Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 2021 წელი

2 წლის წინ კალათბურთი
5 წთ
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისათვის 2021 წელი განსაკუთრებული დატვირთვის მქონე წლის დასკვნით ფაზაში გახდა, როდესაც გუნდმა მსოფლი ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებელ ასპარეზში ჩაერთო. 2021 წელს ჩვენმა ნაკრებმა 4 საერთაშორისო შეხვედრა გამართა, საიდანაც ორი EuroBasket-ის საკვალიფიკაციო გახლდათ, რომელიც ჩვენთვის სრული ფორმალობა იყო, ვინაიდან ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა ვართ. თუ ბევრის კითხვა "გეზარება" ან დრო არ გაქვს, შეგიძლია მხოლოდ გამსხვილებული/გაბოლდებული ტექსტი წაიკითხო.

საქართველო Vs. სერბეთი


პირველი მატჩი 19 თებერვალს გაიმართა, სადაც ილიას ზუროსის შეგირდებმა საშინაო არენაზე სერბეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს. სამწუხაროდ, აღნიშნულ დაპირისპირებაში ქართველები 24-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 66:92, დამარცხდნენ.

სერბების წინააღმდეგ, ქართველ კალათბურთელებს შორის, თავი განსაკუთრებით გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ გამოიჩინეს. ასევე, საყურადღებოა, რომ ეს იყო პირველი მატჩი კონერ ფრანკამპისათვის, რომელიც ნატურალიზებული კალათბურთელის ამპლუაში იყო წარმოდგენილი, თუმცა ტრავმის გამო თამაშის სრულფასოვნად ჩატარება ვერ შეძლო.

საქართველო Vs. ფინეთი


მეორე მატჩი ზემოთხსენებული შეხვედრიდან 2-დღეში გაიმართა, სადაც საქართველოს გუნდმა, ისევ საშინაო არენაზე, ფინეთის ეროვნული ნაკრები მიიღო. ამჯერად ქართველები შედარებით უკეთესად გამოიყურებოდნენ, თუმცა ეს იყო თამაში, როდესაც ფინელებს ფაქტობრივად ყველაფერი გამოუვიდათ და შედეგიც შესაბამისი დადგა - სტუმრებმა 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 70:78, იმარჯვეს. ქართველთა შორის ყველაზე უხვქულიანი მოთამაშე, ამჯერადაც გიორგი შერმადინი გახდა.

მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ფაქტი, რომ ქართველებისათვის EuroBasket-ის შეხვედრები ფორმალურ დატვირთვას ატარებდა, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა 4-გუნდიან ჯგუფში საპატიო მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე სერბეთი გავიდა, რომლებმაც ჩვენს მსგავსად 10 ქულა მოაგროვეს, თუმცა მათ პიროლობა მხოლოდ იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით ერგოთ, რომელიც თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესს გამოარჩევს.

საქართველო Vs. უკრაინა


ზემოთხსენებული ორი შეხვედრიდან 9 თვის შემდეგ, ბერძენი სპეციალისტის თავკაცობით მოასპარეზე ჩვენი ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო, სადაც პირველი მატჩი, თბილისის სპორტის სასახლეში, უკრაინელების წინააღმდეგ გამართეს. ოფიციალური თამაში ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული იყო, ვინაიდან საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ და თითოეული მატჩის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში საყურადღებოა, რომ თებერვლის სანაკრებო მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდს ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია დაემატა, რომელმაც თავის მხრივ გმირობის ტოლფასი რამ გააკეთა - კლუბში ჩატარებული თამაშის შემდეგ ჩარტერული რეისით გამოემგზავრა თბილისში და შესაბამისად, 24-საათიან ინტერვალში ორი შეხვედრა ჩაატარა. უკრაინის წინააღმდეგ გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საბედნიეროდ, ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 88:83 დაამარცხეს და შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყეს. შეხვედრის მსვლელობაში განსაკუთრებული როლი თად მაკფადენის "სნაიპერობამ" შეასრულა, რომელმაც მხოლოდ პირველ მეოთხედში ხუთი სამქულიანი ჩააგდო | VIDEO
ასევე წაიკითხეთ Rustava2: უკრაინის მხარდაჭერა კეზერაშვილის მიერ


ქართველებმა უკრაინელებთან სრული თავდადებით იბრძოლეს და რთულია რომელიმე მოთამაშის გამოყოფა, თუმცა გადამწყვეტი როლი მაკფადენს, შერმადინსა და შენგელიას მიუძღვით. თავის მხრივ კარგი შეხვედრა ჰქონდა ACB ლიგაში მოასპარეზე ბექა ბურჯანაძესაც.

ესპანეთი Vs. საქართველო


უკრაინელებთან მატჩიდან 3-დღეში, ქართველი კალათბურთელები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ - ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, უკრაინასთან მატჩის დროს დაზიანდა და ნაკრებს ვერ დაეხმარა. ესპანელებმა ქართველებს მატჩის დასაწყისიდანვე მნიშვნელოვანი სხვაობით გაასწრეს და საბოლოოდ 28-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 89:61, მოიგეს.

ამრიგად, ჩვენი ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევ ციკლში, ამ ეტაპისათვის, საკუთარ ჯგუფში, 1 მოგებითა და 1 მარცხით, მეორე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 24 თებერვალს, საშინაო არენაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გაიმართება, რომელიც ასევე მსოფლიოს 2023 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იქნება.
2021 წელს, ქართველ კალათბურთელებს მოგების 25-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახით არის წარმოდგენილი ქართული სპორტის რეალობაში და იმედი იმისა, რომ მომდევნო წლები უკეთესი იქნება, კიდევ უფრო დიდია. ამავდროულად, ჩვენი ნაკრები, დარგის ექსპერტების მიერ, EuroBasket-ის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდებს შორისაა დასახელებული. წინ უმნიშვნელოვანესი 2022 წელია!

სხვა სტატიები