Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საბერძნეთში აკროპოლისის თასი იმართება, სადაც მასპინძლის გარდა, თურქეთის პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებებიც იღებენ მონაწილეობას. პირველი შეხვედრა საქართველოსა და თურქეთს შორის გაიმართა, სადაც მოწინააღმდეგეებმა 88:101 დაგვამარცხეს. აღნიშნული შეხვედრა ჩვენთვის კარგად დაიწყო და სათამაშო უპირატესობასაც ვფლობდით. თუმცა, თურქებმა მაინც მოახრხეს მატჩში დაბრუნება და წინ გაიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველომ პერიმეტრიდან საკმაოდ ბევრი ბურთი მიიღო საკუთარ ფარში. თურქების შედეგიანობის კოეფიციენტი სამქულიანებში 46% იყო, მათ 26-დან 12 ბურთის ჩაგდება შეძლეს. რაც შეეხება საქართველოს, მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ 7 სამქულიანის ჩაგდება მოვახერხეთ. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყება, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სწორედ თურქეთი იქნება. ილიას ზუროსმა მატჩის წინ აღნიშნა, რომ მსგავსი თამაშები კარგია შეცდომების გამოსასწორებლად. ამ შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები დაცვაში დამაჯერებლად ვერ თამაშობს. საქართველოს მხრიდან საუკეთესოები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი იყვნენ. საკუთარ გუნდს თორნიკემ 20, ხოლო გიორგიმ 18 ქულა მოუტანა. შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო სანდრო მამუკელაშვილიც, რომელმაც 16 ქულასთან ერთად 14 მოხსნაც მიითვალა აქტივში. ჩვენს ნაკრებს აკროპოლისის თასზე კიდევ ორი შეხვედრა დარჩა. ხვალ, 18 აგვისტოს 22:00 საათზე მასპინძელ საბერძნეთს ვეთამაშებით, ხოლო 19 აგვისტოს 19:00 საათზე – პოლონეთს. ამ შეხვედრების შემდეგ, საქართველოს ოფიცალური მატჩი ელის. 24 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნიდერლადნებს ვუმასპინძლებთ.    

სხვა სტატიები