Belive

შენგელიას MVP და შერმადინის ორმაგი დუბლი - ორივე ქართველი თავის გუნდში საუკეთესო იყო

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
Ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის დასკვნით ფაზაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ორი ლიდერი დაუპირისპირდა და გამორჩეულად კარგი შედეგი აჩვენა. თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გიორგი შერმადინის "ტენერიფე" 79:72 დაამარცხა. სიმბოლურია, რომ ორივე გუნდის საუკეთესო მოთამაშეები სწორედ გამოცდილი ქართველები გახდნენ. შენგელიას მთლიანად შეხვედრის MVP-ს წოდება ერგო, დააგროვა რა 21 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა, ხოლო შერმადინმა 18 ქულითა და 11 მოხსნით შეხვედრის იმ ერთადერთი კალათბურთელის სტატუსი მოიპოვა, ვინც ორმაგი დუბლი გაიფორმა. გარდა ამისა, ბასკების ჩვენებურმა კაპიტანმა აარონ ვაითთან ერთად, პარკეტზე ყველაზე მეტი - 31 წუთი გაატარა, მარგი ქმედების კოეფიციენტით კი უმაღლეს - 34-ს უწია. "ვიტოროულმა კლუბმა ბოლო პერიოდში თავისი ძალა აჩვენა, რაც უმეტესწილად, შენგელიას დაცვასა და შეტევაში ბრწყინვალე მოქმედების დამსახურებაა", - წერს ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი. პამდემიით გამოწვეული პაუზის გამო, ACB ლიგაში ფორმატი შეიცვალა. შედეგად, 12 საუკეთესო გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა. შენგელია და ბასკები ორიდან ორი მოგებით A ჯგუფის სათავეში დგანან, ხოლო შერმადინის "ტენერიფეს" ორივე მარცხით ბოლოსწინა, მეხუთე პოზიცია უკავია.

სხვა სტატიები