Belive

უკრაინის საკალათბურთო ნაკრებმა შესაძლოა 3 საშინაო მატჩი თბილისში ჩაატაროს

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
გერმანიის ქალაქ მიუნხენში ფიბა-ევროპის ბორდის სხდომა გაიმართა, სადაც EUROBASKET 2025-ის მასპინძლები დასახელდა. ფიბა-ევროპის ბორდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ლატვია, კვიპროსი, ფინეთი და უკრაინა EUROBASKET 2025-ს უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული ქმედებებისა და უკრაინაში შეჭრის ფონზე, უკრაინის ტერიტორიაზე ამ დროისათვის სპორტული ღონისძიების გამართვა შეუძლებელია - უკრაინის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს კი ივლისის თვეში პირველი ჯგუფური ეტაპის 3 საშინაო მატჩი აქვს ჩასატარებელი. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა FIBA-ს შესთავაზა, რომ მატჩები ე.წ "ბაბლის" პრინციპით თბილისში ჩატარდეს და უკრაინის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 3 საშინაო მატჩი თბილისში გამართოს.
"ფიბა-ს შევთავაზეთ, ივლისის ფანჯრის მატჩები თბილისში „ბაბლის“ პრინციპით ჩატარდეს. უკრაინელებს პირველი ჯგუფური ეტაპის სამი თამაში აქვთ ჩასატარებელი, საქართველოს ორი. უკრაინელებთან მოვილაპარაკებთ, ერთი კვირით ადრე ჩამოვიდნენ, შეკრებასაც მოვუწყობთ და როგორც წესია, ისე ვუმასპინძლებთ. მათ საქართველოში თავი ისე უნდა იგრძნონ, როგორც საკუთარ ქვეყანაში. ჩვენს გუნდთან თამაშს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენ ორ შეხვედრაში ახალ დარბაზში შეკრებილი მაყურებელი უკრაინას თავიდან ბოლომდე გულით უქომაგებს. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და საბოლოო პასუხს მაისში მივიღებთ".
წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები