Belive

თავს ზევით ძალა არ არის - მადლობა ბიჭებს! (ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გულშემატკივარს სურს, ამის დასტური კი დღევანდელი საქართველო - ესტონეთის მატჩია. ალბათ ვერავინ ვერ დაგვაჯერებს რომ ესტონეთის ნაკრები თუნდაც ამ შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებზე მაღალი კლასის გუნდია. მაგრამ ესტონელებს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდათ რაც პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც აღნიშნა - გუნდურობა. "მათ ორივე შესარჩევი ეტაპი ერთი გუნდით ითამაშეს და შეთამაშების პრობლემა არ ჰქონდათ, სამ დღეში კი ახალი გუნდის მომზადება რთულია." - განაცხადა ზუროსმა და ეს არ არის საფუძველს მოკლებული ჩივილი, NBA-სა და ჩვენს შემთხვევაში ევროლიგის მოთამაშეებს ხშირად ჩაკეტილი აქვთ სანაკრებო მატჩებისკენ მიმავალი გზა, არადა ჩვენი ნაკრების ბირთვი საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს. თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, მეთ ჯენინგი, სანდრო მამუკელაშვილი, და ასევე გიორგი ბეჟანიშვილი რომელიც მართალია ავსტრიის მოქალაქეა მაგრამ დიდი იმედი გვაქვს რომ მომავალში საქართველოს ნაკრებს გააძლიერებს, ეს ის ძალაა რომლის მხრებზეც მომავალი წლები გადაივლის და გვწამს რომ ეს წლები ნათელი იქნება. ლუკა ბულაშვილი და ვილი ისიანი ეს ბიჭებიც არ უნდა დაგვავიწყდეს მათაც ექნებათ ნაკრებში მოხვედრის შანსი. აღსანიშნავია რატი ანდრონიკაშვილი რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს. გიორგი შერმადინი ბოლო 1 წელია რაც ნაკრების ძირითადი ცენტრი გახდა და დაგვანახა რომ საკლუბოს გარდა სანაკრებო მატჩებში შეუძლია ლიდერის ჭაპანი გასწიოს, მისი 22 ქულა და 15 მოხსნაც ამაზე მეტყველებს. დუდა სანაძეს რომ შეუძლია საკვანძო მომენტებში თავის გამოჩენა ამაზე ორი აზრი არ არსებობს, დღეს მის ანგარიშზე 21 ქულა და 4 ჩაჭრა იყო. თად მაკფადენი კი 20 ქულით 4 მოხსნით და 3 პასით გამოირჩა. ესტონელებისგან კი გვინდა ერთი მოთამაშე გამოვარჩიოთ - ეს 18 წლის ჰენრი დრელია, გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 18 წლამდელთა შორის მან საქართველოს ნაკრებს 33 ქულა ჩაუგდო, დღეს კი 14 ქულა მიითვალა და მისი სახით ესტონეთს საკმაოდ კარგი კალათბურთელი ეზრდება. ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, მოთამაშეებს, გულშემატკივრებსა და სამწვრთნელო შტაბს.: "ამითი ჩემი კონტრაქტი დასრულდა, ახლა დავსხდებით და ფედერაციის მესვეურებთან დავილაპარაკებთ სამომავლო გეგმებზე" - განაცხადა მან. ჩვენის მხრივ კი განვაცხადებთ რომ ილიასი აუცილებლად უნდა დარჩეს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, თაობათა ცვლის პროცესში ზუროსი აუცილებლად იქნება ის გასაღები, რომელიც ნათელი მომავლის კარს გააღებს. საუკეთესო სურვილებით ევრობასკეტ-2021-ის შესარჩევამდე ...

სხვა სტატიები