უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: “საქართველო შენგელიასთან და შერმადინთან ერთად სხვა გუნდია”

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, აინარს ბაგატსკისმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც იცით, 26 ნოემბერს უკრაინელები თბილისში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

“ახლა ჩვენი ფიქრები მხოლოდ საქართველოზეა, სადაც ადრე მიმუშავია. ისინი იტყვიან, რომ ვიღაც იქნება, ვიღაც – არა, მაგრამ მე ერთი სიტყვისაც არ მჯერა. თამაშის დაწყებამდე, როდესაც კალათბურთელებს დავინახავ, მაშინ ვიტყვი, რომ ეს მართლაც ასეა. თუ შენგელია და შერმადინი თამაშობენ, ეს საერთოდ სხვა გუნდია, ერთ-ერთი მათგანის გარეშეც კი სრულიად განსხვავებული.

ჩვენ ვცდილობთ, რომ ორივე ვარიანტისთვის იმდენად მოვემზადოთ, რამდენადაც ეს 4 ვარჯიშში იქნება შესაძლებელი. მწვრთნელები შუა სეზონში ხშირად ამბობენ, რომ დრო არ ჰყოფნით, მაგრამ ჩვენთან 4 ვარჯიში ჩატარდება.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, არ ვფიქრობ, რომ ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპისგან ის დიდად განსხვავდება. შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს და თითოეულ თამაშში საუკეთესოდ უნდა გაისარჯო,” – ამბობს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, აინარს ბაგატსკისი.

საქართველო-უკრაინის დაპირისპირება თბილისის სპორტის სასახლეში 26 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე გულშემატკივრის 30%-ის დასწრება იქნება დაშვებული.

(2616)

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: “საქართველო შენგელიასთან და შერმადინთან ერთად სხვა გუნდია”

სტატიის ავტორი
-