U20 კალათბურთი, საქართველო მეოთხედფინალშია!

763
ნახვა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. პორტუგალიურ მატუსინოშში მიმდინარე ევროპირველობის B დივიზიონში მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი ესტონეთთან 67:78 წააგო, თუმცა მეოთხედფინალში მაინც გავიდა. ქართველებს გასული ოთხივე ტურის მატჩი მოგებული ჰქონდათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში რჩებოდნენ ჯგუფში, თუკი ესტონელებთან 20 ქულითა და მეტით წააგებდნენ. ჩვენი კალათბურთელები პირველი ნახევრის შემდეგ იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ესტონელთა შორ სროლებს ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ დასაშვები ზღვრის ფარგლებში – 11 ქულით წააგეს.

ესტონელები, რომ იტყვიან, ვა-ბანკზე წავიდნენ. როცა მესამე პერიოდში კვლავ მდევრის როლში იყვნენ, გარისკეს და შორ სროლებზე გადავიდნენ, რამაც ნაწილობრივ გაუმართლათ და 8 ქულით მოგებული მესამე პერიოდის შემდეგ 55:49 დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში თამაში თანაბრად გაგრძელდა. საქართველოს ნაკრები მეტ აქცენტს დაცვაზე აკეთებდა, თუმც ესტონელები იშვიათად შედიოდნენ საჯარიმოში და ძირითადად სამქულიანებზე იყვნენ გადართულები. მატჩის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე ესტონელებმა მორიგი სამქულიანი ჩააგდეს და 11 ქულით 70:59 დაწინაურდნენ, რასაც მილოშ გლიგორიევიჩის წუთშესვენება და თამაშის დამშვიდება, დალაგება მოჰყვა.

ესტონელები კი აფორიაქდნენ, ტაქტიკურ ჯარიმებს და შორ სროლებს მიჰყვეს ხელი, მაგრამ სასურველ ლიდერობას ვერ მიაღწიეს. 11 ქულით მოგებულ ბალტიისპირელებს მიზნამდე მთელი 9 ქულა დააკლდათ. საბოლოოდ, ჩვენს ჯგუფში სამმა გუნდმა – ჰოლანდიამ, საქართველომ და ესტონეთმა 4 მოგების წილ 1 მარცხი დააგროვა და ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით პირველ ადგილზე ჰოლანდია გავიდა, მეორეზე საქართველო, ხოლო მესამეზე – ესტონეთი. მეოთხედფინალში ჰოლანდია და საქართველო გავიდნენ და პლეი ოფის მეტოქეებს დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაიგებენ, როცა D ჯგუფის ბოლო შეხვედრა დასრულდება პორტუგალიასა და ბელგიას შორის. ეს გუნდები მეოთხედფინალში არიან, თუმცა გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილზე გავა და მეოთხედფინალში საქართველოს შეუწყვილდება, დამარცხებული კი ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

 

წყარო: GBF.GE

(763)

U20 კალათბურთი, საქართველო მეოთხედფინალშია!

სტატიის ავტორი
-