Belive

შენგელია: "კარიერაში უდიდესი მიღწევა საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშია"

3 წლის წინ კალათბურთი
4 წთ

FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე თორნიკე შენგელიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ბავშვობის ოცნებებსა და საქართველოს ნაკრებში თამაშის ემოციებზე საუბრობს. 

"ბავშვობიდან, როდესაც ეროვნული ნაკრების ჰიმნი მესმოდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ჩემი ოცნება იყო, მოედანზე ვყოფილიყავი და ჩემი ქვეყნისთვის მებრძოლა. ახლა კი, აქ ვარ და ჩემი ოცნება ახდენილია. ეს არის ის, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ."
უკვე თითქმის 10 წელია, თორნიკე შენგელია საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშეა. მას ევრობასკეტზე მონაწილება 3-ჯერ აქვს მიღებული და ასევე, FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობდა. მისი სიტყვებით, ეროვნული ნაკრების ფორმით თამაშის შეგრძნება არასოდეს ნელდება.
"როდესაც გავიგე, რომ საქართველო ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებდა, ადრენალინის უდიდესი დარტყმა მივიღე. ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ იზეიმა. ეს არამარტო ჩემთვისა და მოთამაშეებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს."
ევრობასკეტის მასპინძლობა ბევრ რამეს ნიშნავს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვისაც, რომლებიც დიდ კალათბურთში შებიჯებამდე, შენგელიას კვალზე მიდიან.
"ეს ჩემი მოტივაციაა, რადგან ერთ დროს, მეც ზუსტად იმავე ადგილას ვიყავი."
vBRRVn2ZZUKQOhKDeuCgVw

ზოგადად, ბოლო ოთხ ევრობასკეტზე მონაწილეობა საქართველოში სპორტის განვითარებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს. საქართველო ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს მოხვდა, როდესაც მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაიზარდა.
"ქვეყანაში კალათბურთისადმი სიყვარული ყოველთვის იგრძნობოდა, თუმცა დროთა განმავლობაში, ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წამყვან სპორტად გადაიქცა. სტატისტიკურად, უკანასკნელ წლებში კალათბურთის თამაში უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო."
შენგელიას თქმით, მის კარიერაში მთავარი მნიშვნელობა საქართველოს ნაკრების მაისურით გამართულ მატჩებს ენიჭება.
"ყველაზე კარგად მახსენდება მომენტი, როდესაც კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო ბაზაზე გამომიძახა. საოცრად აღელვებული ვიყავი, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო."

"ჩვენ ბევრი შესანიშნავი კალათბურთელი გვყავდა: ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი - არ მინდა ვინმე გამომრჩეს. პირველი დღის ბოლოს, მე არა ერთი კონკრეტული კალათბურთელით, არამედ მთელი გუნდით ვიყავი მოხიბლული."
შენგელიამ ევრობასკეტზე 2011, 2015 და 2017 წლებში ითამაშა. 2013 წელს, ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის გამოტოვება მას ტრავმის გამო მოუწია. ევრობასკეტზე ნაკრების წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად შენგელია მოკლე სკამს ასახელებს.
"უმეტესად, მოედანზე 7-8 კალათბურთელის გამოყვანის შესაძლებლობა გვქონდა. გუნდში იყვნენ ბიჭები, რომლებიც გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ, თუმცა მათ მოედანზე გამოსვლის შანსი არ მიეცათ. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან მატჩში დავმარცხებულვართ, მაგრამ დიდი მატჩებიც მოგვიგია. ლიეტუვისა და ისრაელის ნაკრების დამარცხებას გამოვყოფდი."

"თუკი გუნდი საუკეთესო ფორმაში იმყოფება და ტრავმა გუნდის არცერთ წევრს არ აწუხებს, ჩემი აზრით, ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია ბრძოლა. ამას მიკერძოებულად არ ვამბობ, ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია და იმედი მაქვს, ჩვენს სიტყვას კიდევ არაერთხელ ვიტყვით."
პირველად ისტორიაში, ევრობასკეტზე ასპარეზობისას, საქართველო საკუთარ მოედანზე ითამაშებს.
"ჩვენი გულშემატკივარის წინაშე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულ მომენტთან არის დაკავშირებული. ეს ყოველთვის რაღაც სხვას ნიშნავს. ასე რომ, უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ."
მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებლობის ფონზე, გასულ ოთხ ევრობასკეტზე საქართველო ძალიან კარგი გუნდით ასპარეზობდა, შენგელიას მომავალი თაობის იმედი აქვს.
"გუნდის ძირითადმა ბირთვმა გასულ ათწლეულში ითამაშა. თუმცა მჯერა რომ გუნდში კიდევ ბევრი კარგი თაობა ითამაშებს. საჭიროა ბევრი ვარჯიში და მომავალში, ყველაფერი შესაძლებელია."

სხვა სტატიები