Belive

სკარიოლო: ,,აუცილებელი იყო, რომ მატჩის სტარტზე შენგელია მოედნიდან გამეყვანა''

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
,,მილანთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ,,ვირტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ, თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა. ქართველ ფორვარდს მძიმე სტარტი ჰქონდა (3-დან 3 გაფუჭებული სამქულიანი, 5-დან 5 გაფუჭებული საჯარიმო), თუმცა, მიუხედავად ამისა, შეხვედრის MVP-ი გახდა:
,,აუცილებელი იყო, რომ მატჩის სტარტზე თოკო მოედნიდან გამეყვანა, დამემშვიდებინა და მისთვის თავდაჯერებულობა დამებრუნებინა. თავიდან ცოტას ვღელავდი, თუმცა, აქ ასე ხდება, თუ კარიერაში რაღაც გაგიკეთებია და დაგიმტკიცებია, სავარაუდოდ, ამის კეთებას პარკეტზე ისევ გააგრძელებ, ეს ლოგიკურია, რაც შენგელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. კალათბურთელს შეუძლია, რომ ცუდად დაიწყოს და შემდეგ ყველაფერი გამოასწოროს,'' - სკარიოლოს სიტყვებს ,,ვირტუსის'' ვებგვერდი ციტირებს.
სკარიოლოზე ისაუბრა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ სპეციალისტის გადაწყვეტილებები ძალიან დაეხმარა:
..მოიგებ თუ წააგებ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ყოველთვის შემდეგია. საჯარიმო სროლებსა და სამქულიანებში ჩემი დღე არ იყო, მაგრამ მწვრთნელი დამეხმარა - მან გამახსენა, რომ საკუთარი თავის რწმენა ყოველთვის უნდა მქონდეს.''
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ,,ვირტუსმა'' ,,მილანს'' უმასპინძლა და 75:68 დაამარცხა. შედეგად, სკარიოლოს გუნდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მატჩის MVP-ი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 31 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი და 3 დაფარება მოაგროვა.

სხვა სტატიები