Belive

"როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ყველა შენგელიასა და შერმადინზე ფიქრობს" - სერჯიო სკარიოლო

1 წლის წინ კალათბურთი
4 წთ
4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა. საქართველომ შეძლო სასწაულის მოხდენა და დაძაბულ შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. თბილისი (საქართველო) – საქართველომ ახალი არენის (“თბილისი არენა”) გახსნა 8500 გულშემატკივრის თანდასწრებით აღნიშნა და სადებიუტო შეხვედრაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა. ევრობასკეტის თანამასპინძელმა საქართველომ, დრამატულ დაპირისპირებაში, დამატებით ტაიმში გაიმარჯვა (82:76). აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ესპანეთი პირველად დამარცხდა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ესპანეთის წინააღმდეგ მორიგი გამოცდის ჩაბარება ევრობასკეტზე მოუწევს. შეგახსენებთ, ევრობასკეტის A-ჯგუფში მასპინძელი საქართველო, ესპანეთი, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი და მონტენეგრო იასპარეზებენ. ევრობასკეტი 1-18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელსაც ევროპის 5 ქალაქი უმასპინძლებს. A-ჯგუფის მატჩები თბილისში ჩატარდება. ევრობასკეტის დაწყებამდე ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - სერჯიო სკარიოლომ ვრცელი კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა ესპანეთის ნაკრებში არსებულ თაობათა ცვლას გაუსვა ხაზი და საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

ესპანეთის მზადება ევროპირველობისთვის
"ჩვენ ვაკვირდებით ახალ მოთამაშეებს. თაობათა მასშტაბური ცვლა მიმდინარეობს. ახლა საუკეთესო მოთამაშეებმა, საუკეთესო თაობამ, გარდა რამდენიმე კალათბურთელისა კარიერა უკვე დაასრულა. გვყავს ბევრი ახალი სახე, მათ შორის ახალგაზრდებიც, რომელთაც ექნებათ თავის გამოჩენის საშუალება. რა თქმა უნდა ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, ვიქნებით თუ არა ისეთივე კონკურენტუნარიანები, როგორიც ადრე, თუმცა, ვფიქრობ, რომ ბრძოლისუნარიანობა, მენტალიტეტი და თამაშისადმი მიდოგმა იგივე დარჩება, რაც გვქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ჩვენი ეროვნული გუნდის ტრადიციების ღალატი".
ჯგუფში მთავარი კონკურენტი
"საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში თამაშობს და ძალიან კარგი გუნდია. თურქეთის ეროვნული გუნდიც შესანიშნავია. საკმაოდ დაბალანსებული ჯგუფია - ყველა ნაკრებს აქვს შანსი გავიდეს შემდეგ ტურში. ალბათ ნიჭიერი მოთამაშეების გამო, თურქეთს უფრო მეტად მივიჩნევ ძირითად კონკურენტად, ხოლო საქართველოს, როგორც მასპინძელს, შესაძლოა სხვებთან შედარებით გარკვეული უპირატესობაც ჰქონდეს".
ქართული კალათბურთი
"ვიცი რომ დიდი ტრადიციები გაქვთ და ძალიან კარგი ნაკრები გყავთ. როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ყველა ფიქრობს თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ასპარეზობენ, თუმცა, ძალიან კარგი მოთამაშეები არიან მაკფადენი და ბურჯანაძეც. ასევე ბევრი სხვა ძლიერი კალათბურთელი გყავთ. ძალიან კარგი მწვრთნელია ილიას ზუროსიც, ასე რომ ვფიქრობ დიდი პოტენციალი აქვს ამ შემადგენლობას, თანაც საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშისას".
შეგახსენებთ, FIBA-მ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ევრობასკეტი თბილისში, მსოფლიო ჩემპიონის მატჩით იხსნება. 1 სექტემბერს, 15:30 საათზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ბულგარეთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები