Belive

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წარმატება | ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით 16-წლამდელთა ჩელენჯერის ტიპის ტურნირი ჩატარდა. ტურნირში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირეს. ჯგუფურ ეტაპზე, ჩვენი გუნდი 4 ნაკრებით დაკომპლექტებულ ჯგუფში, 2 მოგებითა და 1 მარცხით პირველ ადგილზე გავიდა. პირველ თამაშში ქართველი კალათბურთელები სლოვაკებთან 1-ქულის სხვაობით, ანგარიშით 76:77, დამარცხდნენ - შეხვედრის კულმინაცია მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე შედგა, როდესაც სლოვაკებმა დასკვნითი 3-ქულიანის რეალიზების შედეგად გაიმარჯვეს.

მეორე და მესამე შეხვედრაში კი ჩვენმა 16-წლამდელთა ნაკრებმა დამაჯერებლად იასპარეზა - ორივე შეხვედრა 10 ქულით მოიგეს, ჯერ კვიპროსი დაამარცხეს (76:86), შემდეგ კი უნგრელები (51:61). ქართველი კალათბურთელები ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე უკრაინის ეროვნულ ნაკრებს 20-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 82:62 სძლიეს. რაც შეეხება ფინალს, ჩვენი ახალიგაზრდული ნაკრების მეტოქე უნგრეთის ეროვნული ნაკრები იყო, რომელთანაც დაძაბულ შეხვედრაში, მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 75:72, დავმარცხდით. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად საოცარი თამაშები ჩაატარა და დამსახურებული პრიზიც მიიღო.

ამრიგად, საქართველოს 16-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ჩელენჯერის ტიპის ტურნირზე, საპატიო მეორე ადგილი მოიპოვა.