Belive

შაკილ ო'ნილი - შვილებს ფულს არ ვჩუქნი, მათ ეს უნდა დაიმსახურონ

2 წლის წინ კალათბურთი
5 წთ

შაკილ ო'ნილი მიიჩნევს, რომ საკუთარი ფინანსების გამოსამუშავებლად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდა აზრს მაშინაც კი არ იცვლის, როდესაც საქმე მის 6 შვილს ეხება. ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრად ყოფნის დროს, NBA-ის დიდებათა დარბაზის წევრმა აღნიშნა, რომ მისი შვილები ვერ მიიღებენ სოლიდურ თანხებს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მდიდარია.

"ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ. მათ ჩემი გადაწყვეტილება სწყინთ - შესაძლოა არ სწყინთ, მაგრამ არ ესმით. შვილებს ყოველთვის ვუმეორებ, რომ ჩვენ არ ვართ მდიდრები - მე ვარ მდიდარი", - აღნიშნავს ო'ნილი.
ლეგენდარული კალათბურთელის შემოსავალი დაახლოებით 400 მილიონ დოლარს შეადგენს. მართალია შაკის პროფესიონალური საკალათბურთო კარიერა დიდი ხნის წინ დასრულდა, თუმცა ო'ნილი TNT-ის საკალათბურთო მიმომხილველის პოსტს იკავებს და პარალელურად, არაერთ კომპანიასთან 50 სასპონსორო ხელშეკრულება აკავშირებს. Gold Bond, Reebok, Pepsi, The General - ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელთანაც შაკილ ო'ნილი თანამშრომლობს. NBA-ის 4-გზის ჩემპიონი იმ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს ასაჯაროვებს, რომლებსაც საკუთარ შვილებს უყენებს. შაკის პირობების შესრულების შემთხვევაში, მისი შვილები თანხას მიიღებენ.
"ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის აღების შემდეგ, თუ გექნებათ სურვილი, რომ რომელიმე თქვენს კომპანიაში ინვესტიცია განვახორციელო სიამოვნებით დაგელაპარაკებით. მხოლოდ ერთი წესი არსებობს - განათლება! საერთოდ არ მაღელვებს ის ფაქტი, კალათბურთს თამაშობთ თუ არა. ვისურვებდი, რომ გახდეთ ექიმი, ფარმაცევტი ან იურისტი - ან ადამიანი, რომელიც ბიზნესს მართავს და განკარგავს. ვიღაც, ვინც ჩემს ბიზნესს გაუძღვება. თქვენ ვერ მიიღებთ ჩემს ფულს - ის უნდა გამოიმუშავოთ". "არაფრისგან მოვდივარ. ის, რომ წარმატებას მივაღწიე არაფერს ნიშნავს. ჩემი წარმატება არ ნიშნავს, იმას რომ თქვენზე მეტი ან თქვენზე ჭკვიანი ვარ - მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენზე მეტი ფული მაქვს არ ნიშნავს, რომ თქვენზე კარგი ადამიანი ვარ. ასე არასდროს მიცხოვრია და არც არასდროს ვიცხოვრებ", - აღნიშნავს შაკილ ო'ნილი. 
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი ლეგენდა - კობი ბრაიანტი მსგავსი სულისკვეთების მატარებელი იყო. კობი ბრაიანტმა, 2016 წელს წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან მომავალ “შავ მამბას” ცხოვრებიდან საინტერესო გამოცდილება გაუზიარა. 41 წლის ასაკში ცხოვრების ტრაგიკულად დასრულების შემდეგ, ვფიქრობთ რომ მისი წერილი ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს.   ძვირფასო 17 წლის კობი, მას შემდეგ, რაც შენი ოცნება ახდება და “ლეიკერსის” რიგებს შეუერთდები, უნდა მოიფიქრო, თუ როგორ განახორციელო ინვესტიცია შენს ოჯახსა და მეგობრებში. ეს მარტივად ჟღერს და შეიძლება იფიქრო, რომ ამ ყველაფერს დიდი გონებრივი შესაძლებლობები არ სჭირდება, თუმცა გააზრებისთვის მეტი დრო გჭირდება. მე ვთქვი, ინვესტიცია. და არა გაცემა. მოდი კარგად აგიხსნი. შენი დებისთვის და მეგობრებისთვის მატერიალურად გვერდში დადგომა სწორ გადაწყვეტილებას ჰგავს. გიყვარს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის შენს გვერდით იდგნენ. შესაბამისად, ფიქრობ, რომ მათ შენი წარმატება უნდა გაიზიარონ და ასევე, მიიღონ ყველაფერი, რაც შენს წარმატებას მოსდევს. შედეგად, მათთვის ყიდულობ ავტომობილს, იხდი მათ გადასახადებს და გსურს, მათი ცხოვრება უფრო მარტივი და კომფორტული გახადო. ასეა, ხომ? რამდენადაც გჯეროდა, რომ სწორად იქცეოდი, იმდენად უშლიდი შენი საყვარელ ადამიანებს პროგრესს ხელს. დადგება დღე, როდესაც ამას მიხვდები, გაიაზრებ, რომ მათ იმიტომ ეხმარებოდი, რომ რეალურად, ამით სიამოვნებას შენ იღებდი. შენ გიხაროდა ის, რომ არაფერი ადარდებდათ და მათ სახელზე ღიმილს ხედავდი – ეს კი ძალიან ეგოისტურად ჟღერს. მაშინ, როდესაც სიამოვნებას იღებდი, შენი საქციელით მათ ამბიციებსა და ოცნებებს ამსხვრევდი. მათ ცხოვრებაში შეგქონდა მატერიალური სიკეთე, თუმცა შენი საყვარელი ადამიანები უზენაესი მნიშვნელობის  თავისუფლებასა და ზრდის შესაძლებლობას შორდებოდნენ. გაიაზრე, რომ მალე ოჯახის უფროსი გახდები, რაც რთულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება – ისეთებსაც კი, რომლებსაც შენი დები და მეგობრები არ იზიარებენ. საჭიროა მათ მომავალში ინვესტიცია და არა მატერიალური სიკეთის გაცემა. გამოიყენე შენი წარმატება, სიმდიდრე და გავლენა, რათა მათ საკუთარი მიზნები გაიაზრონ და ოცნებები თავად აიხდინონ. ატარე ისინი კარგ სკოლაში, დაუნიშნე გასაუბრებები და ხელი შეუწყე, თავად გახდნენ ლიდერები. საქმეში მათ ისეთივე შრომისმოყვარეობა და მონდომება უნდა გამოიჩინონ, როგორც შენ – სწორედ ამან მიგიყვანა იქ, სადაც ახლა ხარ.

სხვა სტატიები