Belive

საქართველო Vs. უკრაინა | პრევიუ

2 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
FIBA-ის ეგიდით გასამართი კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე კვირაში იწყება. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ევროპის ზონიდან 32 ქვეყანა იბრძოლებს, საიდანაც მხოლოდ 12 მათგანს ექნება შანსი, რომ ტურნირზე კვალიფიცირდეს. მიმდინარე კვირაში საკუთარ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც გამართავს. ჩვენი ოპონენტი უკრაინის ნაკრები იქნება, შეხვედრას კი სპორტის სასახლე, 26 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე უმასპინძლებს. უკრაინელებთან მატჩის შემდეგ, საქართველო გასვლით შეხვედრაში, 29 ნოემბერს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის მზადება თბილისის სპორტის სასახლეში, 20 ნოემბრიდან დაიწყო. საწყის 2 დღეს გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – მილოშ გლიგორიევიჩი, გეორგიოს ლიმნიატისი და ანატოლი ბოისა ავარჯიშებდნენ. 22 ნოემბრიდან კი ნაკრების მომზადების პროცესს ილიას ზუროსი უძღვება, რომელიც ნაკრების მოთამაშეებს ჯერ უკრაინასთან მატჩისთვის ამზადებს, რის შემდეგაც მთელ ყურადღებას ესპანეთთან დაპირისპირებაზე გადაიტანენ.

საყურადღებოა, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული კალათბურთელების სრული შემადგენლობა ამ ეტაპამდე არაა დაკომპლექტებული, ვინაიდან ევროპაში მოასპარეზე ლეგიონერებიდან ნაკრების ვარჯიშებს ამ ეტაპისთვის მხოლოდ თორნიკე შენგელია ვერ უერთდება, რომელიც თბილისში მოსკოვიდან, ჩარტერული რეისით, თამაშის წინა დღეს გამოფრინდება. საქართველოსა და უკრაინის დაპირისპირება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იქედან გამომდინარე, რომ შესარჩევი ციკლის პირველი მატჩია.

უკრაინის ნაკრებს საქართველოს მსგავსად 2021 წელს 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული, უკრაინელებმა ორივე მოიგეს - უნგრეთთან და სლოვენიასთან. საქართველომ სამწუხაროდ ორივე შეხვედრა, ფინეთთან და სერბეთთან, მარცხით დაასრულა, თუმცა ილიას ზუროსის გუნდი უკრაინასთან მატჩს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც ერთმნიშვნელოვნად ქმნის იმის წინაპირობას, რომ ქართველები გაიმარჯვებენ. 2011 წლიდან დღემდე საქართველსოა და უკრაინას შორის 4 მატჩია გამართული, აქედან 3 შემთხვევაში შედეგი ქართველების გამარჯვება დადგა, ხოლო ბოლო მატჩში 2017 წელს უკრაინამ ანგარიშით - 81:88, მოიგო.

ექსპერტების შეფასებით საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩის გამოკვეთილი ფავორიტია. 2-წლიანი პაუზის შემდეგ საკალათბურთო ნაკრების მატჩს მაყურებელი დაესწრება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და უკრაინის დაპირისპირებას, სპორტის სასახლის საერთო ტევადობის 30 პროცენტი დაესწრება.  

სხვა სტატიები