Belive

თორნიკე შენგელია: "ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო"

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
მოსკოვის "ცსკა"-დან "ვირტუსში" წასულმა თორნიკე შენგელიამ თქვა, რომ რუსულ გუნდში გადასვლა შეცდომა იყო. ბერძნულ გამოცემასთან საუბარში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა "ცსკა"-ში დაბრუნება გამორიცხა. "ომი რომ დაიწყო, ვიგრძენი, რომ საფრთხე ჩემს ოჯახსაც ემუქრებოდა. ომი მოსკოვში არ იყო, მაგრამ ასეთ დროს ყველაფერი ერთ წამში იცვლება. ამიტომ, პირველ რიგში ისინი გავუშვი, შემდეგ კი მეც მივიღე გადაწყვეტილება. რუსეთიდან წამოსვლა რთული გადასაწყვეტი არ ყოფილა. შეიძლება იმანაც იქონია გავლენა, რომ საქართველოდან ვარ. ვიღაც იტყვის, საერთოდ რატომ წავედი "ცსკა"-ში? გუნდმა 4-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, თუმცა "კი" არ ვთქვი მანამ, სანამ კონტრაქტში საქართველოს ნაკრებში ნებისმიერ დროს თამაშის უფლება არ მომეცა. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ასევე, "ცსკა" ევროპის ერთ-ერთი ტოპ კლუბია, ევროლიგის მოგების იდეა კი მიმზიდველი იყო და გადაწყვეტილებაც მივიღე. ახლა მივხვდი, რომ "ცსკა"-ში წასასვლელად ეს არ ყოფილა კარგი მიზეზი. მიუხედავად ამისა,  პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა, თანაგუნდელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. ამ ძალისხმევისთვის მათ მადლობას ვუხდი, მაგრამ რეალურად საკუთარ თავს არ ვგავდი, სხვა ადამიანი და მოთამაშე ვიყავი. ვცდილობდი, მაგრამ ემოციურად სხვაგან ვიყავი. დავბრუნდები თუ არა "ცსკა"-ში ოდესმე? არა, არ დავბრუნდები არც მაშინ, როდესაც ომი დასრულებული იქნება. შეუძლებელია გამიჯნო სპორტი და პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გვინდა ეს ჩვენ ცალკეულ სიტუაციებში. ეს ეხება არამარტო სპორტს, არამედ ყველა ორგანიზაციასა და ქვეყნების ერთიანობას, რომლებმაც ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. „ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცი, რომ სპორტულ ორგანიზაციებში ბევრი ადამიანი ომის მომხრე არ არის, მაგრამ ახლა, თუ მკითხავთ ვინ იტანჯება, გიპასუხებთ, რომ ეს არის ხალხი უკრაინაში და არა ვინმე სხვა," - ამბობს თორნიკე შენგელია.

სხვა სტატიები