საბედისწერო ტრავმა და ეტლში გატარებული 13 წელი | ბობან იანკოვიჩის ტრაგიკული ისტორია

egt treasure quest

ბობან იანკოვიჩი: ყოფილი კალათბურთელი, რომლის სიცოცხლეც ერთმა საბედისწერო მომენტმა მთლიანად შეცვალა. მსაჯის გადაწყვეტილებით გაბრაზებული იანკოვიჩი მდგომარეობიდან გამოვიდა და თავი, მთელი ძალით, კედელს მიარტყა. ტრავმის შედეგად, იანკოვიჩი ეტლს მიეჯაჭვა, ამ ყველაფერმა კი, სერბი კალათბურთელი ნაადრევ გარდაცვალებამდე მიიყვანა.

პირველი ნაბიჯები კალათბურთში

სლობოდან იანკოვიჩს მეტსახელად ბობანს ეძახდნენ. იგი 1963 წლის 15 დეკემბერს, სერბეთში დაიბადა. მისი საკალათბურთო დებიუტი 17 წლის ასაკში, “ცრვენა ზვედზას” შემადგენლობაში შედგა. ბავშვობიდან დიდი ტალანტით გამოირჩეოდა და 1985 წელს, NBA-ის დრაფტზეც იყო წარდგენილი, თუმცა მისი კარიერა აშშ-ში არ განვითარდა.

პანიონიოსი

კარიერის უდიდესი ნაწილი იანკოვიჩმა “ცრვენა ზვეზდაში” გაატარა, თუმცა 1992 წელს, ბერძნულ “პანიონიოსში” გადაწყვიტა თამაში. მცირე დროში, მან გულშემატკივარისგან უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა: 1992–93 წლების სეზონში, იანკოვიჩი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა.

ტრაგიკული ინციდენტი

1993 წლის 28 აპრილმა მისი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. პლეი-ოფში, “პანიონიოსი” საკუთარ არენაზე “პანათინაიკოსს” შეხვდა. იანკოვიჩმა ბურთი ჩააგდო, თუმცა მსაჯმა, სტელიოს კუკულეკიდისმა, ჩათვალა, რომ იანკოვიჩი შეტევაში უნდა დაეჯარიმებინა. ეს მეხუთე ჯარიმა იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სერბი მოედანს ტოვებდა.

იხილეთ ვიდეო


იანკოვიჩისთვის, ეს იყო უმნიშვნელოვანეს მატჩში მიღებული უზომოდ არასამართლიანი გადაწყვეტილება. სერბმა კალათბურთელმა ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო და მეტიც, მან ბეტონის კედელს თავი გამეტებით, მთელი ძალით ჩაარტყა, რის შედეგადაც, უმძიმესი თავის ტრავმა მიიღო და ზურგის ტვინი სამუდამოდ დაიზიანა.

იანკოვიჩი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში იგი ხელებსა და ფეხებს ვეღარ იმორჩილებდა.

“პირადად მე, ვისურვებდი, რომ ბობანი იქვე მომკვდარიყო”, – განაცხადა წლების შემდეგ “პანიონიოსის” მთავარმა ექიმმა.

“ყველაზე საშინელი ისაა, რომ როდესაც იძინებ, იცი, რომ ხვალ გაიღვიძებ და ფეხზე ადგები… არა, გაიღვიძებ და იგივე ტკივილს იგრძნობ” – ეს კი  თავად ბობანის სიტყვებია.


საბედისწერო ტრავმა და ეტლში გატარებული 13 წელი | ბობან იანკოვიჩის ტრაგიკული ისტორია 2

იანკოვიჩს წელს ქვემოთ ყველა კიდური წაერთვა და სიცოცხლის ბოლომდე, გადაადგილებისთვის ეტლს იყენებდა


დაფასება

2002 წელს, მისმა ყოფილმა გუნდმა, “პანიონიოსმა”, ბობანს დაუვიწყარი დღე მოუწყო. გულშემატკივრებით სავსე არენაზე, დიქტორმა ბობან იანკოვიჩის სახელი გამოაცხადა, რომელსაც 10-წუთიანი ოვაციები მოჰყვა. ხალხი უწყვეტად ყვიროდა: “ბობან, ბობან!”

იყო ცრემლი და იყო უზომოდ გულწრფელი ემოციები.

ისიც აღსანიშნავია, რომ “პანიონიოსმა” ბობან იანკოვიჩის 8-ნომრიანი მაისური გააუქმა – სერბის შემდეგ, ეს მაისური აღარავის ჩაუცვამს.

ეტლში მჯდომი მწვრთნელი

2002 წელს, იანკოვიჩმა ბერძნული სამოყვარულო გუნდისგან შემოთავაზება მიიღო: მას მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობდნენ, რაზეც თანხმობა განაცხადა.

“კალათბურთი უზომოდ მიყვარს. ეტლში ჯდომის მიუხედავად, არენაზე დაბრუნება ყოველთვის მინდოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება: მსურს, ყველას დავუმტკიცო, რომ რაღაცის გაკეთება კვლავ შემიძლია.

მე პროფესიონალი მწვრთნელი ვარ, ბელგრადში მწვრთნელების სკოლა დავამთავრე. ერთადერთი რამ, რაც სხვა მწვრთნელებისგან განმასხვავებს, არის ის, რომ ხაზზე სირბილს ვერ შევძლებ. ამის მიუხედავად, შემიძლია ცოდნა გავაზიარო, სხვას რჩევა მივცე და გუნდს დავეხმარო. თანაც, მარტო არ ვარ, ასისტენტებიც მყავს.

ხალხს ჩემი ეშინია. ისინი იბნევიან და არ იციან, რა თქვან. თუმცა მათი კარგად მესმის, მათ ადგილას მეც იგივე რეაქცია მექნებოდა”, აღნიშნა მან.

გარდაცვალება

13 წლის განმავლობაში, იანკოვიჩი ეტლს იყო მიჯაჭვული, რის გამოც წონაში საგრძნობლად მოიმატა. ჭარბწონიანობისა და უმოძრაობის გამო, მას გულის პრობლემები დაეწყო და 2006 წლის 28 ივნისს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

საბედისწერო ტრავმა და ეტლში გატარებული 13 წელი | ბობან იანკოვიჩის ტრაგიკული ისტორია 3

(14602)

საბედისწერო ტრავმა და ეტლში გატარებული 13 წელი | ბობან იანკოვიჩის ტრაგიკული ისტორია

სტატიის ავტორი
-