სანაცვლოდ არ იხევენ. კრიშტიანუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა და ნებისმიერი კომპანიისათვის სასურველი და საოცნებო სარეკლამო ფიგურაა. მას ძალიან დიდი გავლენა აქვს როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო ბაზარზე. ამის მარტივი მაგალითია ფაქტი, როდესაც ევროპის ჩემპიონატის პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა კოკა-კოლას ბოთლები პროტესტის ნიშნად გვერდით გადადგა და საზოგადოებას მიმართა, რომ დაელიათ წყალი. რამდენიმე დღის შემდეგ კი ამგვარი რეალობა დადგა - კოკა-კოლას აქციების ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა. სპორტული ეკიპირების კუთხით რონალდუს სასპონსორო ხელშეკრულება Nike-თან აქვს გაფორმებული, კონტრაქტის დეტალები კი ასეთია - რონალდუსა და ნაიკის გზები მთელი ცხოვრების განმავლობაში იკვეთება, ვინაიდან მათი გარიგება უვადო თანამშრომლობას ითვალისწინებს, შემოსავლის სახით კი პორტუგალიელი 1 მილიარდ დოლარზე მეტ თანხას მიიღებს, რაც ნაიკის მიერ დასპონსორებულთა შორის რონალდუს მოწინავე პოზიციაზე აყენებს.

ტაიგერ ვუდსი



ტაიგერ ვუდსი გოლფის ლეგენდარული მოთამაშეა, რომელსაც ჰქონდა შანსი, რომ გამხდარიყო პირველი სპორტსმენი, რომელმაც სპორტული კარიერით 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, თუმცა ამ მხრივ სხვა რეალობა დადგა. 2009 წელს ტაიგერ ვუდსი სპორტული ეკიპირების სასპონსორო გარიგების ჭრილში ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი იყო. იყო პერიოდი როდესაც ვუდსმა ძალიან ბევრი კომპანია გაისტუმრა უარით, რისი მიზეზიც მისი და Nike-ის ხელშეკრულება იყო. Nike-სა და ტაიგერ ვუდსის გზები 1996 წლიდან იკვეთება და ამ დრომდე გრძელდება. კონტრაქტის ზუსტი დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა საკითხის ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ პროფესიონალი გოლფის მოთამაშე სასპონსორო ხელშეკრულებით ძალიან დიდ თანხას იღებს. ამის ფაქტობრივ მტკიცებულებად კი მოყავთ ფაქტი, რომელიც ასეთია - ტაიგერ ვუდსის ქონება 1.5 მილიარდ დოლარად ფასდება, საიდანაც მისი გამომუშავებული თანხა სპორტული კარიერის მანძილზე ხსენებული თანხის 10%-ს არ აღემატება.

როჯერ ფედერერი



როჯერ ფედერერი ერთ-ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ კონკრეტულ სპორტსმენს შესაძლებელია ჰქონდეს პირადი სიმპათია ამა თუ იმ ბრენდის მიმართ. როჯერ ფედერერი ძალიან ბევრი ადამიანისთვის Nike-თან ასოცირდებოდა, გამომდინარე იქედან, რომ დიდი ხნის განმავლობაში შვეიცარიელი ხსენებული ბრენდის ეკიპირებით იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება ამჟამინდელ რეალობას, ფედერერი ამჟამად Uniqlo-სთან თანამშრომლობს, რომელიც იაპონური ბრენდია. გარიგების სანაცვლოდ ფედერერი 10 წლის განმავლობაში 300 მილიონ დოლარს მიიღებს, რომელიც მისი და Nike-ის 20-წლიანი ხელშეკრულების პირობებს გაცილებით აღემატება, თუმცა აქვე გეტყვით, რომ თავის დროზე ფედერერისა და Nike-ის კონტრაქტი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასპონსორო შეთანხმება გახლდათ.

ლებრონ ჯეიმსი



გამომდინარე იქედან, რომ ლებრონ ჯეიმსი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი ხმაურით შევიდა, რაც თავის თავში დრაფტის პირველი რაუნდის პირველ პიკს გულისხმობს, მან არაერთი სასპონსორო შეთავაზება მიიღო, მათ შორის Reebok-ისგან. საყურადღებოა, რომ Reebok-ს საკონტრაქტო დეტალებში ლებრონისათვის 10 მილიონი დოლარის გადახდა ჰქონდა გათვლილი. 2015 წელს, თანამედროვე სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგება დაიდო, ნაიკმა ლებრონ ჯეიმსს უვადო კონტრაქტი დაუდო (lifetime), რომლის სანაცვლოდაც NBA-ის სუპერვარსკვლავი 1 მილიარდ დოლარს მიიღებს.

ლიონელ მესი


Messi-Adidas

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია და რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სასპონსორო გარიგებების ჩამონათვალში ბოლოა. მესი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია სპორტული კუთხით, თუმცა როგორც გითხარით სასპონსორო გარიგებები მისი დონის სპორტსმენისათვის არადამახასიათებელია. მესის სპორტულ ეკიპირებას კომპანია Adidas-ი ახდენს, კონტრაქტის თანახმად არგენტინელი ყოველწლიურად 27 მილიონ დოლარს იღებს, რაც საკმაოდ ცოტაა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ კონტრაქტში მნიშვნელოვანია ის, რომ ხელშეკრულება უვადოა (lifetime). ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მესი მისი პროფესიული შემოსავლის სახით დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იღებს, რაც ჯამურ შემოსავალს აბალანსებს და მას მოწინავე პოზიციაზე აყენებს მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის.

სხვა სტატიები