შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი – შოთა არველაძე, თორნიკე შენგელიას ტრანსფერის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სახელოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. არველაძის მტკიცებით, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა.

“ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.

საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს”, – აღნიშნულია შოთა არველაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიას მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრებმაც გამოუცხადეს.

(1242)

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-