Belive

შენგელია ტრავმირებულია | ქართველი კალათბურთელი რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ევროლიგის მე-3 რაუნდის შეხვედრა თორნიკე შენგელიას "ცსკა"-მ "ზენიტის" წინააღმდეგ გამართა. მატჩი არმიელების დომინირებით მიმდინარეობდა და საბოლოო შედეგიც ლოგიკური იყო, "ცსკა"-მ მეტოქეს 10-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 77:67 სძლია. შეხვედრის MVP თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც ევროლიგის კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ლეგიონერმა, პარკეტზე გატარებულ 35:48 წუთში, საკუთარ გუნდს 33 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოუტანა. შენგელია შედეგიანობით უპირობო ლიდერი იყო, როგორც საკუთარ, ისე მეტოქის კალათბურთელებს შორისაც, რამაც მისთვის ზედიზედ მეორე MVP-ის ტიტულის მინიჭება განაპირობა. მატჩის შემდეგ შენგელიამ მხრის მიდამოში ტკივილი იგრძნო და ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, რაზეც რუსული კლუბი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:



"ზენიტთან გამართული მატჩის შემდეგ, ევროლიგის განვლილი ორი ტურის MVP თორნიკე შენგელიამ მხრის მიდამოში ტკივილი იგრძნო. შენგელია სამედიცინო შემოწმებას GMS-ის კლინიკაში გადის და მომდევნო შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება", - ვკითხულობთ "ცსკა"-ის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე. როგორც ცნობილია, თორნიკე შენგელიას ტრავმა განსაკუთრებულად მძიმე არაა, ის საკუთარ გუნდს რამდენიმე შეხვედრაში ვერ დაეხმარება. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას კვლავ ევროლიგის ეგიდით, დღეს, 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები